ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ომი უკრაინაში და სასურსათო კრიზისი


რუსეთის ომი უკრაინაში უკვე მესამე თვეა გრძელდება მსოფლიოში კი სასურსათო კრიზისია. გასულ კვირას კრემლი ამერიკის სახელმწიო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, საკვების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. ბლინკენს მიაჩნია, რომ კრემლი მსოფლიო მარაგებს „მძევლად“ ატარებს.

პასუხმაც არ დააყოვნა: კრემლში ამბობენ, რომ სასურსათო კრიზისი უკრაინამ, დასავლეთმა და სანქციებმა გამოიწვია. მოსკოვი კიევს ასევე ადანაშაულებს პორტების დანაღმვაში, რაც მათ ფუნქციონირებას აფერხებს. საუბარია პორტებზე, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში მოახდინა.

ამ დროისთვის შავ ზღვაზე უკრაინის კონტროლის ქვეშ ერთი პორტია ოდესაში, დანარჩენ საპორტო ქალაქებს კი რუსული ჯარი აკონტროლებს.

„პრობლემების წყარო ჩვენ არ ვართ. პრობლემის წყარო, რომელიც მსოფლიოში შიმშილს იწვევს არის სანქციები და ის ქვეყნები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ სანქციები დააწესა,“- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და აქვე დაამატა, რომ „რუსეთი ყოველთვის იყო მარცვლეულის საკმაოდ დიდი და საიმედო ექსპორტიორი“

გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ შექმნილი სასურსათო კრიზისის აღმოსაფხვრელად ის მუშაობს რუსეთთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რათა აღადგინოს მარცვლეულის ექსპორტი უკრაინიდან, თუმცა არაფერი თქმულა რუსეთზე.

უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში ხორბლის მარაგების თითქმის მესამედს იკავებენ, გარდა ამისა უკრაინა დიდი ექსპორტიორია სიმინდის, ქერის და მზესუმზირის ზეთის. ამ ბაზრზებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული 36 ქვეყანა, მათ შორის ყველაზე ღარიბები, როგორიცაა ლიბანი, სირია, იემენი, სომალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

უკრაინაში შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა ხერსონისა და მარიუპოლის პორტები აიღო, ახლა რუსეთი შეეცდება ოდესის პორტის აღებას, რაც ერთადერთი პორტია, რომელიც უკრაინას შავ ზღვასთან აკავშირებს, საიდანაც ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტს აწარმოებს.

კრემლი კი კიევს მოუწოდებს მარცვლეულის ექპორტზე გატანა უკრაინამ სახმელეთო გზით აწარმოოს პოლონეთის გავლით. რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ხელი არ შეუშლია უკრაინიდან პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტზე გატანაში, იმის მიუხედავად, რომ საპირისპირო მიმართულებით დასავლეთი უკრაინაში სამხედრო შეიარაღებას გზავნის.

პესკოვს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ რუსეთი აფეთქებს ხიდებს, ბომბავს საქალაქთაშორისო გზებს, რკინიგზის სადგურებს, საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, თავშესაფრებს წარწერით „ბავშვები“, გაერო კი ამბობს, რომ უკრაინაში ჩარჩენილია 25 მილიონი ტონა მარცვლეული, რომელიც ქვეყანაში ომის დროს წარმოქმნილი ინფსრასტრუქტურული პრობლემების გამო ექსპორტზე ვერ გადის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG