ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა ქართველებს დარეკვის უფლება მისცეს


მეთხუთმეტე დღეა თხუთმეტი ქართველი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში რჩება. ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის ნავსადგურიდან ინდოეთისკენ, სუეცის არხის გავლით მიცურავდა, როცა გემს ადენის სრუტეში, მეკობრეები დაესხნენ თავს.

„ოლიბ ჯიზე“, რომელსაც ქართველი კაპიტან მემედ ზაქარაძე მართავდა, საქართველოს თხუთმეტი მოქალაქის გარდა, კიდევ, სამი თურქი მეზღვაურია. ორი დღის უკან მეკობრეებმა პირველად მისცეს ეკიპაჟის წევრებს სამშობლოში დარეკვის უფლება. ბათუმელმა ნათელა ვერძაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მის დატყვევებულ მეუღლეს, 61 წლის შალვა ვერძაძეს სასაუბროდ ორი წუთი ჰქონდა.

“ასე, საღამოს ხუთი საათისთვის დარეკა. მითხრა, რომ ყველას მოგვცეს უფლება რომ ორ-ორი წუთით ოჯახებს დაველაპარაკოთო. მხოლოდ ეს მითხრა, რომ არ ინერვიულოთ ყველანი კარგად ვართო, ალბათ, მალე გაგვიშვებენ და გავუდგებით გზასო.

ბევრი ვერ მელაპარაკა იმიტომ, რომ არ გვაძლევენ უფლებას, აი მეუბნებიან, გეყოთ, გეყოთ, საკმარისიაო. 19 აგვისტოს წავიდა და 8 სექტემბერს დააკავეს.“

სომალელ მეკობრეებსა და გემთფლობელს, ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურეს“ შორის მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს. ამის შესახებ, ბერძნული კომპანიის ათენის ოფისიდან გვაცნობეს. ცნობილია, რომ ტანკერზე თავდასხმა ორი ადგილობრივი კლანის, მაჯერტენისა და ვარაჰელის მეკობრეებმა განახორციელეს და ჯერჯერობით, გამოსასყიდის ოდენობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

მეკობრეებთან მოლაპარაკებებში ჩართულმა „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენელმა, კაპიტანმა კაზიმ ოზჩელიქმა „ამერიკის ხმას“ ელექტრონული ფოსტით მოგვწერა, რომ კომპანია ყველაფერს აკეთებს ეკიპაჟის დასახსნელად. ციტატა „ფრიო ვენტურეს“ წარმომადგენლის წერილიდან.

„მეკობრეებთან გარკვეული კონტაქტი დამყარდა, თუმცა არასრული. ამის მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით, გემის ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ გარწმუნებთ, რომ კომპანია ვალდებულია და ყველაფერს აკეთებს, ეკიპაჟის განსათავისუფლებლად.

ჩვენ უკვე დავუკავშირდით, სადაზღვევო კომპანიებს, რომ მოძებნილი იყოს ის თანხები, რომელსაც ითხოვენ. თუმცა, ამ ეტაპზე, შედეგი გარანტირებული ვერ იქნება. გადაეცით ეკიპაჟის წევრების ოჯახებს, რომ აღიჭურვონ მოთმინებით. ჩვენ გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ , რომ ეს სამწუხარო ისტორია მშვიდობიანად დასრულდეს.“

ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურე“ მუდმივ კავშირშია, ბათუმში მდებარე საკრუინგო კომპანია „გრინვიჩთან“, რომლის მეშვეობითაც მოეწყვნენ ქართველი მეზღვაურები გემზე. „გრინვიჩის“ დირექტორი სერგო დევაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეკიპაჟის გამოხსნას ერთი თვე მაინც დასჭირდება.

„დღევანდელი დღისთვის ინტენსიური მოლაპარაკება მიდის მეკობრეებთან, გემთმფლობელთან ერთად, ჩართულია საბერძნეთის ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანია. გუშინ მომწერეს ელექტრონული ფოსტით, რომ მოლაპარაკების დეტალები კონფიდენციალურია. გამოსასყიდის ოდენობაზე არავინ საუბრობს, გასაგებია, რომ თანხის ოდენობა არ ხმაურდება.

გვპირდებიან, რომ ერთი თვის თავზე ყველაფერი კარგად დამთავრდებაო. ყველა დატყვევებულის ჯანმრთელობა კარგია. ორი დღის უკან, ეკიპაჟის ყველა წევრი ელაპარაკა საკუთარ ოჯახს ტელეფონით, მეკობრეებმა ამის უფლება მისცეს. სხვა ყველაფერი ნორმალურად არის, საჭმელი, სასმელი აქვთ. ეკიპაჟს არავინ არაფერს უშავებს და ყველა ჯანმრთელია.“

მალტის დროშით მცურავი ტანკერი „ოლიბ ჯი“, რომლის სიგრძეც 112 მეტრია, ხოლო წყალწყვა 6046 ტონა, 22 წლის წინ აიგო. „ფრიო ვენტურესთან“ ერთად მასზე უფლებებს ლიბერიაში რეგისტრირებული კომპანია „ფრიო მარიტიმეც“ ფლობს.

ეს „ოლიბ ჯის“ ბოლო რეისი იყო, ქართულ-თურქულ ეკიპაჟს ტანკერი ტვირთის გარეშე, ჯართში ჩასაბარებლად მიჰყავდა ინდოეთში. ამ ინფორმაციას „გრინვიჩის“ მეპატრონე სერგო დევაძეც ადასტურებს

„ეს გემი ტვირთის გარეშე იყო და ინდოეთში მიყჰავდათ ჯართში ჩასაბარებლად“

დღეისათვის, „ოლიბ ჯი“, სომალის ორი არაღაირებული ანკლავის სომალილენდსა და პუტლენდს შორის, მდებარე სადავო ტერიტორიის - საანაგის სანაპიროსთან ახლოს დგას.

თავდაპირველად გარცელდა ინფორმაცია, რომ მეკობრეებმა ქართველები თითქოს ქალაქ ელაიოს მიმდებარე ტერიტორაზე ხმელეთზე გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ქართულ-თურქული ეკიპაჟი ისევ გემზეა და საკუთარი მომავლის გარკვევას ელოდება.

XS
SM
MD
LG