ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაეროს ახალ რეზოლუციას სთავაზობს


ლავროვის თქმით, სიტუაცია რეგიონში თანდათან უარესდება და რეზოლუცია მიმდინარე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის გეგმას სთავაზობს. სერგეი ლავროვი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სიტუაცია რეგიონში თანდათან უარესდება და რომ რეზოლუცია მიმდინარე ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთანავე სიტუაცია დაწყნარდებოდა. თუმცა დღეს ყველაფერი ზუსტად ამის საპირისპიროდ ხდება“ - აცხადებს ლავროვი.

საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრო პოროშენკოს არჩევის შემდეგ, უკრაინის სახელისუფლებო ძალები იერიშზე გადავიდნენ და იმ პრორუსული განწყობის სეპარატისტებს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის საზღვართან რამდენიმე რეგიონს აკონტროლებენ. ქალაქ ლუგანსკში ბრძოლები დღესაც გრძელდებოდა, სადაც სეპარატისტები უკრაინის საზღვართან მდებარე საგუშაგოს დაესხნენ თავს.

რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაციამ, ენერგო-გიგანტმა „გაზპრომმა“ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეს უნდა შესულიყო, დროებით შეაჩერა. ბუნებრივი აირის შეწყვეტა გავლენას არამარტო უკრაინაზე, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებზეც მოახდენდა. უკრაინამ დავალიანებიდან 786 მილიონი უკვე გადაიხადა, რითაც „გაზპრომისგან“ ვალის სრულად დაფარვისთვის დამატებით ერთი კვირა მიიღო.
XS
SM
MD
LG