ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: ამერიკა თალიბანს სანქციებს არ მოუხსნის, ავღანელების დახმარებას კი გააგრძელებს


ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სენატში გამართულ მოსმენებზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამერიკა თალიბანზე დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის. ვაშინგტონი ასევე უზრუნველყოფს რიგითი ავღანელებისთვის დახმარების მიწოდებას ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე.

ენტონი ბლინკენმა ეს განცხადებები სენატში სამშაბათს გამართულ მოსმენაზე გააკეთა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სახელმწიფო მდივანთან ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდა. ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების უმაღლესმა დიპლომატმა მსგავსი სირთულის კითხვებს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უპასუხა.

ბლინკენი პირობას დებს, რომ გასაჭირში ჩავარდნილ ავღანელებს ჰუმანიტარული დახმარება არ შეუწყდება და ვაშინგტონი ამას გაეროს სააგენტოების და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით გააკეთებს. შეერთებული შტატების მიერ ავღანეთისთვის დაგეგმილი ჰუმანიტარული დახმარება ამ ეტაპზე 64 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული.

სამშაბათს ბლინკენი ჩვენებებს 3.5 საათის განმავლობაში იძლეოდა. მისი განმარტებით, ამერიკის დახმარება მხოლოდ ამ $64 მილიონით არ შემოიფარგლება. ვაშინგტონი დამატებით სახსრებს გამოჰყოფს ავღანელი უმცირესობების, ქალების და ბავშვების "ჯანმრთელობის და ნუტრიენტებით უზრუნველყოფის საჭიროებისთვის", ასევე - გოგონების სკოლებში დასაბრუნებლად.

საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების მიერ ავღანელი ხალხისთვის გაწეული დახმარება მთელი საბიუჯეტო წლის მანძილზე, 330 მილიონ დოლარამდე ავა. ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ეს დახმარება გვერდს აუვლის თალიბანს და ის უშუალოდ ავღანელებს მიეწოდება. გაერო 11 მილიონი ავღანელისთვის საკვების, ჯანდაცვის, თავშესაფრისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებების უზრუნველსაყოფად $606 მილიონის მობილიზებას ითხოვს.

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ გაეროს სანქციები მოიხსნას, სამგზავრო შეზღუდვები გაუქმედეს" - აცხადებს ენტონი ბლინკენი. ის არ გამორიცხავს, რომ თალიბანზე "დამატებითი სანქციებიც კი დაწესდეს" იმ შემთხვევაში, თუ მათი მთავრობა დაარღვევს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ შეთანხმებებს და უხეშად უგულვებელყოფს ადამიანის უფლებებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG