ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

56 წლის შემდეგ თბილისში ევრობასკეტი ბრუნდება


საქართველოს დელეგაცია მიუნხენში FIBA-ს არჩევანს ზეიმობს
საქართველოს დელეგაცია მიუნხენში FIBA-ს არჩევანს ზეიმობს

თბილისი კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი იქნება - ეს ისტორიული გადაწყვეტილება FIBA-მ მიუნხენში მიიღო. საქართველოს დედაქალაქის გარდა ევრობასკეტ-2021-ს ასევე უმასპინძლებენ იტალიის მილანი, გერმანიის კიოლნი და ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა.

ამ ოთხეულმა ბუდაპეშტს, ლიუბლიანასა და ტალინს აჯობა, რომლებიც ევროპის მთავარი საკალათბურთო ფორუმის მისაღებად ასევე იბრძოდნენ. FIBA-ს არჩევანი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მასპინძლის სტატუსით, იტალიის, გერმანიის და ჩეხეთის ნაკრებების მსგავსად, ევრობასკეტზე შესარჩევი ეტაპის გარეშე საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოხვდა.

თბილისი - ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:34 0:00

2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 24 ნაკრები ითამაშებს და ერთ ექვსგუნდიან ჯგუფს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იქნება სწორედ თბილისი უმასპინძლეს.

ამ დროისთვის ჩვენს დედაქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი საკალათბურთო დარბაზი, რომელიც მინიმუმ 15000 მაყურებელს დაიტევს. სწორედ ასეთი პირობა დადო FIBA-ს წინაშე საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც მიუნხენში, ქვეყნის პრეზიდენტი წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილმა კერძოდ ბრძანა:

2021 წელს თბილისი კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს რეალურად გავხდით ევროპული სპორტის სრული ნაწილი“
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

„საქართველოში არაჩვეულებრივი პოზიტივით და გამარჯვებით ვბრუნდებით, 2021 წელს საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა იქნება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს რეალურად გავხდით ევროპული სპორტის სრული ნაწილი“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წელს ზედიზედ მეხუთე ევრობასკეტზე ითამაშებს. წინა ოთხ ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ორჯერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გავლა. 2011 წელს, 24 გუნდში, ქართველმა კალათბურთელებმა მე-11 ადგილი დაიკავეს, 2013 წელს - მე-17 და 2015 წელს - მე-15, მას მერე, რაც დრამატული მეთექვსმეტედფინალში ლიტვასთან 81-85 დავმარცხდით. 2017 წელს ისევ მე-17 ადგილი.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა პრეზიდენტთან ერთად
კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა პრეზიდენტთან ერთად

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია, რომელიც ასევე დაესწრო მიუნხენში გამართულ კენჭისყრას ამბობს:

ის, რომ საქართველო ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს ჩვენი კალათბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გამარჯვებაა და მინდა ქართველ ხალხს მივულოცო"
თორნიკე შენგელია, საქართველოს ნაკრების ლიდერი

„ევრობასკეტი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და კონტინენტის ყველაზე დიდი საკალათბურთო ფორუმია. ის, რომ საქართველო ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს ჩვენი კალათბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი გამარჯვებაა და მინდა ქართველ ხალხს მივულოცო. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის აქ ყოფნამ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა.“

თბილისში ევრობასკეტი 56 წლის შემდეგ ბრუნდება, პირველად ევროპის ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქმა 1965 წელს უმასპინძლა. რიგით მე-14 ევრობასკეტის ფარგლებში, მოსკოვსა და თბილისს სულ 16 ნაკრები ეწვია. აქედან თბილისის ჯგუფში რვა ნაკრებმა ითამაშა, რომელთაგან ორმა იუგოსლავიამ და პოლონეთმა, საბოლოოდ სსრკ-ს შემდეგ, ევრობასკეტ 1965-ზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

1965 წლის ევრობასკეტის გახსნა თბილისის სპორტის სასახლეში
1965 წლის ევრობასკეტის გახსნა თბილისის სპორტის სასახლეში

1965 წლის ევრობასკეტს მოსკოვის ლუჟნიკების კალათბურთის დარბაზი და თბილისის სპორტის სასახლე მასპინძლობდნენ. გამომდინარე იქედან, რომ სპორტის სასახლე ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, რეკონსტრუქციას საჭიროებს და ვერ აკმაყოფილებს FIBA-ს მოთხოვნებს, თბილისში ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება, სადაც ახალი არენაც იქნება.

FIBA-ს აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ახალი საკალათბურთო არენა 15000 გულშემატკივარზე იყოს გათვლილი. თბილისის რომელ უბანში აშენდება ეს კომპლექსი და რა დაუჯდება ქვეყნის ბიუჯეტს ჯერჯერობით უცნობია.

საქართველოს წარდგენა FIBA-ს კონგრესზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG