ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ლუგანსკთან


პრორუსული განწყობის სეპარატისტთა დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი ლუგანსკის მახლობლად მდებარე საგუშაგოს დაესხა თავს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებები გრძელდება. მას შემდეგ რაც წუხელ, შუაღამის შემდეგ, პრორუსული განწყობის სეპარატისტთა დაახლოებით 100-კაციანი ჯგუფი ლუგანსკის მახლობლად მდებარე საგუშაგოს დაესხა თავს, უკრაინის არმიის ნაწილები კონტრიერიშზე გადავიდნენ.

საგუშაგო რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომტრში მდებარეობს. თავდამსხმელები ავტომატური იარაღით, ყუმბარმტყორცნებით და ნაღმმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული. სეპარატისტებს მოგვიანებით რამდენიმე ასეული ადამიანი დაეხმარა.

სასაზღვრო ჯარების სპიკერის განცხადებით, შეტაკებაში 5 ამბოხებული დაიღუპა და 8 დაიჭრა. უკრაინის არმიის მხარეს 7 დაჭრილია, მათ შორის 4 - საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე „ანტიტერორისტული ოპერაციის“ სპიკერი ვლადისლავ სელეზნიოვი აცხადებს, რომ ადგილზე საბრძოლო თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც ყუმბარმტყორცნთა 2 ჯგუფი გაანეიტრალა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხედრო თვითმფრინავიდან გახსნილი ცეცხლის გამო ლუგანსკის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას უკავია, 5 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ შენობაზე თავდასხმა არ განხორციელებულა.
XS
SM
MD
LG