ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის ეკონომიკურ ზრდას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. თუ ქვეყანა 2010 წელს 9,2 პროცენტით იზრდებოდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2.9 პროცენტს გაუტოლდა. თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, ქვეყანა ახლა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის და ეკონომისტის მეჰმეტ შიმშეკის თქმით, ეკონომიკურ გაურკვევლობა რეფერენდუმმა გამოიწვია, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანისთვის ძალაუფლების გახანგრძლივების საკითხს განსაზღვრავდა. მან აღნიშნა, რომ რეფერენდუმს ფინანსური ბაზრის სტაბილიზაცია მოჰყვა.

„ჩვენ ისევ გვაქვს სირთულეები, უმუშევრობის 10%-ზე შენარჩუნება ერთ-ერთი გამოწვევაა. ფინანსური კრიზისის შემდეგ თურქეთში 7.3 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა“. - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ “თურქეთს აქვს რესურსები, რომ გაუძლოს კრიზისებს და მოახერხოს განახლება.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის კუთხით, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებმა თურქეთს მნიშნელოვანი დარტყმა მიაყენა. მაგრამ მიუხედავად უთანხმოებებისა, მისი თქმით, თურქეთმა უნდა გააგრძელოს ვაჭრობა და გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები მის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან.

„რეალურ სიტუაციებში კომპრომისებზე წასვლაა საჭირო, ისეთი გზის გამონახვაა საჭირო, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება. ორივე ქვეყნის, რუსეთისა და თურქეთის საერთო ინტერესშია პრობლემების მოგვარება. ჩვენ სწორი გზით მივდივარ, ურთიერთობა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ გაუმჯობესდა [თურქეთის მიერ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ]. რუსეთი მნიშვნელოვანი მეზობელი და სავაჭრო პარტნიორია... მნიშვნელოვანია ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები“, - განაცხადა მან რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე საუბრისას. მანვე აღნიშვნა, რომ “თურქეთმა უნდა შეინარჩუნოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი. ჩვენ, ჩვენის მხრივ უნდა გავატაროთ რეფორმები და შევინარჩუნოთ ეს [ევროინტეგრაციის] გზა“.

რეგიონში მიმდინარე პრობლემებმა, საგარეო ფაქტორებმა და ასევე გასული წლის გადატრიალების მცდელობამ, თურქეთს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა თურქეთის ზრდის პროგნოზები დრამატულად შეამცირეს. თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ კომპანიებისთვის გადასახადები შეამცირა, უმუშევრობის ზრდის შესამცირებლად „უმუშევრობის ფონდის“ მეშვეობით ხელი შეუწყო ბიზნესების მიერ ახალი თანამშრომლების აყვანას. ამასთან, ხელისუფლება შეეცადა უკმაყოფილების ჩახშობას, გადატრიალების მცდელობამ მათ მისცა საბაბი და შესაძლებლობა დაეშალათ და აეკრძალათ მუშათა გამოსვლები, და ზეწოლა მოეხდინა პროფკავშირებზე.

თურქეთის ექსპორტიორთა გაერთიანების პრეზიდენტის მეჰმეტ ბუიუკეკშის თქმით, მარტის თვიდან მოყოლებული ექსპორტი თურქეთში 25 პროცენტით გაიზარდა.

„ხშირად, თურქეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ნეგატიურად აშუქებენ. თუმცა უცხოური ინვესტიციები თურქეთში იზრდება. ეკონომიკა ჩვენთვის ახლა მთავარი საკითხია“, - აღნიშნა მან თურქეთის მედია ფორუმზე.

პოზიტიურად აფასებს თურქეთის ეკონომიკურ პოტენციალს „თურქულ-ბრიტანული სავაჭრო პალატის“ პრეზიდენტი ტიმ ბრაითი. მისი თქმით, „თურქეთის ეკონომიკა ძალიან ღიაა“, რაც მისი მთავარი მამოძრავებელია.

„ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ვხედავთ პოტენციალს არა მარტო დიდ ქალაქებში არამედ არა-ურბანულ დასახლებების შემთხვევაშიც“, - ამბობს ბრაითი.

მიმომხილველები ამბობენ, რომ მმართველმა, სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) მოახერხა ეკონომიკური კრიზისის დროებით თავიდან აცილება, თუმცა ერდოღანის პარტიამ თურქეთის უდიდეს ქალაქებში რეფერენდუმი წააგო, მთავრობის მიერ არჩეულმა საბანკო და ფინანსური სექტორის რეგულირების პოლიტიკამ კი შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური შედეგები მოუტანოს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ რეფერენდუმის წინ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე დიდი ენერგია დახარჯა, სიტუაცია შესაძლოა მათ საწინააღმდეგოდ შეტრიალდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG