ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა ორი ქართველი მეზღვაური გაანთავისუფლეს


Iren SL და გიორგი ჭკადუა უკვე სამხრეთ აფრიკაში არიან

თხუთმეტი ქართველი მეზღვაური, სამ თურქთან ერთად, კვლავ სომელელი მეკობრეების ტყვეობაში რჩებიან. მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული გემის „ოლიბ ჯის“ ეკიპაჟის დატყვევებიდან, უკვე მერვე თვე გადის, თუმცა გემთმფლობელსა და მეკობრეების მოლაპარაკებები დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

ეგვიპტეს ალექსანდრიის ნავსადგურიდან ინდოეთისკენ მიმავალი „ოლიბ ჯი“, რომელსაც ბათუმელი კაპიტანი მემედ ზაქარაძე მართავდა, მეკობრეებმა ადენის ყურეში 8 სექტემბერს დააკავეს.

გამოსასყიდის სახით სომალელები მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ. საქართველოს ხელისუფლება მერვე თვეა ამტკიცებს, რომ გემთმფლობელთან - ბერძნულ კომპანია „ფრიო ვენტურესთან“ ერთად აქტიურად არის ჩაბმული მოლაპარაკების პროცესში, თუმცა როდის გათავისუფლდებიან საქართველოს მოქალაქეები ამაზე კონკრეტული პასუხი მთავრობას არ აქვს. სომალიში დატყვევებული მეზღვაურის მეუღლე ნათელა ვერძაძე ამბობს

„რვა თვე გადის უკვე და ეს ჩვენი მთავრობა სულ გვპირდება. კვირაში ორჯერ მივდივართ აჭარის მთავრობაში, ახალი ამბის გასაგებად და სულ გვეუბნებიან - მოლაპარაკებები მიდის, მოლაპარაკებები მიდისო, როგორ ფიქრობთ, რვა თვის განმავლობაში არ შეიძლებოდა ამ საქმის მოგვარება?!

ბიჭებს გემიდან სამი კვირაა უკვე არ დაურეკიათ. ბატონი ლევან ვარშალომიძე ადრე დაგვპირდა, რომ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შევხდეთ და სიახლეებს გაცნობებთ, სულ მივდივართ ასე წინ და უკან, მშობლები, შვილები, მეუღლეები ყველანი ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ იქედან მხოლოდ ერთი პასუხია - მიდის მოლაპარაკება. რვა თვე გავა უკვე და არ შეიძლება ამ ბიჭების დახსნა?!

იქ არის გაუსაძლისი სიტუაცია, ძალიან დაძაბული, გემზე ეკიპაჟის 18 წევრია, თან სომალელებიც და როგორ ფიქრობთ, რა ისეთი საკვები ექნებათ მათ რომ ტყვეებსაც აჭამონ და თავადაც ჭამონ?! მეუღლეს სამი კვირის უკან ვესაუბრე, მითხრა რომ ძალიან დაძაბული სიტუციაა, ცუდად არის საქმე, მაგრამ რა ვქნათ, რა ვქნათო?! რამდენსაც გავძლებთ ვნახავთო.“

საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, მეკობრეებთან მოლაპარაკება უკვე წარმატებით დაასრულა საბერძნეთის მთავრობამ. წელს, 9 თებერვალს, დატყვევებული 60 მილიონ დოლარად შეფასებული ბერძნული სუპერტანკერი „ირენ ეს ელი“ უკვე თავისუფალია.

კუვეიტიდან ამერიკაში მიმავალი სუპერტანკერი 200 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობით იყო სავსე და მისი ეკიპაჟი 25 მეზღვაურისგან შედგებოდა. მათ შორის იყო, 29 წლის ქართველი მეზღვაური, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი გიორგი ჭკადუა.

საბერძნეთის მთავრობას ჯერჯერობით, არ გაუკეთებია განცხადება, თუ რამდენი მილიონი დოლარი მიიღეს მეკობრეებმა. „ირენ ეს ელი“ უკვე შევიდა სამხრეთ აფრიკის ნავსადგურ დურბანში. გიორგი ჭკადუას მამა ოთარ ჭკადუა ამბობს:

„ძალიან კარგად ვიყავი, ეხლაც ძალიან კარგად ვარ და პრობლემა არაფერი მაქვსო. ტელეფონზე მამისთვის რაც შეიძლებოდა რომ ეთქვა, ეს მითხრა რა. გზაშია, ჯერ აფრიკაში უნდა შევიდნენ და იქედან დამირეკავს როდის ჩამოვა. პორტში დაკითხვები ექნებათ და მერე იქედან როდის გამოუშვებენ ზუსტად არ ვიცი.“

ცოტა უფრო ადრე, სომალელ მეკობრეებთან მოილაპარაკა ტუნისის მთავრობამაც და გაათავისუფლა ტანკერი „ჰანიბალ-2“. ამ გემზე - 24 ტუნისელი, სამი ფილიპინელი, ერთი რუსი და ერთიც ქართველი მეზღვაური, ბათუმელი ოლეგ ნოდია იმყოფებოდნენ.

გემთმფლობელმა ტუნისურმა კომპანია Gabes Marine Tankers Sarl-მა განაცხადა, რომ გადაიხადა გამოსასყიდი, თუმცა კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანამხმად, „ჰანიბალ-2“-ზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ზეთი გადაჰქონდა. საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დროებითი ხელმძღვანელი სულიკო სურმანიძე ამბობს

„ეს გემი იყო დაკავებული 2010 წლის 10 ნოემბერს. ეს არის ქიმიური ტანკერი. იმის შემდეგ, გემთმფლობელმა აწარმოა მოლაპრაკებები მეკობრეებთან. ევროკავშირის მეკობრეობის წინააღმდეგ მოქმედი ოპერაციის ატლანტისის შტაბის თანახმად ტანკერი გაათავისუფლეს.“

კომპანია Geopolicity გამოკვლევის მიხედვით, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, 2011 წლის პირველ კვარტალში, სომალელმა მეკობრეებმა გემებზე თავდასხმების რეკორდი მოხსნეს - პირველ სამ თვეში, მსოფლიოში განხორციელებული 147 თავდასხმიდან, 97 - თავდასხმა სომალელებზე მოდის.

2005 წლიდან მოყოლებული, როცა მეკობრეებმა 275 თავდასხმა განახორციელეს, 2010 წელს ეს რიცხვი უკვე გაორმაგებულია და წელიწადში 445 თავდასხმას მიაღწია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს ეს ციფრი 500-ს გადააჭარბებს.

Geopolicity შეფასებით, მეკობრეობის გამო, მსოფლიო ეკონომიკა და ვაჭრობა ყოველწლიურად 8 მილიარდ დოლარს კარგავს და უკვე 2015 წლისთვის ზარალი - 15 მილიარდს მიაღწევს. მსოფლიო თანამეგობრობამ ჯერჯერობით, ვერ შეიმუშავა ეფექტური ზომა სომალელი მეკობრეების წინააღდეგ, რომელთა მოქმედების არეალმა უკვე ექვსი მილიონი კვადრატული კილომეტრის საზღვაო ტერიტორია მოიცვა.

XS
SM
MD
LG