ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არ უჭერენ მხარს. ქვეყნის თვით-გამოცხადებულმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოსკოვი და პეკინი ვენესუელაში მხოლოდ საკუთარ ბიზნეს ინტერესებს იცავენ.
დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა, მათ შორის, საქართველოც, გუაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარებს. რუსეთმა და ჩინეთმა კი მხარდაჭერა მადუროს გამოუცხადეს.
“ისინი (მადუროს მთავრობა) იზოლირებული არიან. მათ არ შუძლიათ გადაჭრან პრობლემა, რომელიც თვითონ შექმნეს. მათ არ ჰყავთ საერთაშორისო მოკავშირეები. სიმართლე არ არის ის, რომ რუსეთი და ჩინეთი მას მხარს უჭერენ. ეს დიდი ტყუილია. მათ (მადუროს მთავრობას) გვერდით არავინ უდგას. რუსეთი და ჩინეთი მკაფიოდ გამოხატავენ იმას, თუ რა ინტერესები აქვთ. ეს მისაღებია და მე ძალიან კარგად მესმის. მათ, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანამ, ისიც უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი, რაც ქვეყნის მოსახლეობას უნდა იცავდეს, კანონის უზენაესობაა,” განაცხადა გუაიდომ.
ვენესუელამ ჩინეთისგან ბოლო 10 წლის განმავლობაში 50 მილიარდი დოლარი მიიღო “ნავთობი სესხის სანაცვლოდ” პროგრამის ფარგლებში. რუსეთსაც მილიარდობით დოლარის ოდენობის კონტრაქტები აქვს გაფორმებული ვენესუელურ ნავთობ-კომპანიებთან.
მადურო აცხადებს, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული გადატრიალების მცდელობის მსხვერპლია.
შეერთებული შტატები ვენესუელაზე ზეწოლას ზრდის. ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონმა მადუროს უშიშროების სამსახურის რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
Facebook Forum