ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად იკვეთება პოლიტიკა და ჯანდაცვა - კოვიდ-19-ის ვაქცინა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს ახალი კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხდებების გამო აკრიტიკებენ. ტრამპმა ორშაბათს მოუწოდა ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს - დემოკრატების საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს - "დაუყოვნებლივ მოიხადონ ბოდიში ვაქცინების საწინააღმდეგო უპასუხისმგებლო რიტორიკის გამო".

ორშაბათს, ჯო ბაიდენმა პენსილვანიაში შეკრებილ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ვაქცინას ხვალვე მიესალმებოდა, თუნდაც ეს არჩევნების წაგების ფასად დაუჯდეს. მაგრამ, პრობლემა, მისი აზრით, იმაშია, რომ "მართლა კარგი ვაქცინაც რომ გვქონდეს, ხალხს მისი გაკეთების სურვილი არ ექნება". დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტისგან ვირუსზე სისტემატურად გაკეთებული არასწორი და ცრუ განცხადებებია, რაც "საზოგადოების რწმენას ძირს უთხრის".

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ "პოლიტიკური ტყუილების" მიუხედავად, ნებისმიერი აცრა, რომელსაც ფედერალური მთავრობა მასობრივი ვაქცინაციისთვის დაამტკიცებს, "ძალიან უსაფრთხო და ძალიან ეფექტური იქნება". პრეზიდენტის აზრით, ვაქცინის უპრეცედენტოდ სწრაფ განვითარებას პოლიტიკური ოპონენტები მასზე თავდასხმისთვის იყენებენ. "კარგით, მოდი, დავაკნინოთ ვაქცინა" - თქვა მან ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ეს ძალიან ცუდია ამ ქვეყნისთვის, ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის ამის წარმოთქმაც კი".

რამდენიმე დღის წინ, კამალა ჰარისმაც "სი-ენ-ენს" უთხრა, რომ არჩევნების წინ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინის ნდობა ვერ ექნება. ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა განაცხადა, რომ ვაქცინის უსაფრთხოება მხოლოდ "სანდო" მეცნიერების და ჯანდაცვის მუშაკების მიერ უნდა იყოს გარანტირებული.

ოპონენტები პრეზიდენტს პანდემიასთან ბრძოლის არასწორი მეთოდების გამო აკრიტიკებენ. მათ შორის, ადანაშაულებენ ახალი კორონავირუსის მედიკამენტების ნაჩქარევად დამტკიცების მიზნით, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციაზე ზეწოლაში. შესაბამისად, არსებობს შიში, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის დამტკიცების დაჩქარებაც ხდება.

ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების საკმაო ნაწილი არ ენდობა ვაქცინას. ივლისში, "პოლიტიკოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა თითქმის მეხუთედმა თქვა, რომ არ გაიკეთებდა ახალი კორონავირუსის აცრას. მხოლოდ 14% ამბობს, რომ დიდი ალბათობით აიცრება.

საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვების გასაფანტად, ვაქცინაზე მომუშავე 9 ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ უპრეცედენტო ერთობლივი განცხადება გააკეთა. ისინი პირობას დებენ, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებში, არ გადაუხვევენ სამეცნიერო პრინციპებს და უსაფრთხოების დამკვიდრებულ ტრადიციებს.

განცხადებას ხელს აწერს კოვიდ-19-ის ვაქცინის განვითარებაში მოწინავე ფაზაზე მყოფი ბევრი ცნობილი ფარმაკოლოგიური კომპანია. ესენია: "ასტრაზენეკა", "მოდერნა", "ბიოენტექი", "გლაქსოსმითკლაინი", "მერკი", "ჯონსონი და ჯონსონი", "ფაიზერი", "სანოფი" და "ნოვავაქსი".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG