ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წელი ნიუ იორკში


მიუხედავად ძლიერი ყინვებისა საახალწლოდ ნიუ იორკში და განსაკუთრებით მანჰეტენის ცენტრალურ უბნებში ხალხმრავლობაა. ქუჩები, განსაკუთრებით საღამოობით იმდენად არის გადაჭედილი, რომ არა მარტო მანქანებს, არამედ ფეხით მოსიარულეთაც კი უჭირთ გადაადგილება. ამ მხრივ აღსანიშნავია როკფელერ ცენტრი, რომლის ცენტრალურ მოედანსაც ეგრეთ წოდებული ნორვეგიული ნაძვის ხე ამშვენებს. წელს ნაძვის ხის ანთების ცერემონია 2 დეკემბერს გაიმართა და ეს განათება 7 იანვრამდე გასტანს. ნაძვის ხის ილუმინაციაზე გამოყენებულია დაახლოებით 30.000 ნათურა, ხოლო მის კენწეროს კი გერმანელი დიზაინერის მიქაელ ჰამერის მიერ დამზადებული 3 მეტრის დიამეტრის, 250 კილოგრამიანი სვაროვსკის ვარსკვლავი ამშვენებს.

ასევე საინტერესოა მეტროპოლიტენ მუზეუმში აღმართული 6 მეტრის სიმაღლის ეგრეთ წოდებული ცისფერი ნაძვის ხე. ეს ნაძვის ხე მე-18 საუკუნის ესპანური ვალიადოლიდის კათედრალური ტაძრის საკურთხევლის კარიბჭის წინ დგას და გაფორმებულია ამავე საუკუნის ნეაპოლიტანური ანგელოზებით, ხოლო მის წინ კი ქრისტეშობის ბიბლიური მომენტებია გამოსახული. დაწყებული 1 დეკემბრიდან ყოველ პარასკევსა და შაბათს საღამოს 7 საათზე ეწყობა არაჩვეულებრივი განათების ცერემონია, რომელსაც საშობაო მუსიკა გასდევს ფონად.

შეუძლებელია არ ვახსენოთ მინის განათებული სფეროს დაშვება თაიმს სკვერზე ახალი წლის ღამეს. სფერო ეშვება დაახლოებით 23 მეტრის სიმაღლიდან ერთი წუთის განმავლობაში და საბოლოო წერტილს აღწევს ზუსტად ღამის 12 საათზე. ამ დროის ათვლას კი თაიმს სკვერის „ტოშიბას“ ბილბოარდი აწარმოებს. ეს ცერემონია ყოველ წელს დაახლოებით 1 მილიონ მნახველს იზიდავს, მიუხედავათ საახალწლოდ საკმაოდ ცივი ამინდებისა. ამ დროისათვის ნიუ იორკის ტემპერატურა საშუალოდ ნოლ გრადუსს აღწევს ხოლმე.

ეს რაც შეეხება ტრადიციულ ახალ წელს, რომელსაც ჩვენც ვზეიმობთ, თუმცა ნიუ იორკში მხოლოდ ამას არ აღნიშნავენ. ტრადიციული ქრისტიანებისათვის ეს საშობაო არდადეგებია, ებრაელთათვის ხანუქის დღესასწაული, რომელიც შუქების ფესტივალის სახითაა ცნობილი და რომლის დროსაც ებრაელები მენორაზე, ანუ ებრაულ შანდალზე თითო სანთელს ანთებენ 8 დღის განმავლობაში. მრავალი შავკანიანი, ანუ აფრიკელი ამერიკელი ამ დროს კვანზას აღნიშნავს, რომელიც აგრეთვე კინარას, ანუ აფრიკულ შანდალს ანთებს. თუმცა ეს დღესასწაულიც რა თქმა უნდა საჩუქრების გადაცემითა და დროსტარებით სრულდება.

ყოველივე ამ მრავალფეროვნების ფონზე შევეცადეთ გავსაუბრებოდით ნიუ იორკის რომელიმე სტუმარს, რაც ნამდვილად არ იყო იოლი საქმე. ანა, რომელიც ნიუ ირკში ცხოვრობს ჰოლანდიიდანაა და დიდსულოვნად დაგვთანხმდა ორი სიტყვით გაეზიარებინა თავისი შთაბეჭდილებები ნიუ იორკში საახალწლო ატმოსფეროზე.

ანას თქმით ნიუ იორკი მომხიბლავია მისი საზეიმო ატმოსფეროსა და განწყობილების გამო და რადგანაც იგი შობასა და ახალ წელს ზეიმობს ანა აგრეთვე აღნიშნავს ქალაქის განათებასა და დეკორაციების სიმრავლეს.

თუმცა მრავალი ნიუ იორკელისათვის, ისევე როგორც ალბათ ამერიკელთა უმეტესობისათვის ახალი წელი მაინც საშინაო დღესასწაულად ითვლება. ამის დასტურად კი ამ ქალბატონის სიტყვებიც გამოდგება.

მას დაპატიჟებული ჰყავს მეგობრები სახლში, საახალწლო სადილზე და აპირებს მათ შამპანურით გამასპინძლებას.




XS
SM
MD
LG