ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 ქართველი სომალელი მეკობრეების ტყვეობაში რჩება


საქართველოს 17 მოქალაქე დღემდე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში რჩება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული ტანკერის „ოლიბ ჯის“ ეკიპაჟია. აჭარის მკვიდრი 15 ქართველი მეზღვაური, კიდევ სამ თურქთან ერთად, სომალელებმა შარშან, 8 სექტემბერს ადენის ყურეში დაატყვევეს.

მეშვიდე თვეა მოლაპარაკება უშედეგოდ მიმდინარეობს. მეკობრეები მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ, ტანკერის მეპატრონე ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ კი მხოლოდ 150 ათასი დოლარის გადახდის საშუალება ჰქონდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თებერვალში დათანხმდა გადაეხადა გამოსასყიდი თანხის ნაწილი, თუმცა მოლაპარაკებები გაჭიანურდა.

ბათუმში მდებარე საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორი სერგო დევაძე, რომლის შვილიც ტვეობაშია, ქართველი მეზღვაურების განთავისუფლების ახალ თარიღად მარტის ბოლოს ასახელებს

„ბოლოსკენ მიდის საქმე, რავიცი დაპირებული არიან და სადაცაა უნდა დამთავრდეს მოლაპარაკება და გამოუშვან. წესით, ამ თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს ყველაფერი. ოცი-ოცდახუთი დღეა არ მქონია ჩვენს ბიჭებთან კონტაქტი, ბოლოს რო დარეკეს მითხრეს, რომ უკეთ ვართო. ცოტა საჭმელი, სასმელი, სიგარეტი გვაქვსო.“

ტანკერი „ოლიბ ჯი“ მეშვიდე თვეა სომალის არაღიარებული სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროსთან დგას და მას ათამდე, კბილებამდე შეიარაღებული მეკობრე დარაჯობს.

მეკობრეებთან უშუალო კავშირი კომპანია „ფრიო ვენტურეს“ ბერძენ ადვოკატს სტელიოს კალოგერიანისს აქვს. თავად გემის ეკიპაჟს მეკობრეები ტელეფონის გამოყენების საშუალებას აღარ აძლევენ.

ბათუმელ ნათელა ვერძაძეს დატყვევებული გემიდან მეუღლე უკვე ერთი თვეა არ დაკავშირებია. 3 მარტს შალვა ვერძაძეს 62 წელი ტყვეობაში შეუსრულდა. ნათელა ვერძაძე ამბობს

„ერთი თვეა არა მარტო ჩემთან, არავისთან არ დაურეკიათ. ერთი თვის მანძილზე არავითარი კონტაქტი არ ყოფილა და არაფერი არ ვიცი მათ შესახებ. გაჭიანურდა ეს საქმე, დროში ძალიან გაიწელა. მთავრობაც გვპირდება რა თქმა უნდა, მაგრამ ამ თვის ბოლომდე თუ მოხერხდება ბიჭების განთავისუფლება ძალიან კარგი იქნება. გვეუბნებიან, რომ ყველანაირად დავეხმარებით ბიჭებს და ვეხმარებითო.“

უფრო დამაიმედებელი სიახლეა პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ „ჰანიბალ ორთან“ დაკავშირებით, რომელიც მეკობრეებმა შარშან 11 ნოემბერს დაატყვევეს. ტანკერის ეკიპაჟში 42 წლის ბათუმელი მეზღაური ოლეგ ნოდიაა.

ტანკერის გამოსყიდვა ჯერ ტუნისში ხელისუფლების ცვლილებამ შეაფერხა, შემდეგ კი იმ ფაქტმა, რომ მეკობრეები „ჰანიბალ ორს“ სხვა გემებზე თავდასასხმელად იყენებდნენ.

გასულ კვირას სომალელები გემის ტუნისელ მეპატრონეს ისევ დაუკავშირდნენ და გამოსასყიდის შესახებ მოლაპარაკება განახლდა. საკრუინგო კომპანია „ევროსტარ მარინეს“ დირექტორი ოლეგ ტომილოვი ამბობს, რომ ოლეგ ნოდია ძალიან მალე განთავისუფლდება.

„ქართველ მეზღვაური ნორმალურად არის, ბოლო დეტალური ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ერთი კვირის წინ გვითხრეს, რომ გემის გამოსყიდვის პროცესი მიდის, კომპანია მეკობრეებს შეუთანხმდა და ყველაფერი რიგზეა. სავარაუდო ერთ კვირაში, მაქსიმუმ ათ-თორმეტ დღეში ქართველი მეზღვაური განთავისუფლდება. მან დარეკა უკვე საქართველოში. დას დაურეკა“

კვალაც გაურკვეველია სიტუაცია 60 მილიონ დოლარად შეფასებული ბერძნული სუპერტანკერის „ირენ ეს ელის“ ირგვლივ, რომელიც 200 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობით არის სავსე.

თავიდან, მეკობრეებს სუპერტანკერი სომალის უკონტოლო ანკლავის მუდუქის საპორტო ქალაქ გარაკანში მიჰყავდათ, თუმცა შემდეგ გეგმები შეცვალეს და სუპერტანკერს სხვა გემებზე თავდასხმისთვის იყენებ.

ეკოლოგები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ არცერთ აღმოსავლეთ აფრიკულ ქვეყანას არ ჰყავს შესაბამისად მომზადებული სამსახურები და ამდენი ნავთობის დაღვრის შემთხვევაში მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალი იქნება.სუპერტანკერი მეკობრეებს 9 თებერვალს ჩაუვარდათ ხელში, მასზე 29 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი ჭკადუაც იმყოფება. დატყვევებულის მამა ოთარ ჭკადუა ამბობს

„გამოვიდა ხაზზე და მითხრა, რომ კარგად ვარო, ნუ ნერვიულობო ყველაფერი კარგად იქნებაო, კარგად გვექცევიანო, კარგს გვასმევენ, კარგს გვაჭმევენო, ცუდად არ გვექცევიანო. მითხრა, რომ ფული უნდათ მაგათ, ჩვენ არ ვჭირდებით, ფული უნდათ, მოლაპარაკება დაიწყოო, მისცემენ, ალბათ და გაგვიშვებენო.“

კვირას სომალელი მეკობრეების ერთმა ჯგუფმა განაცხადა, რომ დატყვევებული გემების გამოსასყიდის ფასს 20 პროცენტით ამცირებს, რათა გემთმფლობელებთან მოლაპარაკებები უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს.

დღეისათვის, მეკობრეებს 30 გემი და 659 მეზღვაური ჰყავთ დატყვევებული. 2010 წელს გამოსასყიდის სახით სომალელმა მეკობრეებმა დაახლოებით 238 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს, ექსპერტები ვარადუდობენ, რომ მიმდინარე წელს ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG