ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი წელი სომალელი მეკობრეების ტყვეობაში


თურქეთის პრემიერმა სომალიში ვიზიტისას მეზღვაურების განთავისუფლება მოითხოვა

ხვალ, ზუსტად ერთი წელი შესრულდება, რაც სომალელმა მეკობრეებმა 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური გამოსასყიდის მიღების მიზნით დაატყვევეს და უკვე 364-ე დღეა არაადამიანურ პირობებში ჰყავთ.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ბერძნული ტანკერი „ოლიბ ჯი“ მეკობრეებს 2010 წლის 8 სექტემბერს ადენის ყურეში ჩაუვარდათ ხელში. მას შემდეგ, გემი, სომალის არაღიარებული სეპარატისტული ანკლავის პუნტლენდის სანაპიროსთან, ღია ზღვაში დგას.

„ოლიბ ჯის“ დატყვევებიდან ერთი წლის თავზე, უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ მეზღვაურების ბედი მთლიანად თურქული დიპლომატიის ხელშია.

ერთ-ერთი დატყვევებული თურქი მეზღვაურის ფუად ოზჩელიკის დის, ბენუ ოზჩელიკის ცნობით, თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაი ერდოღანმა, მოგადიშოში თავისი ისტორიული ვიზიტის დროს, პირადად სთხოვა სომალის პრეზიდენტ ახმედ შეიხ შარიფს მეზღვაურების განთავისუფლებაში დახმარება.

ბენუ ოზჩელიკმა სოციალურ ქსელების მეშვეობით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა

„ჩვენ არა ოფიციალური, მაგრამ სანდო წყაროებიდან, დადებითი ძვრების შესახებ გავიგეთ. თურქეთის პრემიერმა სომალის პრეზიდენტს გადასცა იმ სამი თურქის შესახებ თხოვნა, რომ მოხერხდეს ამ ადამიანების სამშობლოში სწრაფად დაბრუნება.

ეს კარგი ინფორმაციაა, თუმცა ეს ძალიან მძიმე საქმეა. სომალიში წარმოუდგენელი ქაოსია. ძალიან ცოტას შეუძლია იქ სიტუაციაზე ზეგავლენა, ამიტომ პირველივე შეხვედრაზე ამ საკითხის დიპლომატიურად მოგვარება ვერ მოხერხდა.

სურვილის შემთხვევაში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი თურქეთსა და სომალის შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება.“

თურქეთის პრემიერი ერდოღანი სომალიში ერთდღიანი ვიზიტით 18 აგვისტოს ჩაფრინდა, რათა აფრიკის ამ ქვეყანაში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე კაცობრიობის ყურადღება მიეპყო.

ერდოღანს სომალიში ვიცე-პრემიერი, ხუთი მინისტრი, თურქეთის კულტურის მოღვაწეები, მეუღლე და ქალიშვილი ახლდნენ. ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ დონის ლიდერი სამოქალაქო ომში გახვეულ სომალიში ჩავიდა.

თურქეთის პრემიერმა ლტოლვილთა ბანაკების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ნანახით შეძრულია და სტამბულში დაბრუნებისთანავე სომალის 200 მილიონი დოლარი გამოუყო.

ამავე დროს, სომალის დასახმარებლად, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე უზარმაზარი მაშტაბების უპრეცედენტო საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს.

ერდოღანის ვიზიტს წინ უსწრებდა სომალის „პრეზიდენტის“ ახმედ შეიხ შარიფის ვიზიტი სტამბოლში. თურქული წყაროების ცნობით, ორივე შეხვედრაზე შეეხნენ დატყვევებული მეზღვაურების თემასაც.

ამჟამად კი სომალიში იმყოფება თურქეთის უძველესი რესპუბლიკურ სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ. დატყვევებული მეზღვაურის იაკუბ ოზთურქის მეუღლე ფიზუნ ოზთურქი ამბობს

„29 აპრილის მერე აღარ დაურეკია გემიდან. არ ვიცი რა მდგომარეობაშია, როგორ არის, ადრე ტელეფონში ძალიან ცუდ რაღაცეებს მიყვებოდა.

ვიცი, რომ მეკობრეებმა ვაჭრობა 15 მილიონიდან დაიწყეს და მილიონამდე ჩამოვიდნენ. სხვა ახალი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ყოველთვის ერთი და იგივეს მეუბნებიან, რომ არანაირი სიახლე არ არის. სომალიში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ მივმართეთ საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ ერდოღანს, მათი დახმარების იმედი მაქვს.“

აგვისტოს ბოლოს, გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ სომალი ოფიციალურად გამოაცხადა შიმშილობის ზონად, რაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

არნახული გვალვის გამო უკვე დაიღუა 30 ათასზე მეტი ადამიანი და თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, მომავალი ოთხი თვის მანძილზე, კიდევ 750 ათასი სომალელი შეიძლება შიმშილით მოკვდეს.

ამ ფონზე თურქეთის უპრეცედენტო დიპლომატიური აქტიურობა, სომალურ კლანებში პოზიტიურად აღიქმება, რამაც შეიძლება მეზღვაურთა გათავისუფლება დააჩქაროს.

თუმცა, ასეთი გარანტიების გაცემა არავის შეუძლია, არც თავად ახმედ შეიხ შარიფს, რომელიც „სომალის პრეზიდენტის“ ტიტულს ატარებს, თუმცა რეალურად ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოსაც ვერ აკონტროლებს.

თურქეთის აქტიურობის იმედზეღა არიან დატყვევებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები. ნათელა ვერძაძემ „ამერიკის ხმას“ კერძოდ უთხრა

„23 აგვისტოს ბათუმში ყინულის სახლის გახსნაზე მე თვითონ პრეზიდენტ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელშიც ვითხოვდით მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარებას. პირადად გადავეცი წერილი ხელში. შედეგი? არავითარი პასუხი! არაფერი, აბსოლუტურად.

თურქების იმედი გვაქვს, იქნებ იმათმა მოახერხონ რამე, თორემ ამათი იმედი გადაწურული გვაქვს. გავიგე რომ თურქეთის პრემიერი ჩასულა მეზღვაურების დასახსნელად და მათი იმედი გვაქვს, ჩვენ ქართველი მეზღვაურების ოჯახებს.“

თურქული პრესის ბოლო ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ორი კვირის წინ ლონდონში. დატყვევებული ტანკერის „ოლიბ ჯის“ მეპატრონე, კომპანია „ფრიო ვენტურეს“ მფლობელი ალექს ვენტურე და კომპანიის ადვოკატი სტელიოს კალოგერიანისი, ბერძენი და თურქი დიპლომატების თანდასწრებით მეკობრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობა, რომელიც ამტკიცებს რომ ყველაფერს აკეთებს საქართველოს თხუთმეტი მოქალაქის გასათავისუფლებად, სინამდვილეში, როგორც ჩანს, მხოლოდ „დამკვირვებლის სტატუსით“ შემოიფარგლება.

XS
SM
MD
LG