ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან წაღება მომავალში გამორიცხული არ არის


ვენესუელის კონგრესის პრეზიდენტი და თვითგამოცხადებული დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო

ვენესუელას - ქვეყანას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს - დღეს ორი პრეზიდენტი ჰყავს - ნიკოლას მადურო და ხუან გუაიდო. გუაიდომ, რომელიც ვენესუელის კონგრესის პრეზიდენტია, საკუთარი თავი პრეზიდენტად მადუროს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ გამოაცხადა.

მადუროს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი 2013 წელს ჰუგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ გახდა დღეს, სულ ცოტა, 56-ზე მეტი ქვეყანა პრეზიდენტად არ აღიარებს და გუაიდოსთან დროებითი პრეზიდენტის ამპლუაში ურთიერთობს. ამ ქვეყნებს შორისაა დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, შეერთებული შტატები და საქართველო. რუსეთი და თურქეთი მადუროს მხარს უჭერენ და ქვეყნის სათავეში მის დატოვებას ცდილობენ.

როგორია ანკარისა და მოსკოვის პოზიცია კარაკასის მიმართ და რატომ, და რა იმედები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. ამ თემებზე ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის რუსეთის მკვლევარ ანა ბორჩევსკაიას ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ანა ბორჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი
ანა ბორჩევსკაია, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი

ანა, მადლობა ინტერვიუსთვის დრო რომ გამონახეთ. როგორია რუსეთის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით და რას ეფუძნება მათი ურთიერთობა?

აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისა და ვენესუელის ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. ეს არის ორ ავტორიტარულ ქვეყანას შორის სიმბიოზური ურთიერთობა იქნება ეს იარაღით ვაჭრობა, ნავთობი თუ ოქრო. ვენესუელური ოქრო ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ მნიშვნელოვან საკითხად წამოიჭრა. მეორე საკითხი ისაა, რომ ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, რუსეთი სამხრეთ ამერიკაშიც ცდილობს მნიშვნელოვანი როლის თამაშს, რაზეც ყურადღება აქამდე დიდად არ მახვილდებოდა. კიდევ ერთი საკითხი, პუტინის დამოკიდებულებაა ავტორიტარული რეჟიმების მიმართ. მას მიაჩნია, რომ ყველგან სადაც ხალხს ავტორიტარული მმართველობის დამთავრება სურს, პროცესებში ამერიკაა ჩართული. ბოლო საინტერესო თემად კი კრიპტო-ვალუტას გამოვყოფდი. რუსეთსა და ვენესუელას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება.

რა ინტერესი აქვს რუსეთს, ვენესუელაში დიქტატურის თუ დიქტატორის შენარჩუნებაში?

ისინი ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარებიან და ამასთან წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთის ჰეგემონიას. რუსეთის მთავრობის ტრადიციული ინტერესია ახლო ურთიერთობის შენარჩუნება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც იარაღითა და ნავთობით ვაჭრობს.

შეიცავს თუ არა საფრთხეს რუსეთის ვენესუელასთან ახლო ურთიერთობა ამერიკისთვის?

ნამდვილად ღირს ამ დინამიკას ყურადღებით ვადევნოთ თვალი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დეკემბერში რუსეთმა ვენესუელაში ბირთვული საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა. საინტერესო იყო ამ ნაბიჯის კონტექსტი - რუსეთმა ეს მაშინ გააკეთა, როცა ამერიკამ რუსეთი გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღის ხელშეკრულებას დატოვებდა, რადგან რუსეთი მის პირობებს წლების განმავლობაში არღვევდა. მაშინ პუტინმა განცხადებაც კი გააკეთა, რომ ამერიკას დაემუქრა, რომ რუსეთი იძულებული გახდებოდა ანგარიშსწორებაზე წასულიყო.

რამდენად სანდოა რუსეთის მუქარა, რომ ვენესუელაში რაიმე სახის იარაღი განალაგოს?

ვფიქრობ, კრემლი თითქმის ყოველთვის ინფორმაციას გაზვიადების გარკვეული დოზით ავრცელებს. თუ გახსოვთ, პუტინის განცხადება ერთი წლის წინ [როცა მან ახალი იარაღის დემონსტრირება გააკეთა] მაშინ ის უფრო მეტად იმუქრებოდა. მისი მუქარის გამო ისტერია საჭირო არ არის, მაგრამ მას თვალი ყურადღებით უნდა ვადევნოთ.

