ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმპიჩმენტო გამოძიებაზე რამდენიმე მნიშვნელოვან მოწმეს მოუსმინეს


ამ კვირაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, კანონმდებლებმა რამდენიმე მნიშვნელოვან მოწმეს მოუსმინეს. თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტის პირადი ადვოკატი, რუდი ჯულიანი და ამერიკის ელჩი უკრიანაში გორდონ სონდლენდი უკრაინაზე წნეხს ახორციელებდნენ.

ფიონა ჰილმა ხუთშაბათს თქვა, რომ იმედგაცრუებული იყო, როდესაც შეიტყო, რომ სონდლენდი უკრაინელებს თეთრ სახლში შეხვედრის ორგანიზებას იმის სანაცვლოდ ჰპირდებოდა, თუკი ზელენსკის მთავრობა ჯო ბაიდენის შვილის ბიზნეს-საქმიანობის გამოძიებას დაიწყებდა. ის ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარი ექსპერტი იყო რუსეთის საკითხებში და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიც გახლდათ.

"ის ჩართული იყო შიდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში. ჩვენ კი ეროვნული უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკაში და ეს ორი რამ სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა" - განაცხადა ფიონა ჰილმა.

მან ასევე ბევრი ისაუბრა რუსეთის შესახებ და თქვა, რომ თუკი ვინმე 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ეს რუსეთი იყო და არა უკრაინა. უკრაინის ჩართულობა კი, მისი თქმით, მხოლოდ "ყალბი ნარატივია", რომელიც რუსეთმა შექმნა, გაავრცელა და მას აძლევს ხელს. ამერიკულ დემოკრატიას გამუდმებით თავს სწორედ რუსეთი ესხმის - აცხადებს ფიონა ჰილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG