ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ: რა არის ოლიგარქია და ვინ არიან ოლიგარქები?


რა არის ოლიგარქია და როგორია მისი გავლენა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე? ასევე, რით განსხვავდებიან ოლიგარქები სხვა მდიდარი ადამიანებისგან დასავლეთში?

რა არის ოლიგარქია და როგორია მისი გავლენა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე? ასევე, რით განსხვავდებიან ოლიგარქები სხვა მდიდარი ადამიანებისგან დასავლეთში? ამ და სხვა თემებზე "კლეპტოკრატიის ინიციატივის" დამფუძნებელს და "ამერიკული ინტერესის" გამომცემელს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ჩარლზ, დიდი მადლობა, რომ მოხვედით ამ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროდ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო აქტიურად საუბრობს ცნებაზე, რომელსაც ოლიგარქიას ვეძახით. რა არის ოლიგარქია და ვინ არიან ოლიგარქები? რატომ ვუწოდებთ მათ ოლიგარქებს და არა უბრალოდ მდიდარ ადამიანებს?

ოლიგარქები არ იგონებენ, არ აპატენტებენ არაფერს, არ აშენებენ კომპანიებს. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც აქტივები მიითვისეს, ხშირად კრიმინალური მეთოდებით და ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო კონტაქტებით.

ოლიგარქია, ტექნიკურად, ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ მმართველობას ჰქვია. ოლიგარქიის დროს, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ადამიანების მცირე ჯგუფმა დიდძალი ქონება ძალიან სწრაფად მოიხვეჭა მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. ეს, ძირითადად, ზოგიერთი ინდუსტრიის მიტაცებით მოხდა. განსხვავება ოლიგარქებს და ოლიგარქიასა და ჯანსაღ კაპიტალიზმს შორის ისაა, რომ ოლიგარქები არ იგონებენ, არ აპატენტებენ არაფერს, არ აშენებენ კომპანიებს. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც აქტივები მიითვისეს, ხშირად კრიმინალური მეთოდებით და ორგანიზებულ დანაშაულთან მჭიდრო კონტაქტებით. ოლიგარქია არ არის კაპიტალიზმი და ის ხელს არ უწყობს ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას, რადგან სხვა ფაქტორებთან ერთად, ოლიგარქია დაშინებასა და იძულებაზეა აგებული.

როცა ვსაუბრობთ ოლიგარქებზე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოიპოვეს მათ ქონება, ვსაუბრობთ უკიდურესად გავლენიან ადამიანებზე. რას უფრო წარმოადგენენ ისინი, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ძალას?

ისინი წარმოადგენენ ორივეს. თუმცა, ქვეყანაში რომ იყოს ძლიერი დემოკრატიული მმართველობის სისტემა, ადვილი წარმოსადგენია, რომ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები ამუშავდებოდა. ამასთან, ოლიგარქებს არავინ შეეხებოდა, თუმცა მათ ახალი წესებით თამაში მოუწევდათ. ეს კი ჯანსაღი კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. მაგრამ, სისტემაში, რომელიც ახლა გვაქვს, გამდიდრების ერთადერთი გზაა ოლიგარქობაა. იმიტომ, რომ თუ ადამ სმიტის და მაქს ვებერისეულ პრინციპებს მიჰყვები, ოლიგარქი უბრალოდ მოვა და წაგართმევს ან მოგპარავს ყველაფერს. საბოლოო ჯამში, ყოფილ საბჭოეთში, ფულის ძალა პოლიტიკური ძალაუფლების სინონიმი გახდა. ეს კი პოლიტიკური ტრაგედიაა.

ოლიგარქიულ ქვეყნებში ძალიან დიდი პრობლემაა ინტელექტის გადინება. ასევე ხშირია სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და ძალიან ცოტაა ეკონომიკური შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ოლიგარქია დემოკრატიული საზოგადოების და ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას ხელს უშლის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რას გულისხმობთ ამაში? თუ შეიძლება ახსენით როგორ უშლიან ხელს ოლიგარქები დემოკრატიის განვითარებას.

საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, ოლიგარქიული ძალის შენარჩუნება უკვე თავისთავად ანტი-დემოკრატიულია. ამასთან, დემოკრატიულ საზოგადოებებში მაღალია ეკონომიკური თავისუფლების ხარისხიც. ოლიგარქიაში კი ეს თავისუფლება არ არსებობს, ადამიანებს არ აქვთ საშუალება შექმნან ლეგიტიმური საწარმოები. ამასთან იმის გამო, რომ აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, რომელსაც ჩაკეტილი საზღვრები ჰქონდა, ადამიანები ქვეყნებიდან უბრალოდ მიდიან. შესაბამისად, ოლიგარქიულ ქვეყნებში ძალიან დიდი პრობლემაა ინტელექტის გადინება. ასევე ხშირია სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და ძალიან ცოტაა ეკონომიკური შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის.

