ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო პროცესები და მედია გარემო საქართველოში - ვაშინგტონში დისკუსიები გრძელდება


ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამარულ შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და მედიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა მედიის მფლობელობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლარიზებული გარემო, წინასაარჩევნო პროცესები თუ რუსული დეზინფორმაცია. რეგიონის შესახებ მომუშავე ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ კრიტიკული და დემოკრატიული გარემოს შესანარჩუნებლად არასამთავრობო ორგანიზაციების როლი უმნიშვნელოვანესია და აუცილებელია, ქვეყანაში „კრიტიკული ხმა ისმოდეს“.

"გერმანიის მარშალის ფონდის" უფროსი მკვლევარი ჯონათან კაცი ამბობს, რომ აუცილებელია დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს, რათა არ ვნახოთ ის რეალობა, რაც სხვა ქვეყნების მაგალითზე ვიხილეთ დემოკრატიული პროცესების უკუსვლის სახით.

“ჩვენ ქართველი მონაწილეებისგან მოვისმინეთ, რომ მათ სჭირდებათ ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათ სურთ დაეხმარონ საქართველოს ნებისმიერ მთავრობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუკი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს სივრცე შეიზღუდება ან დაიხურება, ამ მიზნის მიღწევა ძალიან გართულდება. ვფიქრობ, ამერიკული მხარე უნდა დააკვირდეს ამ პროცესებს და გაგრძელდეს მხარდაჭერა ამ სივრცის შესანარჩუნებლად“, - თქვა ჯონათან კაცმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენთან საუბარში.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მედია -პროგრამის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ხატია ჯინჯიხაძემ, ქართული მაუწყებელების გამოწვევების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა 2016 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო შეფასებებით, „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყანათა სიაში შედის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია გარემო საქართველოში უარესდება. ეს ძირითადად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხდება, მას მერე, რაც მმართველ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ზოგისთვის ეს ცვლილებები ძნელად შესამჩნევი ან უმნიშვნელოა, და ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ის მდგომარეობა მედიაში, რაც წინა ხელისუფლების დროს გვქონდა, მაგრამ არის გამაფრთხილებელი სიგნალები და ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების შეზღუდვის არაერთ მცდელობას“, - აღნიშნა ჯინჯიხაძემ.

მან ასევე ისაუბრა „რუსთავი 2“ - ის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე და „კრიტიკული ინფორმაციის“ აუცილებლობაზე, რომელიც შესაძლოა სატელევიზიო სივრცეში შეიზღუდოს, თუკი „რუსთავი 2’-ის თაობაზე მიმდინარე დავა კონკრეტული შედეგით დასურლდება. ხატია ჯინჯიხაძემ ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივივ მაუწყებლის საქმიანობაზეც, რომელიც მისი თქმით, შედარებით თავისუფლად ფუნქციონირებდა 2012-2016 წლებში, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ პროცესები კვლავ უარყოფითად წარიმართა. საუბარი ასევე შეეხო „კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც“, რომლის გადაწყვეტილებებიც ხშირად შერჩევითი და პოლიტიზირებულია.

„ჩვენ გვაქვს პროგრესი ანტიკორუფციულ რეფორმებთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრმა კვლავ ძალიან დიდი გამოწვევები გვრჩება ხელისუფლების კონცენტრაციასთან მიმართებით“, - ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი. გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლთა უარყოფითი დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ხშირად ისინი მხოლოდ იმიტომ ხდებიან თავდასხმის ობიეტები, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მართალია ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია დაბალ დონეზე, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი და საჭიროა ელიტურ კორუფციასთან მებრძოლი ეფექტური სისტემების შექმნა", - ამბობს გიგაური.

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები და ინფორმაცია ამძიმებს ისედაც რთულ პოლიტიკურ გარემოსა და კონტექსტს. მისი თქმით, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ კითხვების დიდი ნაწილი შესაბამისი ინსტიტუტებისა და ხელისუფლების მხრიდან უპასუხოდ რჩება და საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ იღებს სათანადო ინფორმაციას და პასუხებს. ვერძეულს მიაჩნია, რომ აუცილებელია ამ გარემოში დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა, მართლმსაჯულების სექტორმა მოახერხოს ობიექტურობის შენარჩუნება.

„ სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებები არ გვაძლევს სიმშვიდის და იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრალდებებს სათანადოდ უპასუხებს მართლმსაჯულების სექტორი - სასამართლო იქნება ეს თუ პროკურატურა. ამდენად, ეს უფრო ამძიმებს პოლიტიკურ გარემოს და საფრთხეს უქმნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და იმ მიზნებს, რასაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია“, ამბობს ვერძეული და დასძენს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მზადაა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.

„ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება და მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ იყოს გაძლიერებული და სწორად იყოს შეფასებული როგორც მიღწევები, ისე - გამოწვევები. ამ შეხვედრებზეც ფიქსირდება ინტერესი, მხარდაჭერა, სურვილი და მზაობა იმისა, რომ გაგრძელდეს კიდევ უფრო მეტად და ადეკვატურად მოვლენების ანალიზი და ჩემი შთაბეჭდილებით ამ ძმიმე პროცესების მიუხედავად, აშშ-ის შესაბამისი უწყებები მზად არიან კიდევ უფრო მეტი ყურადრება დაუთმონ საქართველოს. ჩვენი სურვილიც ესაა იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ უკვე მიღწეული შედეგები და ამ მკვეთრად პოლარიზებულმა გარემომ ყველაფერს ხაზი არ გადაუსვას, რაც აქამდე გაკეთებულა“, - ამბობს ვერძეული ჩვენთან საუბრისას.

„მარშალის ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ხატია ჯინჯიხაძემ აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, თუკი აქამდე ანტიდასავლური პროპაგანდა ძირითადად ოჯახური ღირებულებების ხაზგასმით, ტრადიციების თემითა და ლგბტ ადამიანთა უფლებების საკითხით მანიპულირებდა, ბოლო წლებში რუსული დეზინფორმაციის „მანქანა“ უკვე უშუალოდ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეა ორიენტირებული და თავდასხმის უმთავრესი ობიექტები სწორედ ამერიკა, ნატო და სხვა დასავლური ინსტიტუტებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG