ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შინ სამშობლოში - უკრაინელი ლტოლვილები ქვეყანაში ბრუნდებიან  


რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება, ფართომასშტაბიანი ინტერვენციის მესამე თვეს კი ასი ათასობით უკრაინელი შინ, სამშობლოში ბრუნდება. ბრუნდებიან იმედით, რომ ქვეყნის დატოვება აღარ მოუწევთ.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 30 000 ადამიანი ბრუნდება, არაოფიციალური ინფორმაციით კი სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი 2 მილიონს აჭარბებს.

უკრაინაში ძირითადად ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ან ცენტრალური უკრაინის ქალაებში ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ მძიმე იყო სამშობლოსთან განშორება, უფრო კი იმის წარმოდგენა უჭირთ, რომ მათ სახლებში როგორც თავად ამბობენ „ოკუპანტები“ ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ დანგრეულს ააშენებენ და უკრაინა უფრო ძლიერი იქნება ვიდრე ომამდე იყო.

ცხოვრებას ახლიდან იწყებენ დევნილი უკრაინელებიც, რომლებსაც საკუთარი სახლებისა და ქალაქების დატოვება მოუწიათ და დროებით თავს სხვა უკრაინულ ქალაქებს აფარებენ. გაერო ამბობს, რომ დევნილთა რაოდენობა 7.1 მილიონს შეადგენს.

ომის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუხდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი-ამბობს გაერო.

მათი დიდი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინიდანაა, დონბასის რეგიონიდან, სადაც ომის ძირითადი ფრონტის ხაზი გადის. მარიუპოლს დღეს სრულად რუსი სამხედროები აკონტროლებენ. კრემლის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია აზოვსტალის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვითი სამუშაოები. ქალაქის აღებამდე რუსულმა ჯარმა მარიუპოლის 90 პროცენტი თითქმის სრულად გაანადგურა. კიევი ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი მშვიდობიან მოსახლეობაში 30 000 აღემატება.

მარიუპოლისგან განსხვავებით ხარკივზე და მის შემოგარენზე კონტროლი უკრაინელმა სამხედროებმა დაიბრუნეს. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტები სოფელ კუტუზივკაში, ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში იმყოფებოდნენ და გადაიღეს კადრები, თუ როგორ ბრუნდებოდნენ, ადგილობრივები საკუთარ სახლებში.

მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი კი ამ დრომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რჩება. 22 მაისის მონაცემებით:

3 მილიონზე მეტი უკრაინელი რჩება პოლონეთში, რუმინეთში 961 000-ზე მეტი, 919 934 ურაინელი იმყოფება რუსეთში - კიევში ამბობენ, რომ მათი დიდი ნაწილი რუსმა სამხედროებმა ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს და სხვა გზა არ მისცეს. ამ პროცესს კიევში „უკანონო დეპორტაციას“ უწოდებენ. 644 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება უნგრეთში, მოლდოვაში 442 000-ზე მეტი.

გაეროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინა ყველაზე მეტმა ადამიანმა მარტში დატოვა (3 მილიონზე მეტი ), აპრილში ლტოლვილთა ნაკადმა იკლო(2 მილიონამდე), ხოლო მაისში 1 მილიონამდე უკრაინელი გავიდა ქვეყნიდან.

გაერო ამბობს, რომ უკრაინელ ლტოლვილთა 23 პროცენტი ხარკივიდან არის, 20% კიევიდან, 17% კი დონეცკის რეგიონიდან. ლტოლვილთა 27 პროცენტი ამბობს, რომ მათ სახლის დატოვება იძულებით მოუწიათ, რადგან საცხოვრებელი დაზიანდა ან სრულად დაინგრა დაბომბვების შედეგად.

უკრაინელ ლტოლვილებს სპეციალურ სავიზო პირობებს სთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკაში მათი შემოსვლა გამარტივებულია და მათ ასევე ერთ წლიანი სამუშაო უფლება ენიჭებათ.

გარდა სამხედრო დახმარებისა, ამერიკა და პარტნიორი ქვეყნები უკრაინას ჰუმანიტარული კუთხითაც ეხმარებიან, დახმარება რამდენიმე მილიონ დოლარს აჭარბებს. დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე კი უკრაინული ქალაქების აღდგენისთვის საჭირო თანხმების მობილიზებაზეც მსჯელობენ.

ფორუმს არ ესწრება რუსეთი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ფორუმის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაელოდონ რუსეთის მიერ ბილიოგიური, ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას და „პასუხი ახლავე გასცეს“

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG