ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველო რეგიონის ლიდერია, თუმცა დემოკრატიული გამოწვევების წინაშე დგას


კორუფციის აღმოფხვრის მცდელობის წარუმატებლობა მსოფლიოში დემოკრატიის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზია“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ორგანიზაცია, რომელმაც დღეს კორუფციის აღქმის ყოველწლიური ინდექსი გამოაქვეყნა.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ 180 ქვეყნისა და ტერიტორიის მონაცემებს აერთიანებს და ეფუძნება ამ ქვეყნების მოსახლეობის, ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებებს, რომლებიც 0-100-მდე შკალაზე ქვეყანაში კორუფციის არსებობას აფასებენ. 0-თან ახლოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია, 100-თან - ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული. წლევანდელ ინდექსში ქვეყნების 2/3-ზე მეტი 50-ზე დაბლა ნიშნულზეა, რაც ნიშნავს, რომ იქ კორუფცია საშუალოზე მაღალია. ზოგადი, საშუალო მაჩვენებელი კი 43 ქულაა.

„კორუფციის „აყვავების“ მეტი შესაძლებლობა იქაა, სადაც დემოკრატიის საფუძვლები სუსტია. სწორედ ამას ვხედავთ ბევრ ქვეყანაში, სადაც არადემოკრატი და პოპულისტი პოლიტიკოსები ამას თავის საკეთილდღეოდ და უპირატესობად იყენებენ“, - ამბობს დელია ფერეირა რუბიო, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარე.

საქართველო

საქართველოს ამ ინდექსში 58 ქულა აქვს, გასულ, 2017 წელთან შედარებით მისი პოზიცია 2 ნიშნულითაა გაუმჯობესებული. თუკი შარშან ის 56 ქულით 46-ე ადგილზე იყო, დღეს 58 ქულით 41-44-ე ადგილზეა. მსგავსი - 58 ქულა აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ლატვია, ესპანეთი, სენტ-ვინსენტი და გრენადინები.

საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ეს ჯგუფი 35 ქვეყანას აერთიანებს და მათ შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - 20 ქულა - თურქმენეთს აქვს.

ქვეყნების რეგიონული ანალიზის ნაწილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ორგანიზაცია იმ ქვეყნებს შორის ასახელებს, რომლებსაც უახლოეს წლებში საერთაშორისო საზოგადოება დიდი ყურადღებით უნდა დააკვირდეს. ასეთი ქვეყნებია თურქეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა, საქართველო, უკრიანა, მაკედონია და სომხეთი. ისინი ამ კატეგორიაში "გამოწვევების მქონე პოლიტიკური ლანდშაფტის" გამო მოხვდნენ. თუმცა, სომხეთი მათ შორის ერთ-ერთ პოზიტიურ მაგალითად სახელდება.

"მართალია საქართველომ გასულ წელთან შედარებით ორი ნიშნულით გაიუმჯობესა მდგომარეობა, მაგრამ ქვეყანაში კვლავ შეინიშნება "უკუსვლა დემოკრატიაში", რაც მაღალი დონის კორუფციის რისკს ზრდის. სამართალდამცავთა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა - ეს არის ამ უკუსვლის ზოგიერთი მიზეზი", - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ანგარიშში, რომელიც უკვე 26 წელია მზადდება და ქვეყნდება.

"მიუხედავად მთავრობაში კორუფციისა და სხვა დარღვევების გამოძიების გადაუდებელი საჭიროებისა, საქართველოში ვერ მოხერხდა ისეთი დამოუკიდებელი უწყებების შექმნა, რომლებიც ამ ფუნქციას განახორციელებდა", - აცხადებენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით და დასძენენ, რომ ხელისუფლებას საზოგადოების მხრიდან ნდობის პრობლემაც აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის მონაცემებით, მოქალაქეების 36 %-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალაუფლებას პირადი სარგებლობისთვის იყენებენ. ეს მონაცემი ამავე ანგარიშის თანახმად, 2013 წელს მხოლოდ 12 % იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აცხადებს, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ გადადგამს საჭირო ნაბიჯებს, ანტი-კორუფციულ საქმიანობაში პროგრესი შეფერხდება და საპირისპირო მიმართულებით განვითარდება. ამ გადაუდებელ და საჭირო ნაბიჯებს შორისაა ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

ამ ინდექსში საქართველოს პოზიციების შესახებ მონაცემები განმარტეს ორგანიზაციის თბილისის ოფისშიც:

"კვლევის მეთოდოლოგიის თანახმად, 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა. აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი CPI-ს კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ). ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე", - ასე აფასებენ ანგარიშის მონაცემებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისის წარმომადგენლები.

2018 წლის მონაცემებით პირველ ხუთეულში შემდეგი ქვეყნებია: დანია (88 ქულით), ახალი ზელანდია (87), ფინეთი (85), სინგაპური (85), შვედეთი(85). მათ მოჰყვება შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, კანადა, ლუქსემბურგი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ავსტრია და ა.შ.

საშუალოზე მაღალი კორუფციის მაჩვენებელი 32 ქულა აქვს უკრაინას, სადაც 2014 წელს დაწყებული ანტი-კორუფციული ღონისძიებები კვლავ ხარვეზიანია. რაც შეეხება რუსეთს, მისი პოზიციები წინა წელთან შედარებით კიდევ ერთი ნიშნულით გაუარესდა და 28 ქულით 138-ე ადგილზეა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG