ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ექნება


საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა დაიწყო. ოფიციალურ ცერემონიაში კვირას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა ოთხ წელიწადს გასტანს და 2021 წლისთვის, ნავსადგური 10,000-კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღებას შეძლებს. დღეისათვის, შესაბამისი სიღრმისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საქართველოს არეცრთ პორტს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს.

ანაკლიის ნავსადგურს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აშენებს, რომელმაც ეს უფლება 2016 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა. კონსორციუმი ქართულ-ამერიკულია, დამფუძნებლები - ქართული TBC ჰოლდინგი და ამერიკული Konti International არიან. ახალი ქართული პორტის ოპერატორად კი ამერიკული სანავსადგურე და სატერმინალო ოპერატორი SSA Marine შეირჩა.

2017 წელს სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, რომელიც საინვესტიციო ტერიტორიაში შედის და კომპენსაციის სახით, კერძო პირებს 57 მილიონი ლარი გადაუხადა.

TBC ჰოლდინგის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობაში 540 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება:

ჩვენ კაპიტალში უკვე მოზიდული გვაქვს 190 მილიონი დოლარი, ახლა მიდის ბანკებთან ინტენსიური მოლაპარაკება - 350 მილიონი დოლარის მოსაზიდად. პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ღირებულება 540 მილიონ დოლარს შეადგენს, მთლიანად პროექტის ღირებულება კი 2,5 მილიარდი დოლარია"
მამუკა ხაზარაძე, TBC ჰოლდინგის პრეზიდენტი

„ჩვენ კაპიტალში უკვე მოზიდული გვაქვს 190 მილიონი დოლარი, ახლა მიდის ბანკებთან ინტენსიური მოლაპარაკება - 350 მილიონი დოლარის მოსაზიდად. პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ღირებულება 540 მილიონ დოლარს შეადგენს, მთლიანად პროექტის ღირებულება კი 2,5 მილიარდი დოლარია.“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური გეგმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება ცხრა ეტაპიანი ფაზებისგან შედგება, რომელიც 52 წელზეა გათვლილი. სწორედ ამ დროით არის გაფორმებული საინვესტიციო-საკონცესიო შეთანხმება კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელიც პორტის მშენებლობას, ოპერირებას და გადაცემას ითვალისწინებს.

პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წლამდე გასტანს და 110 ჰექტარ საინვესტიციო ტერიტორიას მოიცავს. მომდევნო სამი წლის მანძილზე უნდა აშენდეს: ტალღმტეხი, გემების მისადგომი კედელი იგივე საკონტეინერო ნავსაბელი, ნავსადგურის მისადგომი არხი და მოსაბრუნებელი წრე, ნავმისადგომები, ნავიგაციის საშუალებები, კონტეინერების ეზო, სატვირთო მანქანების გამშვები, ინტერმოდალური სარკინიგზო ეზო და საკონტეინერო ტერმინალის ფუნქციონირებისთვის აუცილებებლი სხვა სპეციალური დამხმარე შენობები.

პარალელურად, საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან ორზოლიანი საავრომობილო გზისა და ერთი ელექტრიფიცირებული რკინიგზის ხაზის მიყვანა უნდა უზრუნველყოს, რომელსაც მძიმე სამრეწველო გამოყენებისა და არაგაბარიტული ტვირთების (20-40 ფუტიანი კონტეინერების) გადატანის შესაძლებლობა ექნება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ახალი პორტის უმთავრესი უპირატესობა მისი მისადგომების სიღრმე (16-დან 20.5 მეტრამდე) იქნება.

„ღრმაწლყოვანი პორტი თავისი სიღრმით შესაძლებლობას იძლევა, რომ მიიღოს დიდი გემები, რაც თავისთავად ქმნის მასშტაბს. ამ მასშტაბის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ სხვა ალტერნატიულ სატრანსპორტო თუ საზღვაო კორიდორებს, რომლებსაც ჩვენი მეზობლები საკუთარი სავაჭრო მიზნებისთვის იყენებენ“.

დღეისათვის, საქართველო შავი ზღვის აუზის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგური არ გააჩნია. რუსეთს შავ ზღვაზე სამი ღრმაწყლოვანი პორტი აქვს - ნოვოროსიისკი, ტამანი და ტუაფსე; თურქეთს - ერდერიმი და რიზე; რუმინეთს - კონსტანცა, რომელსაც 44 ნავმისადგომი გააჩნია, ბულგარეთს - ბურგასი, უკრაინას - იუჟნი, ოდესა და ილიჩევსკი.

ექსპერტების შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ეკონომიკური წარმატებისთვის მხოლოდ პორტის სიღრმის სიდიდე გარანტია ვერ იქნება. წელიწადში 20 და 100 მილიონი ტონა ტვირთის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საქართველოს სატრანზიტო კორიდორში ტვირთების მნიშვნელოვან ზრდაზე და თურქეთთან მოლაპარაკებაზე, რომელიც ამ დრომდე, ბოსფორის სრუტეში, პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემებს სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.

XS
SM
MD
LG