ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მთავრობა გამოსასყიდის გადახდას დათანხმდა ?


ტანკერი ოლიბ ჯი

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თხუთმეტი ქართველი მეზღვაური, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში არიან, თებერვლის ბოლომდე უნდა განთავისუფლდნენ.

ასეთია კონფიდენციალური მოლაპარაკებების შედეგი, ერთის მხრივ, საქართველოს მთავრობასა და მეორეს მხრივ, გემთმფლობელს, ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“ შორის.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომელიც ეგვიპტის ნავსადგურ ალექსანდრიიდან ინდოეთისკენ მიცურავდა, მეკობრეებმა ადენის ყურეში გასული წლის 8 სექტემბერს დაატყვევეს.

ბათუმში მდებარე სანაოსნო კომპანია „გრინვიჩის“ დირექტორი სერგო დევაძე, რომლის შვილიც ტყვეობაშია, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ დატყვევებულთა ოჯახის წევრებმა მთავრობისა და გემთფლობელისგან რეალური დაპირება მიიღეს.

„ჯერჯერობით, არაფერი არ შეცვლილა, მეზღვაურები როგორ მძიმედაც იყვნენ, ისე არიან, უკეთესობა გემზე არაფერი არ არის. ნუ შედარებით ცოტა უკეთესობა არის, მაგრამ მაინც დაძაბული მდგომარეობაა. გუშინ ამ ხალხის დატყვევებიდან მეხუთე თვე შესრულდა, დღეს მეექვსე თვე დაიწყო და ნერვები ღალატობს ხალხს. ისევ შიმშილი, ისევ წვალება.

ამასთან გემთმფლობელი დაგვპირდა, რომ ამ თვის ბოლომდე განთავისუფლდებიან ბიჭები. გამოსასყიდი თანხის ოდენობას ჩვენ არავინ გვეტყვის და ეს არც არის ახლა სალაპარაკო. დღეს ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ზუსტ ინფორმაციას გავიგებთ, როცა ბიჭები საქართველოში ჩამოვლენ.

კითხვა: ხომ არ იცით, მარტო ბერძნული მხარე იხდის გამოსასყიდს თუ ჩვენი მთავრობაც მონაწილეობს?

- ამაზე საუბარი არაა საჭირო.“

საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეში“ არ კეთდება არანაირი კომენტარი, თუ ვინ იხდის გამოსასყიდს და რამდენია გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა.

ბოლო ინფორმაციით, მეკობრეები მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდნენ, ხოლო გემთმფლობელი, „ფრიო ვენტურე“ მზად იყო მხოლოდ 150 ათასი დოლარი გადაეხადა. არაოფიციალური წყაროებიდან, ცნობილი ხდება, საქართველოს მთავრობა - 750 ათასი ამერიკული დოლარი გაიღებს.

გაერთიანებული პროფკავშირების თავჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ მთავრობას ეს ნაბიჯი აქამდე უნდა გადაედგა

„ისეთი ქვეყნები, როგორიც არის დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, უკრაინა და ამ ქვეყნების ხაზგასმას იმიტომ ვახდენ, რომ ჩვენზე ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები და საშუალებები აქვთ, როგორც შეიარაღებული ძალების მხრივ, ისე მათი დიპლომატიური კორპუსი თითქმის მთელ მსოფლიოშია განლაგებული. ამის მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს სომალელი მეკობრეებისგან თავიანთი მეზღვაურების დახსნა და იძულებულნი გახდნენ, რომ არ მიეტოვებინათ თავიანთი მოქალაქეები ასე ბედის ანაბარად და გადაიხადეს შესაბამისი გადასახდელი.

შეიძლება ამ ფაქტს ბევრი ქვეყნის მთავრობა ღიად არ აფიქსირებს. ნამდვილად არ გამოსულა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენ სომალელ მეკობრეებს 13 მილიონი გადავუხადეთო, მაგრამ ხელისუფლება იქ იყო ჩართული და ხელისუფლებამ მოიძია თანხა თავიანთი მეზღვაურების გამოსახსნელად.

ფაქტია, რომ სხვა გამოსავალი არ არის და მე მგონი, არც საქართველოს მთავრობას და ზოგადად, არც საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ ჩვენ სხვა გზით შევძლებთ ჩევნი მეზღვაურების დახსნას.“

15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური უკვე 155-ე დღეა ტყვეობაში არიან. 2010 წლის 8 სექტემბრიდან მოყოლებული, საკუთარ დაბადების დღეს, სომალის არაღიარებული ანკლავის - პუნტლენდის სანაპიროსთან, შუა ზღვაში, ჯაჭვებით დაბმული უკვე რვა ქართველი მეზღავური შეხვდა.

მათ შორის, ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნის მესამე თანაშემწე დავით დევაძე, რომელსაც 22 იანვარს 25 წელი შეუსრულდა და ყველაზე უხუცესი, გემის კაპიტანი მემედ ზაქარაძე. იგი 5 თებერვალს 63 წლის გახდა. გემზე 60 წელს გადაცილებული კიდევ სამი მეზღვაურია. ერთ-ერთი მათგანის შალვა ვერძაძის მეუღლე, ნათელა ვერძაძე ამბობს:

„სიახლე ის არის, რომ უფრო მეტი იმედი და დაპირებები გვაქვს რა თქმა უნდა მთავრობიდან, მაგრამ გემიდან კაპიტანმა დაგვირეკა და ისევ გვითხრა, რომ ძალიან ცუდად ვართ და მაქედან დაგვეხმარეთო. ზუსტად არ ვიცი რა ვიფიქრო, მთავრობაში კი გვეუბნებიან, რომ 10-12 დღეში ყველაფერი მოგვარდებაო.“

ჯერჯერობით, სრულიად გაურკვეველია, რა ბედის ელის ტუნისურ ტანკერ „ჰანიბალ ორზე“ მყოფ, კიდევ ერთ ქართველ მეზღვაურს, ბათუმელ ოლეგ ნოდიას. ის ტყვეობაში 2010 წლის 11 ნოემბრიდან იმყოფება.

გემის ეკიპაჟში ნოდიას გარდა, 23 ტუნისელი, ოთხი ფილიპინელი, თითო რუსი, ხორვატი და მაროკოელი მეზღვაურები არიან, თავიდან გემის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება წარმატებულად მიდიოდა, თუმცა იანვარში, ტუნისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მოლაპარაკება საერთოდ შეწყდა.

სომალელი მეკობრეები ტანკერ „ჰანიბალ ორს“ მის ეკიპაჟთან ერთად, სხვა გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ. სომალის ნაპირებიდან ასეული მილის მოშორებით, ინდოეთის ოკეანეში, მეკობრეებმა „ჰანიბალ ორით“ უკვე ათამდე თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის ერთი წარმატებული - იანვრის ბოლოს :ჰანიბალ ორმა“ ალჟირული გემი „ბილანი“ დაატყვევა.

XS
SM
MD
LG