ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს შეთქმულების თეორიას, რომ დასავლეთი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ანგრევს 


მასალა მომზადებულია “ამერიკის ხმის” დეზინფორმაციის შესწავლის პროექტ “პოლიგრაფის“ მიერ.
ავტორი: William Echols

ნარიშკინის ეს განცხადება არის სიცრუე

სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი : „კიევის ამჟამინდელი რეჟიმი და მათი პტრონები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ცდილობენ არა მხოლოდ აკრძალონ, არამედ ფიზიკურად გაანადგურონ კანონიკური მართლმადიდებლობა უკრაინის ტერიტორიაზე“.

გასულ კვირას უკრაინის მთავრობამ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს (არ უნდა აგვერიოს უკრაინის დამოუკიდებელ მართლმადიდებელ ეკლესიაში) მოსთხოვა დაეტოვებინათ ისტორიული კიევ-პეჩორის ლავრა. ეკლესიამ ამაზე უართი თქვა და კვირას, 2 აპრილს, იქ ღვთისმსახურება აღავლინა.

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია, მაგრამ აცხადებს, რომ დამოუკიდებლად მოქმედებს. მიუხედავად ამისა, უკრაინაში ბევრს მიაჩნია, რომ ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს კონტროლის ქვეშ რჩება.

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსახლების მოთხოვნით მონასტერთან აქციაც გაიმართა.

სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სცადა ეს ამბავი წარმოეჩინა როგორც დასავლური ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

„კიევის ამჟამინდელი რეჟიმი და მისი ბატონები დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში ცდილობენ არა მხოლოდ აკრძალონ, არამედ ფიზიკურად გაანადგურონ კანონიკური მართლმადიდებლობა უკრაინის ტერიტორიაზე“.

მანვე თქვა, რომ დასავლეთი არსებითად არ ცნობს წითელ ხაზებს „როცა საქმე ეხება რელიგიური კონფლიქტების გაღვივებას."

ბრალდებები, რომ დასავლეთი უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის განადგურებას ცდილობს, მცდარია.

რაც დღეს უკრაინაში ხდება მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში, ფართო ჭრილში, ასახავს რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის სურვილს ეროვნული თვითგამორკვევისკენ. მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ ომი არ მიმდინარეობს. საკითხი არის ინსიტუციური კავშირი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და რუსეთს, აგრესორ სახელმწიფოს შორის.

პირველ რიგში, ცოტა რამ წარსულის შესახებ.

მართლმადიდებელი ქრისტიანობა ყველაზე დიდი რელიგიაა უკრაინაში, თუმცა ქვეყანაში არის დიდი ბერძნული კათოლიკური უმცირესობა, მცირე ებრაულ და მუსლიმურ თემებთან ერთად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინაში არსებობს ორი მართლმადიდებელი ეკლესია: უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ქვემდებარება და უკრაინის მართმადიდებელი ეკლესია, რომელიც დამოუკიდებელია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან.

2022 წლის მაისში უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თუმცა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა უკრაინულ მართლმადიდებულ ეკლესიას არ მიანიჭა „ავტოკეფალია“ - ტერმინი, რომელიც ავტონომიას ნიშნავს.

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს მთავარი სულიერი ლიდერია.

ბართლომემ უკრაინის ეკლესიას, უკრაინის მართლმადიდებულ ეკლესიას ავტოკეფალია, 2019 წელს მიანიჭა.

ამ ნაბიჯმა მოსკოვი გააბრაზა, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად ცდილობდა დაედანაშაულებინა შეერთებული შტატები საეკლესიო განხეთქილების ხელშეწყობაში.

მოსკოვის პრეტენზიების გასამყარებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ბართლომემ უარყო, რომ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაზე გავლენა გარე ძალებმა მოახდინეს

რობერტ ბლიტი, ტენესის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ამბობს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის კატალიზატორი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „ურყევი მიდომაა“ მოსკოვის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით და არა ამერიკის ჩარევა პროცესში.

ბლიტი ამტკიცებს:

„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის დონბასის რეგიონში სეპარატისტული ჯგუფების მხარდაჭერის ფონზე, მოსკოვის საპატრიარქომ ზედმეტად ითამაშა. სხვა საკითხებთან ერთად, ეკლესიის ოფიციალური პირები უარყოფდნენ უკრაინის ეროვნული იდენტობის ავთენტურობას და ლეგიტიმურობას, გამოხატავდნენ მხარდაჭერას დონეცკსა და ლუჰანსკში მოქმედი აჯანყებულების მიმართ“.

რუსეთის 2022 წლის შეჭრის გამართლების მცდელობისას, პუტინმა განაცხადა, რომ მართლმადიდებლები უკრაინაში დევნას განიცდიდნენ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მოსკოვის პატრიარქმა კირილემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის საომარ ძალისხმევას.

თებერვალში ევროპულმა საინფორმაციო მედიამ, შვეიცარიის პოლიციის დოკუმენტებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ კირილი მსახურობდა სუკის (KGB) ჯაშუშად შვეიცარიაში 1970-იან წლებში.

„კირილი, რომელიც დღეს არის პუტინის ომის მხურვალე მხარდამჭერი უკრაინაში, ცხოვრობდა ჟენევაში 1970-იანი წლების დასაწყისში, ოფიციალურად როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოში (WCC). კოდური სახელწოდებით „მიხაილის“, კირილის მისია იყო გავლენა მოეხდინა საბჭოზე სუკის მითითებით,“- წერს „ფრანს 24“.

უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება გასულ წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, მოსკოვის შეჭრამ გამოიწვია, რომელიც მათ დაგმეს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა საზოგადოების აღშფოთებიდან გამომდინარე საჯარო ლოცვებში კირილის ხსენება შეწყვიტეს.

400-ზე მეტმა მღვდელმა ასევე ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დაგმო კირილი, „უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების აგრესიული ქმედებების მხარდაჭერისთვის“.

გასულ თვეს, ბართლომემ თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანამშრომლობდა რუსეთის სახელმწიფოსთან „აგრესიის დანაშაულში“ უკრაინის წინააღმდეგ და „იზიარებს პასუხისმგებლობას მომხდარ დანაშაულებზე“.

მიუხედავად ამისა, უკრაინის მართლამდიდებელი ეკლესიის მღვდლებს მოსკოვის ერთგულებას აბრალებენ.

ამან გამოიწვია უკრაინის მთავრობის რეაქცია, რომელმაც ზოგი დამკვირვებლის აზრით, შეიძლება რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავდა დაემტკიცებინა კანონი, რომელიც შეუძლებელს გახდიდა რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირებას უკრაინაში.

ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ პირადი სანქციების დაწესების შესახებ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრები და სხვა დაკავშირებული ადგილები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაარბიეს.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათეულობით მღვდელმსახური გამოძიების ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე დგანან რუსეთის ძალებთან სავარაუდო თანამშრომლობის ან მოსკოვის საომარი ძალისხმევის მხარდაჭერის გამო.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირი რუსულ ძალებთან თანამშრომლობისთვის უკვე გაასამართლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენები რუსეთში გაიქცნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) კიევ-პეჩორის ლავრის ყოფილ წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლოს ბრალი დასდო „რელიგიური მტრობის გაღვივებაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამართლებაში და შეიარაღ ებული აგრესიის უარყოფაში“.

1 აპრილს სასამართლომ პავლოს შინაპატიმრობა შეუფარდა. პავლომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ მოსკოვის პასუხი კიევ-პეჩორის ლავრაში განვითარებული მოვლენების დროს ასახავს მის ქმედებას რელიგია ამჯერადაც იარაღად გამოიყენოს, რათა უკრაინა ბოროტად შეფასდეს და რუსეთი კი მართლმადიდებელი ქრისტიანული ღირებულებების მფარველად წარმოაჩინოს“.

მიუხედავად ამისა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა უკრაინის მთავრობა გააფრთხილა რისკების შესახებ, რა შემთხვევაშიც შეიძლება რელიგიის ან რწმენის თავისუფლების უფლება შეილახოს. უწყება აღნიშნავს, რომ „ნებისმიერი შეზღუდვა რელიგიის ან მრწამსის გამოხატვის უფლებისა უნდა იყოს კანონის შესაბამისი, საგანგებო სიტუაციასთან მისადაგებული და პროპორციული“.

მაგრამ აქვე გაერო განმარტავს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებშიც შეინიშნება „რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა”. გაერო აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში არსებული დაძაბულობა უკრაინის მართლმადიდებელ თემებს შორის გაღრმავდა და გაუარესდა „უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინამ თავი დაიცვას, და ამასთან განაცხადა, რომ მოელის, რომ უკრაინა დაიცავს რელიგიის თავისუფლებას, როგორც ეს საერთაშორისო კანონმდებლობაშია გაწერილი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG