ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ბედი ელის კოლხეთის ეროვნულ პარკს?


კოლხეთის ეროვნული პარკი

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ახალი სუპერ ამბიციური გეგმის შესახებ გამოაცხადა. სამეგრელოს რეგიონში, ხობისა და ზუგდიდის რაიონების ტერიტორიაზე, მომავალი ათი წლის მანძილზე ახალი ზღვისპირა ქალაქი უნდა გაშენდეს.

ნათლიამ ახალ ქალაქს სახელი უკვე შეურჩია - ლაზიკა, და ისიც განსაზღვრა, რომ ლაზიკა, თბილისის შემდეგ, საქართველოს ყველაზე დიდი ქალაქი უნდა გახდეს.

გეგმის მიხედვით, ქალაქის ძირითადი ნაწილი 1300 ჰექტარზე განთავსდება, მთლიანად კი ლაზიკას ინფრასტრუქტურა ხობის რაიონის სოფელ ყულევიდან, ზუგდიდის რაიონის კურორტ ანაკლიამდე უნდა გადაიჭიმოს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ლაზიკას მშენებლობა მილიარდ ნახევარი ამერიკული დოლარი დაჯდება

„მე ვფიქრობ, ლაზიკა რომ აშენდეს, ჩვენ სადღაც გაზაფხულზე დავიწყებთ ამ მშენებლობას, ქალაქის, აი ბავშვს რო ფეხზე დააყენებ და მერე თავისით გაივლის, ამ მდგომარეობამდე მიყვანას უნდა დაახლოებით მილიარდი, მილიარდ ნახევარი დოლარი.

ჩვენ სადღაც 200 მილიონს ამ ოთხი წლის განმავლობაში დავხარჯავთ, დანარჩენს მე ვფიქრობ კერძო ინვესტიციებით მოვიზიდავთ. ანაკლიაში, სადაც ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა, საერთო ჯამში მოზიდული გვაქვს მინიმუმ 100 მილიონი ლარი.

ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ნავსადგურისა და ახალი ქალაქის მშენებლობაზე და იქ ბევრად უფრო ადვილია ფულის მოზიდვა და ამიტომ მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი. ეს ქალაქი აკვიატება არ არის, იმ პირობებში, როცა საქართველოს მოსახლეობის 45 პროცენტი სოფლად ცხოვრობს, ჩვენ გვჭირდება ახალი ურბანული ცენტრები, ამ ხალხის დასასაქმებლად, ამ ხალხის გადმოსაყვანად.

ხედავთ ევროპაში რა პრობლემებია და არც სჭირდებათ ქართველების წასვლა, აქ უნდა შეიქმნას ახლა სამუშაო ადგილები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ქალაქები და არსებული ქალაქების განვითარება. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ ავაშენებთ ახალ ქალაქს, მე მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ერთი ლაზიკა უკვე ავაშენეთ და ამ ქალაქის სახელი არის ბათუმი.“

ასეთი უნდა იყოს ლაზიკა...
ასეთი უნდა იყოს ლაზიკა...

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ სახელმწიფო ახალი ქალაქის მშენებლობისთვის მსოფლიო მასშტაბით არქიტექტორული კონკურსს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ერთადერთი რაც პრეზიდენტს არ უხსენებია ეს არის - 2005 წლის ივლისში „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის“ შესახებ საქართველოს კანონში მის მიერვე დამტკიცებული ცვლილებები.

ამ დამატებების მიხედვით, იმნათის უბანი - თითქმის 20 ათასი ჰექტარი, ნაბადას უბანი - სულ 10 ათასი ჰექტარი, ანაკლია-ჭურიის უბანი - სულ 13 700 ჰექტარი, ანაკლიის ჭაობის ჩათვლით და ზღვის აკვატორიის 15 740 ჰექტარი კოლხეთის ეროვნული პარკის კუთვნილებაა

ლაზიკას მშენებლობისთვის კი სწორედ ანაკლია-ჭურიის მონაკვეთია გამოყოფილი. ამასთან კოლხეთის პარკის ტერიტორიაზე 200-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, სწორედ აქ, დაუსახლებელ ჭაობებზე გადის ყველაზე დიდი მიგრაციის მარშუტი. „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიებს“ კი გაეროს რამსარის კონვენცია იცავს, რომელსაც საქართველო 1996 წლიდან არის მიერთებული.

პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ლაზიკას გრანდიოზული პროექტი ბევრ შეკითხვას იწვევს

„როდესაც ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ არსებობს, როდესაც ქვეყანაში მთის მდგრადი განვითარების მიმართულებით არანაირი საკანონმდებლო ინიციატივები არ არსებობს, არაფერი არ სრულდება და მთა იცლება მთლიანად, ახალი ურბანული გარემოს შექმნა, თანაც კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე, ეს რას უნდა ემსახურებოდეს?!

ფოთი-ანაკლიის დამაკავშირებელი ახალი გზა, სწორედ ამ დაცულ ტერიტორიაზე გადის და ჯერ ამაზე არ მიგვიღია პასუხი, ხელყოფს თუა არ ეროვნული პარკის ტერიტორიას ეს გზა, რომ არაფერი ვთქვათ, იმ უზარმაზარ ურბანულ ტერიტორიაზე.

ამ პროექტის მიმართ მკვეთრად ნეგატიურია ეკოლოგების დასკვნა. მეორე - მშენებლობები უნდა დაიწყოს 2012 წლის გაზაფხულზეო, ეს იმას ნიშნავს, რომ - როგორც მინიმუმ პროექტი უკვე შეთანხმებულია, ხარჯთაღრიცხვა გაწერილია და მაქვს ეჭვი, რომ ამ ქალაქის მშენებლობისთვისა და პროექტირებისთვის განსაზღვრული თანხები უკვე მუშაობს.

ფაქტია, რომ როცა მსგავსი განცხადებები კეთდება, პირველი ეჭვი რაც შეიძლება გაჩნდეს, ეს არის - ხომ არ ირეცხება რაიმე შავი ფული საქართველოში?!“

ახალი ქალაქის - ლაზიკას მშენებლობა, კოლხეთის ეროვნულ პარკში არსებული ჭაობების დაშრობასაც ითვალისწინებს. ეს იდეა პოპულარული ჯერ კიდევ 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს იყო, ამის შესახებ მთავრობის მაშინდელმა თავჯდომარე ნოე რამიშვილმა ღიად განაცხადა.

მოგვიანებით, კოლხეთის ჭაობების რამდენიმე უშედეგო მცდელობა ჰქონდა საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ლავრენტი ბერიას. ​ზუსტად ერთი წლის წინ კი კახეთში სტუმრობისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანალოგიური განცხადება გააკეთა.

ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა თუ როგორ აპირებს ახალი ქალაქის მშენებლობას ისე, რომ კოლხეთის ეროვნულ პარკში უნიკალური და ულამაზესი ეკოსისტემა არ განადგურდეს.

ლაზიკას აშენებამდე კი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა ქალაქად ანაკლია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიაში სულ 3000 მდე მაცხოვრებელია, 2011 წლის 22 აგვისტოს ანაკლიას ქალაქის სტატუსი მაინც მიენიჭა.

XS
SM
MD
LG