შეიძლება თუ არა ქვეყანაში იყოს ოლიგარქი, რომელიც კონსტრუქციულ როლს თამაშობს? სულ ცოტა, ორი მაგალითი მახსენდება, როცა ოლიგარქებმა პატრიოტული და კონსტრუქციული საქმეები გააკეთეს. მაგალითად, იჰორ კოლომოისკიმ სახალხო ლაშქრები დააფინანსა უკრაინაში 2014 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, საქართველოში პოლიციისა და შეიარღებული ძალების აღჭურვასა და განვითარებაში საკუთარი ფული ჩადო. შეიძლება ქვეყანაში იყოს კარგი ოლიგარქი?

ეს ძალიან საინტერესო მოვლენა იყო. სახალხო ლაშქრების დაფინანსება უკრაინაში ომის ადრეულ ეტაპზე მოხდა. მაშინ რამდენიმე უკრაინელ ოლიგარქს არ უნდოდა პუტინის გავლენის ქვეშ მოხვედრა და მათ ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისი ფული და ძალა ჰქონდათ. არ ვიცი რამდენად პატრიოტები არიან ისინი. ერთი რამ ცხადია, მათ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდათ. მათი მოქმედებები მას შემდე ძალიან დრამატულად შეიცვალა.

საქართველოზე უფრო ნაკლები ვიცი, თუმცა, პატარა ქვეყნის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია ისეთი მოდელის ქონა, როგორიც ევროპული მონარქიები იყო. ზოგიერთი მონარქი, რომელმაც ქვეყანა მემკვიდრეობით მიიღო, ხალხისთვის კარგი მმართველი იყო, ქვეყნებში იყო თავისუფლება და კანონის უზენაესობა. შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი ადამიანი, დასავლეთთან კარგი კონტაქტებით, რომელმაც თქვას, რომ მე მინდა ჩემს ქვეყანას ტრანზიციაში დავეხმარო, თუმცა ჩემი ფული, ძალაუფლება, სასახლეები... ყველაფერი უნდა შევინარჩუნო.

თუ ქვეყანაში ერთი ოლიგარქია, ყველაფერი დამოკიდებულია მის ხასიათზე - მონარქის - ხასიათზე. შეიძლება გვყავდეს ივანე მრისხანე და შეიძლება გვყავდეს დავით აღმაშენებელი.

რამდენად სავარაუდოა ასეთი ადამიანის არსებობა?

ეს უკიდურესად არა-სავარაუდოა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მსოფლიოს იმ ნაწილში სიმდიდრე ხშირად უკავშირდება კრიმინალურ ქსელებს. პუტინის მაფიოზური ქსელი იმდენადაა დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან, რომ ძალიან ძნელი იქნება მისგან თავის დაღწევა. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ტრანზიციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება.

საქართველოსა და მოლდოვას ოლიგარქები მართავენ. საქართველოს შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილია მმართველი პარტიის ლიდერი, მოლდოვაში კი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი. სხვა კლეპტოკრატიულ ქვეყნებში ერთზე მეტი ოლიგარქია ჩართული პროცესებში. რა ჯობია, ქვეყანას ჰყავდეს ერთი ოლიგარქი, თუ ბევრი?

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოზიციები აქვთ. შეიძლება ჩვენ ზედმეტად ღია სურათს ვხატავდეთ, მაგრამ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია. უკრაინასთან შედარებით, მოლდოვაში ვითარება ძალიან მძიმეა. იქ არა მხოლოდ ძალაუფლების კონსოლიდაცია მოხდა, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ოლიგარქს ეწინააღმდეგებიან, სიცოცხლის საფრთხე ექმნებათ. უკრაინაში ოლიგარქების პლურალიზიმია და ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური ძალაუფლების მხრივ. უკრაინას დასავლეთიც დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ისეთი პატარა ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც მოლდოვაა, არ ვიცი რამდენადაა ყურადღება მიმართული კიშინიოვისკენ. თუ ქვეყანაში ერთი ოლიგარქია, ყველაფერი დამოკიდებულია მის ხასიათზე - მონარქის - ხასიათზე. შეიძლება გვყავდეს ივანე მრისხანე და შეიძლება გვყავდეს დავით აღმაშენებელი.

თქვენ ამბობთ, რომ დასავლეთს გარკვეული ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა ჯანსაღ ჩარჩოებში მოაქციოს. რას გულისხმობთ ამაში, რის გაკეთებაა შესაძლებელი?

რაღაც ნამდვილად უნდა გაკეთდეს. ამ სისტემას ჩვენ ხელს ვუწყობთ. ნებისმიერი ოლიგარქი რომ აიღოთ, მათ დასავლეთის იურისტები, ევროპული პი-არ კომპანიები ჰყავთ. ფულის დიდი ნაწილი დასავლურ აქტივებში აქვთ დაბანდებული. ჩვენ ამ პრობლემის შექმნაში დიდი წვლილი მიგვიძღვის - არა მხოლოდ მისი შექმნით, არამედ მისი წახალისებითაც. „დოიჩე ბანკის“ ბოლო მოვლენები ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, თუ როგორაა დასავლური ფინანსური სისტემა დაინტერესებული ამ ფულით. ალბათ, გახსოვთ „პანამის დოკუმენტები.“ თანხების რაოდენობა, რომლებიც ამ სკანდალით გასაჯაროვდა, დაახლოებით, 300-ზე უნდა გავამრავლოთ იმისთვის, რომ შედარებით ზუსტი წარმოდგენა შევიქმნათ ამ გლობალურ პრობლემაზე. თუ დასავლეთმა საკუთარ თავში არ აღმოფხვრა კორუფცია, რომელიც კლეპტოკრატიულ ოლიგარქიას ხელს უწყობს, ეს პრობლემა არ გადაიჭრება.

რამდენად რეალისტურია ამ ფულის რეგულირება?

სრულიად რეალისტური. ჩვენ უამრავ სექტორს ვარეგულირებთ. ვარეგულირებთ ინტერნეტს, დასავლეთში შევამცირეთ სიგარეტზე დამოკიდებულება, ვარეგულირებთ თითქმის ყველაფერს. პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ოლიგარქების ფულის დარეგულირებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ეს, ფაქტობრივად, ლეგალიზებული მეკობრეობაა. დასავლეთი კი, იმის გამო, რომ ოლიგარქიული ბიზნეს-პრაქტიკის აღმოფხვრას არ ცდილობს, ზოგიერთი მანკიერი პრაქტიკა კლეპტოკრატიიდან კაპიტალიზმშიც გადავიდა და ამის გამო დღეს ამერიკაში, მაგალითად, უთანასწორობის უდიდესი და მზარდი მაჩვენებელი გვაქვს. ოლიგარქია, პლუტოკრატია, უთანასწორობა გლობალური პრობლემებია, რომლებიც ჩვენს ცივილიზაციას საფრთხეს შეუქმნის თუ ეს პრობლემა არ გადავჭერით.

რა განსხვავებაა დასავლეთისა და ოლიგარქიული ყოფილი საბჭოეთის პლუტოკრატიებს - ფულის ძალას შორის?

ყველაზე ცხადი განსხვავება ისაა, რომ დასავლეთში ჯერ ისევ გვაქვს ნამდვილი კაპიტალიზმი, ჯანსაღი მეწარმეობა, ვქმნით „ეფლის“ კომპიუტერებს და ტელეფონებს, გვაქვს „ორაკული,“ უამრავი ახალი დიდი გამოგონება. დასავლეთში უხვად არიან ადამიანები, რომლებიც პატიოსნად იწყებენ ბიზნესს საკუთარ გამოგონებებსა და იდეებზე დაყრდნობით და ამ ბიზნესით უდიდესი ქონების პატრონები ხდებიან. ისინი ეკონომიკას ღირებულებას მატებენ. ფინანსური სექტორი კი - სადაც ოლიგარქების ქონების დიდი ნაწილია ჩადებული - ეკონომიკას არაფერს მატებს. რომ აიღოთ დამატებითი ღირებულების გადასახადი და შეისწავლოთ, წილობრივად ვინ იხდის ყველაზე მეტს, ეს ფინანსური სექტორი არ იქნება.

გლობალიზაციის პირობებში ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული - კაპიტალისტების ფული ოლიგარქების ფულთან ირევა, დემოკრატიული ქვეყნების ფინანსური სექტორები გაურკვეველი წარმომავლობის ფულს ოლიგარქებისგან ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე იღებენ. საიდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის გადაჭრა? რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ?

პირველ რიგში ხალხმა უნდა მოითხოვოს გამჭვირვალობა. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ გააკეთებენ სათანადო არჩევანს. „პანამის დოკუმენტები“ ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა იყო. ეს მეოთხე სექტორმა გააკეთა, რასაც ჯეფერსონი მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან შტოს უწოდებდა. ის საქმე, რაც ჟურნალისტებმა დაიწყეს, დემოკრატიულ ქვეყნებში სამართალდამცავებმა გააგრძელეს და ჩვენ ვნახეთ ადამიანების გასამართლების შემთხვევებიც. ამ მხრივ მედია ძალიან მნიშვნელოვანია. გამჭვირვალობის ერთ-ერთი ნაწილი კი ის იქნება, რომ შევწყვიტოთ კომპანიების და აქტივების ანონიმური მფლობელობა. ამერიკაში ამას უკვე ვაკეთებთ, ევროკავშირი კი ჩვენზე წინაა. ეს კი დასავლეთისთვის დიდი ნაბიჯია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG