ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რკინის ნოეს“ სიმბოლური დაბრუნება


სურათზე: ნოე რამიშვილის ფრანგული პასპორტი თბილისის აეროპორტში

თითქმის 95 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის პასპორტმა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

გუშინ, თბილისის აეროპორტში დიდი ბაბუის ფრანგული პასპორტით, მისი შვილიშვილი მიშელ რამიშვილი შემოვიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, აეროპორტის საკონტროლო გამშვებ-პუნქტში „რკინის ნოედ“ წოდებულ, ყოფილი მინისტრის პასპორტზე, რომელიც მან 1924 წელს, საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის დროს მიიღო, სიმბოლურად საქართველოში შემოსვლის შტამპი დაისვა.

მიშელ რამიშვილმა, რომელიც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე შექმნილი ფრანგულ-ქართული კომიტეტის წევრია, ბრძანა, რომ ნოე რამიშვილის ყველა შთამომავლისთვის ეს დიდი დღეა.

„ჩამოვიტანე ნოე რამიშვილის პასპორტი, რომლის ფურცლებზეც ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ბეჭედია. ამას ჩვენი ოჯახისთვის დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს ჩემი დიდი ბაბუის ერთგვარი დაბრუნებაა საქართველოში ამდენი ხნის შემდეგ.“

ისტორიკოსთა წრეებში ამ დრომდე არ წყდება დავა, რა ბედი ეწეოდა პირველ რესპუბლიკას, პრემიერ მინისტრად (მთავრობის თავჯდომარედ) ნოე რამიშვილი რომ დარჩენილიყო? იგი ამ თანამდებობაზე, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს აღმოჩნდა, თუმცა, ისე, რომ ერთი თვეც არ უმუშავია, პოსტი ნოე ჟორდანიას დაუთმო.

რამდენიმე ისტორიული წყაროს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებაში, პირველი „ხავერდოვანი გადატრიალების“ უკან, მეორე ნოე - ჟორდანია იდგა, რომელმაც რამიშვილს ეროვნული გვარდია და თბილისელ მუშათა ნაწილი აუმხედრა.

ნოე რამიშვილმა მოღვაწეობა შინაგან საქმეთა მინისტრად განაგრძო. 1918 წლის დეკემბერში, ლორეს მხარეში, სომხეთის არმიის შემოჭრის დროს, მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, ეთნიკურად სომეხი კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ, რომლებიც სომხეთის არმიას მოხალისეებით, მატერიალურად, ტყვია-წამლითა და სადაზვერვო ინფორმაციით ეხმარებოდნენ. „რკინის ნოეს“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, სომხური ბურჟუაზიის დიდ ნაწილს ქონება ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს.

1919 წლიდან რამიშვილმა განათლების და სამხედრო მინისტრის თანამდებობებიც შეითავსა. მისი მკაცრი პოლიტიკიდან, რისთვისაც უკვე პრემიერის რანგში, ნოე ჟორდანია ხშირად აკრიტიკებდა, აღსანიშნავია დამფუძნებელთა კრებაში სიკვდილის დასჯის ლობირება, ასევე ბოლშევიკთა დევნა და აჯანყებების ჩახშობა აფხაზეთში, ცხინვალსა და დუშეთის მაზრაში.

ნოე რამიშვილი განსაკუთრებით დაუპირისპირდა ნოე ჟორდანიას, 1920 წლის მაისში, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ფარულად დადების გამო. ამ ხელშეკრულებით, ქართველი კომუნისტების და ბოლშევიკების ლეგალიზაცია მოხდა, რასაც რამიშვილი საბედისწერო შეცდომად მიიჩნევდა. პროტესტის ნიშნად, მან თანამდებობის დატოვებაც კი განიზრახა, თუმცა გადააფიქრებინეს.

ზუსტად 9 თვეში, 1921 წლის თებერვალში, წითელმა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. 17 მარტს რამიშვილი პირველი მთავრობის სხვა წევრებივით, ჯერ კონსტანტონოპოლში გადაიხვეწა, შემდეგ კი საფრანგეთში იძულებით ემიგრაციაში წავიდა, თუმცა ბრძოლა არ შეუწყვეტია.

1924 წელს, პარიზიდან სწორედ „რკინის ნოე“იყო ერთ-ერთი აქტიური ხელმძღვანელი ანტისაბჭოთა აჯანყებისა საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ მარცხით დასრულდა. ასევე,აქტიურად იყო ჩაბმული, პოლონეთის მიერ მართულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობასა და ანტისაბჭოთა პროპაგანდაში ემიგრაციული პრესის ფურცლებზე, რაც მოსკოვში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.

ნოე რამიშვილს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა, რომელიც პირველი ქართული რესპუბლიკის ტრაგიკულ გეოპოლიტიკურ ბედს ნათლად წარმოაჩენს: „უნდა მოხდეს ორში ერთი - ან ევროპა გაბოლშევიკდეს, ან რუსეთი გაევროპელდეს. - წერდა რამიშვილის 1924 წელს.

1930 წლის 7 დეკემბერს, პარიზში, გობელენების ქუჩაძე, ნოე რამიშვილი საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულმა, ქართველმა ემიგრანტმა პავლე ჭანუყვაძემ მოკლა. მკვლელობის თვითმხილველი სანდრო მენაღარიშვილი იყო, რამიშვილის ახლომეგობარი. საინტერესოა, რომ საბჭოთა დაზვერვამ ჭანუყვაძეს ძვირადღირებული ადვოკატი დაუქირავა, რომ დანაშაულის კვალი მოსკოვამდე არ მისულიყო.

ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია ამბობს, რომ პავლე ჭანუყვაძეს საფრანგეთის სასამართლომ საბოლოოდ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი მისი დეპორტაცია უნდა მომხდარიყო. ჭანუყვაძე ციხეში ისე გარდაიცვალა, რომ ნოე რამიშვილის მკლელობის დამკვეთი მაინც არ გასთქვა:

„ჭანუყვაძე ასეთ მძიმე სასჯელს არ ელოდა და ციხეში სინანულში ჩავარდა. მან ორჯერ გამოთქვა სურვილი რამიშვილების ოჯახთან შეხვედრისა, სადაც ნოეს მკლელობის შემკვეთის დასახელებას აპირებდა, თუმცა რამიშვილებმა მკვლელთან შეხვედრის არანაირი ინტერესი არ გამოხატეს და ჭანუყვაძე რამდენიმე წელიწადში, საპყრობილეში გარდაიცვალა. (1934 წელს, კლერმონ-ფერანის ციხეში).“

ნოე რამიშვილი 1930 წლის დეკემბერში, პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს, მოგვიანებით კი ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. 2013 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეობაში, პირველი რკინის მინისტრის ბიუსტი გაიხსნა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, შემდეგ, 1924 წლის აჯანყების ლიდერი,პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნოე რამიშვილზე წერდა: “ნოე ჟორდანიას ადგილზე ნოე რამიშვილი რომ ყოფილიყო, 1921 წელს ჩვენ რუსებს დავამარცხებდით. ეს კაცი ისეთი ძლიერი იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავსაც შესწირავდა და თავის შვილებსაც”.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG