ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა: გვაქვს თუ არა საქმე ჩეჩენი მებრძოლების როლთან?


რამზან კადიროვი რუსი ჟურნალისტების გარემოცვაში
აღმოსავლეთ უკრაინაში, პრო-რუს სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ჩეჩნების ფოტოებმა, სლავური ბლოგების სივრცეში ფურორი მოახდინა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს სეპარატისტების მიმართ თანაგრძნობას ანელებს.

მაიკლ ბომი, რუსულ ფსიქოლოგიაზე ნაშრომების ავტორი ამბობს, რომ მებრძოლების ჩამოსვლა იმ რეგიონიდან, რომელიც დიდი ხანია ტერორიზმთან ასოცირდება, აღმოსავლეთ უკრაინის უფროსი თაობის გაუცხოებას გამოიწვევს. ეს, ის რუსულად მოლაპარაკე პაპები და ბებიებია, რომელთაც ხანდახან მოსკოვის მმართველობაზე ნოსტალგია ეწვევათ ხოლმე.

„ეს, ასე ვთქვათ, აუფასურებს მთლიან თემას, რომ აქ ადგილობრივი ბრძოლა მიმდინარეობს. უბრალო ბებიები და პაპები, უბრალო ადამიანები, რომლებიც კიევს მაინცდამაინც არ ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ რუსეთთან შეერთებაც არ უნდათ, ამას დიდი მოწონებით არ შეხედავენ.“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსკოვმა ორი სისხლიანი ომი გადაიხადა ჩეჩნეთის, მეტწილად მუსლიმებით დასახლებული რესპუბლიკის შესანარჩუნებლად. იმ პერიოდში, ჩეჩნეთის რუსი ეროვნების მოსახლეობის რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 1989 წლის 23 პროცენტიდან 2 პროცენტზე ნაკლებამდე. ძალიან ბევრი სლავური წარმოშობის მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის ორი პოსტ-საბჭოთა ომი, ცივილიზაციების 200 წლიანი დაპირისპირების ბოლო ეპიზოდი იყო, რომელიც ისლამურ ჩეჩნეთსა და ქრისტიან რუსეთს შორის მოხდა.

გასულ კვირას, პრეზიდენტმა კადიროვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი ყველა ჩეჩენი იქ ინდივიდუალურად ჩავიდა. ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ ჩეჩნეთის ძალები და განსაკუთრებით „ჩეჩნური სამხედრო ესკორტი“ ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს.“

პოლიტიკის კვლევის კიევის საერთაშორისო ცენტრის, შიდა პოლიტიკის განყოფილების დირექტორი იაროსლავ კოვალჩუკი ამბობს, ეჭვგარეშეა, რომ ამჟამად მის ქვეყანაში ჩეჩნები იბრძვიან.

„ ჩვენ მოწმეები გვყავს, დონეცკის რეგიონში, დონბასის ადგილობრივი მცხოვრებნი. ისინი ამბობენ, რომ ამ სამხედრო კონფლიქტში შეიარაღებული ჩეჩნები ნამდვილად მონაწილეობენ.“

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, ბორის ნემცოვმა ინტერნეტზე კარგად შეიარაღებული მამაკაცების ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც გასულ კვირას, დონეცკის აეროპორტში მიმდინარე დიდმასშტაბიანი ბრძოლების დროს ჩეჩნების მიერ ნამაზის შესრულება იყო აღბეჭდილი. მან დაწერა: „კადიროვის ხალხი, აეროპორტისთვის გამართულ ბრძოლაში შესვენების დროს, ნამაზს ასრულებს.“

დონეცკის მერმა ოლექსანდრ ლუკიანჩენკომ თქვა, რომ ჩეჩნები იმ 43 სეპარატისტს შორის იყვნენ, რომლებიც აეროპორტთან გამართული ბრძოლის შემდეგ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ჩეჩნები იმ 34 დაღუპულთა შორისაც იყვნენ, რომელთა ცხედრებიც ხუთშაბათს დონეცკიდან რუსეთში გაგზავნეს.

კოვალჩუკს მიაჩნია, რომ ჩეჩნების გამოყენება სეპარატისტებსვე მიაყენებს ზიანს.

„ადრე, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სახალხო მოლაშქრეებს უჭერდა მხარს იმიტომ, რომ ფიქრობდნენ ისინი ადგილობრივები იყვნენ. ახლა ისინი ჩეჩნებს ხედავენ, გარკვევით ხედავენ, რომ ისინი ადგილობრივი შეიარაღებული პირები კი არა, სხვა ქვეყნიდან მოსული სამხედროები არიან.“

ადგილობრივი სეპარატისტების მხარდამხარ მხოლოდ ჩეჩნები არ იბრძვიან. „ასოშეითიდ პრესის“ ჟურნალისტმა, რომელიც დონეცკში გამართულ აღლუმს აკვირდებოდა თქვა, რომ დაინახა მებრძოლი, რომელსაც სამხრეთ რუსეთის მკვიდრი კაზაკის განმასხვავებელი ნიშანი ეკეთა.

ბომი ამბობს:

„აქ უამრავ დაქირავებულს ხედავდნენ, ყველა მხრიდან. ავღანეთის ომის, ჩეჩნეთის ომის, ორივე ომის ვეტერანებს. აქ ფულის შოვნის კარგი საშუალება აქვთ.“

ხუთშაბათს, გაეროში უკრაინის ელჩმა, იური სერგეევმა, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში „დაქირავებულთა შეგზავნის“ შეწყვეტა მოითხოვა.

ის გაეროში რუსეთის ელჩს ვიტალი ჩურკინს მიუბრუნდა და ჰკითხა: „ასობით ჩეჩენი უკრაინაში რას აკეთებს? ისინი რისთვის მოვიდნენ, უკრაინის მართლმადიდებლობის თუ სლავთა ერთობის დასაცავად?“

რუსმა დიპლომატმა პასუხად თქვა , რომ სერგეევის „ჩეჩნების შესახებ ირონიული კომენტარი„უაზრო“ იყო.

აღმოსავლეთ უკრაინელების კეთილგანწყობის მოპოვების საქმეში, სეპარატისტებმა საკუთარი ცოცხალი ძალის ნაკლებობის პრობლემის მოგვარების მცდელობისას შეიძლება წაიბორძიკეს.
XS
SM
MD
LG