ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს საელჩო: TBC ბანკის საქმეს ფართო გავლენა ექნება საინვესტიციო კლიმატზე საქართველოში


„ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, ის, თუ როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, ამას შეიძლება ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა და ფართო გავლენა ზოგადად, საინვესტიციო და ბიზნესს კლიმატზე საქართველოში“ - ასე გამოეხმაურა დღეს, თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ელიზაბედ რუდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის ივლისიდან იკავებს.

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უკვე ღიად აცხადებს, რომ შეტევას საქართველოს უმსხვილეს კერძო ბანკზე ხელისუფლების სხვადასხვა შტო „ორკესტრირებულად“ ახორციელებს, თუმცა, ბანკირი შეტევის დამკვეთზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.

თიბისის გუნდი: ვახტანგ ბუცხრიკიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე
თიბისის გუნდი: ვახტანგ ბუცხრიკიძე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ეროვნული ბანკის მოთხოვნით, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 21 თებერვალს დატოვა და პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება, კერძოდ ამბობს:

იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ. არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით"
მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი

„იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ. არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. აბსურდულმა ბრალდებამ ფულის გათეთრების შესახებ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას.”

მამუკა ხაზარაძეს და თიბისის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 26 თებერვლის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც თიბისი ბანკის საკითხის საჯაროდ განხილვა უნდა მომხდარიყო. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ვისი მოთხოვნითაც ხაზარაძე-ჯაფარიძე თიბისი ბანკს ჩამოაშორეს, კომიტეტის სხდომა მიზანმიმართულად ჩაშალეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საჯაროდ თიბისის საქმეზე საუბარი არ ისურვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საჯაროდ თიბისის საქმეზე საუბარი არ ისურვა

​მმართველი პარტიის დეპუტატები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ერთ ხმაში ამტკიცებდნენ, რომ ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის გადაწყვეტილების საჯარო განხილვა განხილვა "უარყოფითად იმოქმედებდა", როგორც მარეგულირებლის დამოუკიდებლობაზე, ისე თიბისი ბანკის და მთლიანად საბანკო სექტორის საქმიანობაზე.

თიბისი ბანკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასა და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ამ კამპანიის, შესაძლო უარყოფითი შედეგების შესახებ, დღეს, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებისგან მიიღო. აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბედ რუდი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტია:

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის... ასევე ის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს გაგრძელდება“
ელიზაბედ რუდი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილე

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, როგორც სავაჭრო, ლოგისტიკური და ბიზნესს ცენტრებისთვის. ასევე ის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს გაგრძელდება,“ - აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.

“ორკესტრირებული შეტევა“ თიბისი ბანკზე 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა პროკურატურამ 10 წლის წინანდელი, 2008 წლის აპრილ-მაისის 17 მილიონიანი საბანკო ტრანზაქცია საეჭვოდ მიიჩნია და საქმე ფულის გათეთრების მუხლით აღძრა. ფართო საზოგადოებისთვის, თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შესახებ, მხოლოდ 2019 წლის 8 იანვარს გახდა ცნობილი, როცა გამომძიებლებმა ბანკიდან დოკუმენტაცია ამოიღეს.

13 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხაზარაძეს და საბჭო წევრ ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და მათი ბანკიდან ჩამოშორება მოითხოვა.

თიბისი ბანკმა 15 თებერვალს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, თუმცა აჟიოტაჟისა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ვარდნის გამო, 21 თებერვალს თიბისიმ სარჩელი უკან გაიტანა. ეროვნულმა ბანკმა კი ჩათვალა, რომ აღნიშნული საზედამხედველო ზომებით კერძო ბანკის კორპორაციული მართვა გააუმჯობესა.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თიბისი ბანკში დაკავებული თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ ბანკის მეწილეებად და ასევე, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული TBC Bank Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად, რომელიც თიბისი ბანკის აქციების 100%-ის მფლობელია. ხაზარაძემ ბანკიდან წასვლის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ "ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის დასრულების საშუალება მიეცემოდა".

ანაკლიის პორტის სამშენებლო არეალი დღეს
ანაკლიის პორტის სამშენებლო არეალი დღეს

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმში,“ რომელსაც ინვესტორებისგან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო რესურსის მოზიდვის პრობლემა საბანკო სკანდალის აგორებამდე შეექმნა, აღიარებენ, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებამ "საუკუნის პროექტს" შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს:

დღემდე სწორედ თიბისი ჯგუფია ამ პროექტის მთავარი სპონსორი. სანამ ეს გაუგებრობა არ გაირკვევა და ეს საქმე არ დასრულდება, მანამდე, ინვესტორების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაჭირდება"
ლევან ახვლედიანი, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი

„იმ პროცესების გამო, რაც ვითარდება თიბისი ჯგუფის დამფუძნებლების გარშემო ნამდვილად არის შეშფოთება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს პროექტზეც ახდენს ზეგავლენას. დღემდე სწორედ თიბისი ჯგუფია ამ პროექტის მთავარი სპონსორი. სანამ ეს გაუგებრობა არ გაირკვევა და ეს საქმე არ დასრულდება, მანამდე, ინვესტორების მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაჭირდება“ - აცხადებს ახვლედიანი.

საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ კონგლომერატში - TBC Bank Group-ში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი მამუკა ხაზარაძე - 13,5%-ს, ხოლო ბადრი ჯაფარიძე - 6,77%-ს ფლობენ. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და სასამართლოში ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობენ.

TBC Bank Group-ის სხვა მეწილეები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (8,18%), Schroder Investment Management (9,30%), JPMorgan Asset Management (7,75%), Dunross & Co. AB (5,51%), BNY Mellon Investment Management EMEA Ltd (2,37%), SEB Investment Management AB (2,35%), ფრანგული Société Générale Gestion SA (2,18%) და ამერიკული Citibank, NA (1,85%).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG