ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიში: "დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელი"


"დროა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს ქართველი კორუმპირებული მოსამართლეებისთვის პასუხის მოთხოვნა", - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის ამერიკაში მოგზაურობის თაობაზე დასანქცირებასთან დაკავშირებით.

"დღევანდელი გადაწყვეტილება დაგვიანებულია, მაგრამ ძალიან მისასალმებელი. გავაგრძელებ ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერას ჰქონდეთ უფრო დემოკრატიული და ნათელი მომავალი", - წერს სენატორი თავის "ტვიტერ" გვერდზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო ამერიკაში შესვლა აუკრძალა.

"ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და საზოგადოების რწმენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი", - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა კვლავ იდგება ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ანგარიშვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც საჯარო მოხელის ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. "ჩვენ ვდგავართ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვინც პატიოსნად და სიმამაცით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მოქმედებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, ამერიკაში შესვლა შეეზღუდება ამ ოთხ პირს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს.

XS
SM
MD
LG