ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მეორედ შეხვდება


თეთრი სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ უნს მეორედ შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა სავარაუდოდ შემდეგ თვეში, თებერვლის ბოლოს შედგება. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარასკევს პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წარმომადგენელს, ბირთვული პროგრამის საკითხზე მთავარ მომლაპარაკებელს შეხვდა.

ვაშინგტონში ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, დაზვერვის ყოფილი ლიდერი კიმ იონგ ჩოლი ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა, ეს გამორჩეული მნიშვნელობის ნაბიჯი იყო. ტრამპი და კიმი ერთმანეთს გასული წლის ზაფხულში, სინგაპურში შეხვდნენ.

"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იონგ ჩოლს დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ესაუბრებოდა. მათ ბირთვული პროგრამის დასრულებისა და მეორე უმაღლესი დონის სამიტის საკითხები განიხილეს. "პრეზიდენტი ელის ამ შეხვედრას, თუმცა შეხვედრის ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა სარა ჰაკაბი სანდერსმა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.

გარდა იმისა, რომ მეორე სამიტის ანონსი გამოცხადდა, არ გავრცელებულა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, წავიდა თუ არა წინ მოლაპარაკებები სრული ბირთვული განიარაღების თაობაზე, რასაც ამერიკა ჩრდილოეთ კორეისგან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG