ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეკინი და პარიზი აკრიტიკებენ აშშ-ის ბირთვულ გარიგებას ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან


ჩინეთმა ხუთშაბათს დაგმო ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსი. პეკინის განცხადებით, მსგავს ალიანსს სხვა ქვეყანა არ უნდა ჰყავდეს სამიზნეში ამოღებული. პეკინი ამასთან დაკავშირებით, რეგიონში შეიარაღების მარათონის გააქტიურების საშიშროებისკენაც მიუთითებს.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც სამმა ქვეყანამ მიაღწია, შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვულ წყალქვეშა ნავებს გადასცემენ და მათ გამოყენებასა და განთავსებაში კონსულტაციებს გაუწევენ.

აღნიშნულ ნაბიჯს საფრანგეთის შეშფოთებაც მოჰყვა, რომელსაც ავსტრალიისთვის მისი წყალქვეშა ნავების მიწოდების შეთანხმება ჰქონდა მიღწეული. ეს ნაბიჯი ასევე დაემთხვა თარიღს, როცა ევროკავშირს ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზში მისი სტრატეგიული გეგმა უნდა წარედგინა.

ახალი შეთანხმება წყვეტს 2016 წელს ავსტრალიასთან საფრანგეთის მიერ მიღწეულ გარიგებას, რომლითაც ფრანგულ გემების მწარმოებელ „ნავალ გრუპს“, ავსტრალიისთვის ახალი წყალქვეშა ნავების ფლოტი უნდა შეექმნა და ჩაენაცვლებინა ორი ათწლეულის ხანდაზმულობის მქონე „კოლინსის“ წყალქვეშა ნავები. გარიგების საფასური 40 მილიარდი დოლარი იყო.

საფრანგეთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თეთრ სახლს ბრალი დასდო, რომ ისინი მათი წინამორბედივით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მსგავსად იქცევიან.

„ეს სასტიკი, ცალმხრივი და მოულოდნელი გადაწვეტილება ძალიან გვაგონებს იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა“, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიენმა. „მე გაბრაზებული და გაცხარებული ვარ. ეს მოკავშირეებს შორის არ ხდება“, - თქვა მან.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონში არსებული სტრატეგიული ვითარების გათვალისწინებით გადაიდგა.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ჩინეთის მზარდ ძალასა და გავლენას აღუდგნენ წინ, განსაკუთრებით კი - პეკინის სამხედრო მობილიზებას სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანზე ზეწოლას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG