ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

TBC Bank-ის საქმე: ივანიშვილი ხაზარაძის წინააღმდეგ


მამუკა ხაზარაძე და ბიძინა ივანიშვილი
მამუკა ხაზარაძე და ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ "თიბისი" ბანკის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც მთავრობის და მთავარი პროკურატურის გარდა, ეროვნული ბანკიც არის ჩართული.

ხაზარაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ „რეპუტაციის შემლახველი კამპანიის" წარმოება ხდება სწორედ იმ დროს, როდესაც "ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“.

„ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში“ - წერია განცხადებაში, რომელიც ხაზარაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

"თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ასე უპასუხა ეროვნული ბანკს, რომელმაც 13 თებერვალს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, "თიბისი" ბანკის აქციონერთა კრებას კი ორთვიანი ვადა მისცა, რათა ბანკის ორი დამფუძნებელი სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიოს. დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ოპოზიციაში მყოფი „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის აზრით, ეს სუფთა პოლიტიკური საქმეა:

მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები არის ნაკარნახევი პოლიტიკური რევანშის და პოლიტიკური პრევეციის მოტივებით. მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი და ხელმოწერის უფლება ჩამოართვა ბანკის წამყვან პირებს, ამაზე დიდი, შესაძლო ზიანი, ბანკს შეუძლებელია რამემ მიაყენოს"
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

„მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები არის ნაკარნახევი პოლიტიკური რევანშის და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით. აი, ამ მოტივებით, ხელახლა დაწყებული გამოძიება 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების თაობაზე, რამდენად სამართლებრივად დასაბუთებულია, ან ეს გადაწყვეტილებები რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას თუ საბანკო პრაქტიკას, ამ თემაზე ველი გაცილებით კომპეტენტური და საქმეში ჩახედული ადამიანების შეფასებებს.

მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა გადადგა ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი და ხელმოწერის უფლება ჩამოართვა ბანკის წამყვან პირებს, ამაზე დიდი, შესაძლო ზიანი, ბანკს შეუძლებელია რამემ მიაყენოს. ამიტომ მივმართავ ეროვნულ ბანკს გამოაქვეყნოს თიბისი ბანკის წინა შემოწმების დასკვნები და მასალები. ანუ რამოდენიმე წლის წინ, როცა შეისწავლეს ეს საკითხი მაშინ რა დაასკვნეს და დღეს რო შეისწავლეს, რა დასკვნა გამოიტანეს. იმიტომ, რომ თუ წინა დასკვნის გამკეთებელი ხალხი არასათანადოდ მოეპყრო საქმეს, მაშინ პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობაა დასაყენებელი.“

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. საქმე კი 2008 წლის აპრილისა და მაისის ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება, როცა თიბისიმ 17 000 000 აშშ დოლარამდე სესხი ორ ქართულ კომპანიაზე: „სამგორი თრეიდსა“ და „სამგორი M“-ზე გასცა.

პროკურატურას მტკიცებით, მას შემდეგ, რაც 17 მილიონი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ანგარიშებზე განთასდა, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ხაზარაძემ და მისმა მოადგილე ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა.

გამოძიების აზრით, „2008 წლის ბოლოს თიბისიმ ეს სესხები დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გაათავისუფლა, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.“

თიბისი ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა, 11.06.2014
თიბისი ბანკის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა, 11.06.2014

პროკურატურამ ამ საქმეზე უკვე დაკითხა ხაზარაძე და ჯაფარიძე, 2019 წლის იანვარში კი ბანკიდან სასამართლოს ნებართვით, დოკუმენტაცია ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, მასზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს:

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია Dentons-მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი"
მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

„მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია Dentons-მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.”

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თხოვნით იგი მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და თიბისი ბანკში წილების დათმობა მოსთხოვა.

"თიბისი" ბანკის განცხადების მიუხედავად, რომ ეს აჟიოტაჟი კლიენტებზე, ანაბრებზე, ბანკის განვითარებასა და სტრატეგიაზე არ იმოქმედებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების ღირებულება გუშინ თითქმის 8%-ით დაეცა.

თიბისის აქციების ვაჭრობის დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 15.02.2019
თიბისის აქციების ვაჭრობის დინამიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე 15.02.2019

Facebook Forum

XS
SM
MD
LG