ვენესულაში მოვლენების დაძაბვასთან ერთად, საინტერესო იყო თურქეთის მოქმედებებზე დაკვირვება. რა არის თურქეთის პოზიცია ვენესუელასთან დაკავშირებით?

თურქეთს ვენესუელასთან ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვს. ისინი მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ 2016 წელს თურქეთში ჩაშლილი გადატრიალების მცდელობის შემდეგ. მათ ისეთი ისტორიული ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, როგორიც მაგალითად რუსეთს და ვენესუელას. ბოლო პერიოდში ისინი უჩვეულოდ დაახლოვდნენ. ერდოღანი კარაკასში ისტორიული ვიზიტითაც კი ჩავიდა. მადუროს მთავრობის წარმომადგენლები კი შარშან ანკარაში, თუ არ ვცდები, 4ჯერ იყვნენ ჩასული. ამ ურთიერთობაში ყველაზე შემაშფოთებელი ვენესუელის ოქროა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენესუელის ოქრო, ირანში თურქეთის გავლით ჩადის. ამით კი მათ წინააღმდეგ არსებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება. ეს კი იმაზე საგანგაშოა, ვიდრე რუსეთის ურთიერთობა ვენესუელასთან.

ხომ არ ცდილობს ერდოღანი თურქეთისთვის რაიმე განსხვავებული როლის მონახვას სამხრეთ ამერიკაში? ვენესუელა შესაძლოა ამის საუკეთესო შესაძლებლობას იძლეოდეს?

ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, თურქეთი შესაძლოა მედიატორის როლის შესრულებას ცდილობდეს. განსაკუთრებით იმ ურთიერთობის ფონზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ბოლო დროს ჩამოუყალიბდა.

სად ხედავთ თურქეთს რუსეთთან მიმართებაში, როცა საქმე ვენესუელას ეხება? რამდენად დამოუკიდებელია ანკარა კარაკასთან ურთიერთობაში - იქნება ეს მედიაცია, როგორც თქვენ ახსენეთ თუ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება - თუ ერდოღანი პუტინისთვის მხარის აბმას ცდილობს?

ეს კარგი შეკითხვაა, მაგრამ მასზე პასუხი ბუნდოვანია პუტინ-ერდოღანის ურთიერთობის კომპლექსურობიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, თურქეთი დამოუკიდებლად მოქმედებს, განსაკუთრებით ოქროთი ვაჭრობის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ. ამასთან, თუ ერდოღანი ამერიკისთვის მედიატორის როლის შესრულებას ნამდვილად ცდილობს, ეს პუტინს სავარაუდოდ ხელს შეუშლის. დღემდე საქმე ისე გამოიყურება, რომ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა ვენესუელასთან ერთმანეთის პარალელურად ვითარდება.

როგორც იცით, ჰუგო ჩავესმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - რუსეთის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. არსებობს, თუ არა იმის ალბათობა, რომ ვენესუელამ მათი აღიარება უკან წაიღოს იმ შემთხვევაში, თუ მადუროს მმართველობა დამთავრდა და პრეზიდენტი ხუან გუაიდო გახდა?

ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. ერთი ისაა გასათვალისწინებელი, თუ რამდენად დიდი პრიორიტეტი იქნება ეს ვენესუელის ახალი მთავრობისთვის, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა. გუაიდო, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ღირებულებების მქონე ლიდერია და აღიარების უკან წაღება მართლაც მოსალოდნელია. მაგრამ პუტინს ეს, რა თქმა უნდა, არ სურს.

გუაიდო რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს და ეს დღემდე მკაფიოდ ჩანს. შესაძლებელია რუსეთმა ვენესუელა დაკარგოს?

ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. რუსეთი ხელწერას არ იცვლის და ერთი და იგივე მეთოდებით ხელმძღვანელობს. გუაიდოს ვენესუელაში დემოკრატიული მმართველობის დამყარება სურს. პუტინს ეს არ უნდა და ის იგივე სცენარს იმეორებს, რაც ვნახეთ უკრაინაში, საქართველოში. ის ამერიკას დემონსტრაციების ორგანიზებაში ადანაშაულებს.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც დასავლურ დემოკრატიულ პრინციპებს იცავს. ამასთან, საქართველომ ეს ნაბიჯი საჯაროდ გადადგა და ეს არ იყო დამალული ქმედება. როცა ასეთ საკითხზე ვსაუბრობთ, იმ პრინციპების საჯაროდ დაცვა, რომლებისაც გჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG