ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია და სახელმწიფო თურქეთში


მედია ფორუმი ანტალიაში
მედია ფორუმი ანტალიაში

თურქეთის ქალაქი ანტალია საერთაშორისო მედია ფორუმს მასპინძლობს. ქვეყანა გასული წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მედია თავისუფლების შეზღუდვის კუთხით კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. 2016 წლის 15 ივლისიდან მოყოლებული ერდოღანის მთავრობამ 100-მდე ჟურნალისტი დააკავა. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ფრიდომ ჰაუსის შეფასებით, 1 წლის მანძილზე პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაცია ქვეყანაში საგრძნობლად გაუარესდა. ორგანიზაცია თურქეთს „არათავისუფალი“ ქვეყნების სიაში ათავსებს.

თურქეთის კულტურის მინისტრი, რომელმაც ფორუმის დამსწრეებს სიტყვით მიმართა, ამბობს, რომ პროფესია არ ათავისუფლებს ჟურნალისტებს პასუხისმგებლობისგან. მან საერთაშორისო მედია დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

„თურქული მედია [გადატრიალების გაშუქებისას] გმირულად მოიქცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ემუქრებოდნენ. ისინი დემოკრატიის მხარეზე დადგენ. მათ ეუბნებოდნენ, რომ შეეძლოთ F16-ით დაებომბათ მათი მაუწყებლები. თურქულმა მედიამ ისტორია შექმნა დემოკრატიის მხარდაჭერის კუთხით. მაგრამ, გამოცემები როგორიცაა CNN-ის საერთაშორისო მაუწყებლობა, ბი-ბი-სი, ნიუ-იორკ თაიმსი, გარდიანი - რა გააკეთს მათ? ისინი ახალისებდნენ გადატრიალების მხარდამჭერებს. მათ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პრეზიდენტი ქვეყანას ტოვებდა და გერმანიაში მიდიოდა. იგივე გააკეთეს ონლაინ გამოცემებმა“, - განაცხადა მან.

შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან განვითარებულ მოვლენებს, სადაც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის წევრები ხელჩართულ ჩხუბში ჩაებნენ საელჩოსთან მყოფ დემონსტრანტებთან, მინისტრმა უპასუხა, რომ დაცვას პრეზიდენტის უსაფრთხოება ევალებოდა და ეს სწორედ ამით იყო განპირობებული. მისი თქმით, ვაშინგტონში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს წესრიგის დაცვა. მან კომენტარი თურქეთში ჟურნალისტების დაკავების ფაქტებზეც გააკეთა.

„რაც შეეხება იმ ჟურნალისტებს, რომელთა დაკავება მოხდა. არავის არ აქვს კანონის დარღვევის პრივილეგია... ძალადობისკენ მოწოდება და ტერორიზმთან კავშირი ყველა ქვეყანაში კრიმინალია, - ამბობს ნაბი ავჯე, თურქეთის კულტურის მინისტრი.

თურქეთში, 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 150-მდე მედია გამოცემა, მათ შორის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური გამოცემები დაიხურა, ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის თქმით, დეკემბრისთვის 81 ჟურნალისტი იხდიდა სასჯელს, ხოლო თურქული ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ჟურნალისტთა პლატფორმის თქმით, დააკავეს 145 ჟურნალისტი, მათ შორის საერთაშორისო გამოცემების კორესპონდენტებიც, რის შედეგადაც თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ჟურნალისტების დაკავების კუთხით. გადატრიალების მცდელობის შემდეგ 2700-მდე მედია თანამშრომელმა სამსახური დაკარგა.

გამოწვევებზე და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკმა. მისი თქმით, თურქეთს ჭირდება კომუნიკაცის გაუმჯობესება დასავლეთთან, რათა დასავლური დედაქალაქების შეშფოთება შეამსუბუქოს.

„თურქეთმა უნდა მოახდინოს უკეთესი კომუნიკაცია მსოფლიოსთან, თურქეთს ბევრი ტრავმის გადატანა მოუხდა. ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენ უნდა ავუხსნათ მსოფლიოს, თუ რატომ აქვს თურქეთს საგანგებო მდგომარეობა, ეს ჩვენი არჩევანი არაა. რატომ ახდენს თურქეთი პოლიტიკურ წმენდას? ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქვს "ჩვენ უნდა ავუხსნათ ეს სხვებს და ასევე, რა თქმა უნდა გვქონდეს გამართული დამცავი ინსტიტუტები, რათა გლობალურ შეშფოთებას პასუხი გავცეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქმედებები გამართლებულია, ჩვენ ამის უკეთ კომუნიკაცია გვჭრიდება“, - ამბობს პრემიერ-მინისტრის მოადგილე მეჰმეტ შიმშეკი.

მან აღნიშნა, რომ თურქეთმა უნდა გააგრძელოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად „გაფართოების საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკისა“, გააძლიეროს ინსტიტუტები და გაატაროს რეფორმები.

„მე შემიძლია თურქეთი ერთი წინადადებით შევაჯამო: რეალობა უკეთესია ვიდრე წარმოდგენა. თუმცა არც ისე კარგი, როგორც ჩვენ ვისურვებდით“, - აღნიშნა შიმშეკმა.

მან ასევე თურქეთის და აშშ-ის ურთიერთობის საკითხზეც ისაუბრა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავდა პრეზიდენტი, რომელსაც საკონსტიტუციო სამართლის განათლება ჰქონდა, ახლა კი სათავეში ბიზნესის გამოცდილების მქონე ლიდერია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ თანამშრომლობა უკეთესი იქნება. ჩვენ ამერიკასთან პროდუქტიული კავშირები გვაქვს, რა თქმა უნდა არის პრობლემებიც. ჩვენ ამერიკას ვაკრიტიკებდით მათი მხრიდან სირიაში გრძელვადიანი პოლიტიკის არქონის გამო, თუმცა ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები“, -განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG