ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა წარსული მოჯადოებულ წრეში 


წითელი არმიის შემოსვლა თბილისში, 25 თებერვალი, 1921 წელი.

თბილისის თავზე წითელი დროშის აფრიალებიდან 99 წელი გავიდა. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და 30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგაც, მოსახლეობის 41 % (NDI-ის გამოკითხვა, ზაფხული, 2019) საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის უარყოფით მოვლენად აფასებს. როგორია პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების გამოწვევები, რატომ გვჭირდება დემოკრატიული განვითარების 70-წლიანი წყვეტის ისტორიის გააზრება და მისი გავლენის დანახვა - საბჭოთა წარსულის მნიშვნელობაზე და მისი ცოდნის აუცილებლობაზე, “ამერიკის ხმას” “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა:

- რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა წარსულის კვლევა და მისი მნიშვნელობის გააზრება დღეს, გასაბჭოებიდან 99 წლის შემდეგ?

წარსულის კვლევა აუცილებელია. ერთი ესაა ეთიკური ნაწილი, რომ საჭიროა, ვიცოდეთ მის შესახებ. ნორმალურ და ჯანსაღ საზოგადოებას არ უნდა სჭირდებოდეს თავის მოტყუება და არ უნდა ეშინოდეს წარსულისთვის თვალის გასწორებ, რადგან ეს სასარგებლოა მომავალი წარმატებისა და განვითარებისთვის.

მეორე მხრივ, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არ არის ის, რაც დასრულდა, დაიხურა ერთი ფურცელი და აღარაფერში გვჭირდება. ეს ცოცხალი პროცესია. ახალგაზრდა თაობასაც კი მემკვიდრეობით გვერგო ბევრი პრობლემა და გამოწვევა, როგორც ინდივიდუალურად, ისე როგორც პოსტ-საბჭოთა, პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებას და ამ ყველაფერს ამოცნობა, ფიქრი, დისკუსია და დაძლევის, გადახარშვის, პროგრესის გზების გამონახვა სჭირდება.

რეალურად სრულფასოვანი, დიდი მასშტაბის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმოება დღეს საქართველოში შეუძლებელია. რადგან არქივების ნაწილი ჩაკეტილია. სახელმწიფო გეუბნება, იცავს პერსონალურ ინფორმაციას. რაც თავისუფალია, იქ ასლების გადაღებაც ფასიანია. ზოგიერთ არქივსა თუ მუზეუმში ფოტოს ასლის გადაღების ფასი ეს სამნიშნა ციფრსაც კი აღწევს. ამ პირობებში დიდი გარდატეხის, მასშტაბის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება და განვითარება ფიზიკურად შეუძლებელია.

ეს არ არის ჩვენი უნიკალური გამოცდილების საკითხი, ესაა ტიპური პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოების პრობლემა, და უამრავი მაგალითი გვაქვს, თუ რამდენად მძიმე და კომპლექსური იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ამ მოცემულობიდან თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში გადასვლა და ტრანზიცია. ამას მთელი ათწლეულების განმავლობაში დიდი და სპეციალური პროგრამები ეძღვნებოდა, კვლევის, განათლების და ა.შ. რაც ჩვენთან არ ყოფილა და ზუსტად ამიტომაც ეს ჯერ კიდევ ღია საკითხია და ამიტომ ისმის კითხვა, რაში გვჭირდება.

გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ თვალი გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ მე-20 საუკუნის ძალიან მძიმე წარსულიდან მოვდივართ, 70-წლიანი ტოტალიტარიზმიდან, რომელიც უკვალოდ არ მიდის და მისი ზემოქმედება ჯერ კიდევ ცხადად შეიძლება შევიგრძნოთ ჩვენ გარშემო. მისგან გათავისუფლებისა და მისი დაძლევის პირველი ეტაპი არის სწორედ მისი ამოცნობა, დაფიქსირება, ამ მტკივნეულ ელემენტებთან თვალის გასწორება, ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა და შემდეგ, რა თქმა უნდა, დანარჩენი უკვე სხვა მიმართულებაზეა დამოკიდებული.

პროცესი ყოველთვის კომპლექსურია და ცხადია, მხოლოდ ტოტალიტარიზმის გამოწვევებზე საუბრით და დისკუსიით ნაკლებად შეიცვლება რამე თუ არ იქნება პარალელური მობილიზაცია განათლების მიმართულებით, სასკოლო იქნება თუ საუნივერსიტეტო. ბევრ სხვა სფეროშიც, მათ შორის უშუალოდ პოლიტიკურ ველზეც: ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა ახალი ალტერნატივა უნდა შექმნან, რომ აღარ გვქონდეს ტიპური, საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ტიპის პარტიები, რომლებსაც კომპარტიის ჩვეული მმართველობის კურსიდან გამომუშავებული ბევრი ელემენტი მოჰყვება.

- როგორ და რით ვლინდება ის, რომ არ ვიცით, არ გვაქვს გააზრებული ან თავს ვარიდებთ ამ ცოდნას. ჩვენზე, როგორც საზოგადოებაზე როგორ ისახება ამ წარსულის და მისი მნიშვნელობის ცოდნის ნაკლებობა?

RFE/RL, საქართველოს ეროვნული არქივი
RFE/RL, საქართველოს ეროვნული არქივი

- შეგვიძლია ვისაუბროთ ინდივიდუალურ, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დონეზე. მაგალითად, როგორ ხედავს სახელმწიფო თავის წარსულს, როგორ პოზიციონირებს. ხშირადაა თვალშისაცემი, რომ არანაირი ხედვა და კონტექსტის აღქმა იმის შესახებ თუ ვინ ვართ, საიდან წამოვედით, რა გავიარეთ, რა გადავიტანეთ, რა გადაუჭრელი ამოცანები და პრობლემები მოგვყვება მე-20 საუკუნიდან დღემდე - ფაქტობრივად, არ არსებობს.

ინდივიდუალურ დონეზეც, თითოეული მოქალაქის თავი სავსეა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მითებით წარსულის შესახებ, განსაკუთრებით მე-20 და მე-19 საუკუნის შესახებ. ეს ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, როდესაც რაღაც სკანდალური ხდება წარსულის რომელიმე ეპიზოდთან დაკავშირებით.

საინტერესო სიტუაცია იყო, როცა ვლადიმირ პუტინმა საზოგადოებას საქართველოს ისტორიის გარკვეული ეტაპის ძალიან მოკლე და შოკისმომგვრელი ინტერპრეტაცია შესთავაზა. ამას მოჰყვა ძალიან დიდი აღშფოთება, ემოციური უარყოფა და გაბრაზება და დიდი მობილიზება, პასუხის ძიება. მერე ისმოდა კითხვა: ვინ ან რა უნდა უპასუხოს. არანაირი ხელშესახები ელემენტი ამ პერიოდთან დაკავშირებით, საგარეო სამინისტროს რომ უბრალოდ მიეთითებინა და ეთქვა, რომ ეს მანიპულაციაა და შეგიძლიათ ობიექტურ ვერსიას და წყაროებს გაეცნოთ აქ, არ არსებობდა. ან სხვა მსგავსი მითითებები თუ ალტერნატიული ვერსიები პოლიტიკოსების მხრიდან არ ყოფილა.

თითოეული მოქალაქის თავი სავსეა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა მითებით წარსულის შესახებ, განსაკუთრებით მე-20 და მე-19 საუკუნის შესახებ. გვაქვს მზა, ზედაპირული ვერსიები ჩვენი წარსულის შესახებ, თუმცა მის უკან არც რეალური კვლევა და ინფორმაციის ცოდნის ბაზა არ დგას და არც უშუალოდ ამ ისტორიის ამსახველი დოკუმენტური წყაროებია ხელმისაწვდომი.

არც არქივებია გაციფრულებული, არც უახლესი ისტორიის კვლევები მიმდინარეობს. თითოეული პოლიტიკოსი, რომელიც არაა ისტორიკოსი, დამოკიდებულია იმ ცოდნაზე, რომელიც ამ უახლესი წარსულის შესახებ უნდა იყოს შექმნილი. როდესაც ეს არ არსებობს ის ან ჩუმადაა, ან იყენებს იმ მითოლოგიზებულ და ფანტასტიკურ ვერსიებს, რაც 90-იანი ან 2000-იანი წლებიდან მოყოლებული გვაქვს დარჩენილი.

ამან კარგად აჩვენა, რომ ეს სიცარიელე გვაქვს კოლექტიურ მეხსიერებაში. გვაქვს მზა, ზედაპირული ვერსიები ჩვენი წარსულის შესახებ, თუმცა მის უკან არც რეალური კვლევა და ინფორმაციის ცოდნის ბაზა არ დგას და არც უშუალოდ ამ ისტორიის ამსახველი დოკუმენტური წყაროებია ხელმისაწვდომი.

თითოეული ასეთი კრიზისული განმუხტვის ან აფეთქების დროს 2-3 კერძო პირისკენ, ისტორიკოსისკენ იშვერენ ხელს. არავინ ფიქრობს რას აკეთებს თვითონ სახელმწიფო და საზოგადოება როგორ არის მობილიზებული იმისთვის, რომ ჩვენი წარსული ვიცოდეთ.

სახელმწიფო და საზოგადოება არ ხედავს ამას, როგორც საჭირო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას. ანუ სახელმწიფო და პოლიტიკური მმართველი ელიტები ცოდნის შექმნაში, კვლევაში და გააზრებაში არათუ ეხმარებიან დღეს მეცნიერებს ან მოქალაქეებს (ვგულისხმობ, ისტორიკოსებს თუ უახლესი ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს), არამედ პირიქით, დიდი დაბრკოლების კედლებს და ღობეებს ავლებს ისტორიკოსს, კვლევასა და საისტორიო წყაროებს შორის. არქივები, რომლებიც ამ დოკუმენტებს, წყაროებს და ინფორმაციებს ინახავს, ფაქტობრივად ხელმიუწვდომელია.

RFE/RL, საქართველოს ეროვნული არქივი
RFE/RL, საქართველოს ეროვნული არქივი

რეალურად სრულფასოვანი, დიდი მასშტაბის სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმოება დღეს საქართველოში შეუძლებელია. რადგან არქივების ნაწილი ჩაკეტილია. სახელმწიფო გეუბნება, რომ “იცავს რაღაცას”, მაგალითად, პერსონალურ ინფორმაციას და სანამ 75 წელი არ გაივლის მისი შექმნიდან, შენ სრულად ვერ გაეცნობი ამა თუ იმ დოკუმენტს, სადაც თითქოს ეს პერსონალური ინფორმაციაა.

რაც თავისუფალია, იქ ასლების გადაღებაც ფასიანია. ერთი გვერდი 1 ლარი თუ 7 ლარი, ერთი ფოტოს ასლის გადაღება ხშირად 15 ლარიც კი ღირს. ზოგიერთ არქივსა თუ მუზეუმში ეს სამნიშნა ციფრსაც კი აღწევს და ესაა ფაქტობრივად აუღებელი ციხე-სიმაგრე. ამ პირობებში დიდი გარდატეხის, მასშტაბის კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წამოწყება და განვითარება ფაქტობრივად ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ეხება როგორც საბჭოთა წარსულსა და ტოტალიტარიზმს, ისე მის წინა პერიოდს და ასევე უკვე შემდეგ პერიოდსაც, უახლეს პერიოდს, 90-იან წლებს. 30 წელი გადის და უკვე ის ეტაპია, როცა ესეც წარსულის ნაწილია, წარსულის, რომელსაც კვლევა და გააზრება სჭირდება, სანამ გვიან არ არის.

- გასულ წელს საქართველოს ეროვნულ არქივს სასამართლოშიც უჩივლეთ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის დაშტრიხვის საკითხის თაობაზე. თქვენი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. როგორ აგრძელებთ ამ მხრივ მუშაობას და ბრძოლას?

ჩვენ ორი სარჩელი გვქონდა, არც ერთი არ დააკმაყოფილა სასამართლომ. პირველი სარჩელი გაგზავნილია უზენაეს სასამართლოშიც და ჯერ არ ვიცით, მიიღებენ თუ არა განსახილველად. ამასთან, პარლამენტმაც ჩააგდო კანონპროექტი ამ საარქივო კანონის შესწორების და გაუმჯობესების შესახებ.

პირდაპირ, ცხადად ჩანდა, რომ ეს იყო იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უარყოფითი პოზიციის გამო, რომლებიც ფლობენ ამ არქივებს და არ უნდათ ხელმისაწვდომობა ამ დოკუმენტებზე და წყაროებზე.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე, კარგი ტიპის სახელმწიფოზე და ჯანსაღ საზოგადოებაზე, მისთვის ეს მიუღებელი სქემა უნდა იყოს, რომ რაღაც შეცდომა, დანაშაული თუ მძიმე პროცესი თუ პირიქით რაღაც კარგი, ძალიან მალე იშლებოდეს მეხსიერებიდან და 5 წლის მერე არავის ახსოვდეს მომხდარი და არც პასუხისმგებლობის ელემენტი არ იდგეს დღის წესრიგში. მეორე მხრივ, მმართველი ჯგუფები შეიძლება ძალიან კომფორტულადაც გრძნობდნენ ამ ტიპის გულმავიწყი და მოკლე მეხსიერების მქონე საზოგადოებაში თავს.

ამ ეტაპზე ვართ ამ მოცემულობაში ვცდილობთ სამოქალაქო კამპანიის გზით მეტმა ადამიანმა გაიგოს, მეტი პოლიტიკური, ოპოზიციური პარტია დაინტერესდეს ამ პრობლემით და მათ დღის წესრიგშიც აისახოს ეს საკითხი. ასევე რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხითაც ვცდილობთ გავაგრძელოთ მუშაობა, უკვე საკონსტიტუციო სარჩელსაც ვამზადებთ.

ესაა პოზიცია სახელმწიფოსი და პოლიტიკური ელიტებისა, რომლებსაც ეშინიათ უახლესი პოლიტიკური წარსულის. მათ არ იციან, რა დევს ამ ათასობით და მილიონობით საქმეში, რა ტიპის ინფორმაციაა. მე-20 საუკუნე ძალიან მძიმე დროა, ბევრი მასობრივი დანაშაულითა და არაჯანსაღი პროცესით ტოტალიტარიზმის ჩრდილქვეშ. ამიტომ მაქსიმალური ღიაობის და გახსნილობის სიტუაციაში გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკური ჯგუფები ხვდებიან, რომ ბევრი მტკივნეული კითხვა შეიძლება გაჩნდეს, რომელზეც საზოგადოება მოითხოვს პასუხს არა მხოლოდ რიტორიკის და ინფორმაციის დონეზე, არამედ შეიძლება გარკვეულ სამართლებრივ ფორმატშიც კი გადავიდეს ამ ტიპის პასუხისმგებლობები. რისი დაშვებაც არ უნდოდა აქამდე და არ უნდა არც დღევანდელ სახელმწიფოს.

იგულისხმება კონკრეტული დანაშაულებების შესწავლა, გამოძიება, თუნდაც გვიან საბჭოთა პერიოდიდან. თუნდაც ლუსტრაციის საკითხის წამოტივტივება. სახელმწიფო მუდმივად ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტები არ არსებობს და მას ამ მტკიცებაში შეგვიძლია ვენდოთ ან არ ვენდოთ, მაგრამ რაც ვიცით, რომ ფიზიკურად არსებობს, იმაზე მაინც უნდა იყოს ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი და მოიხსნას შეზღუდვები. საბოლოოდ, გვაქვს ეს მოჯადოებული წრე, რომლის გარღვევაც ძალიან რთულია ამ ეტაპზე, როდესაც პოლიტიკური ნება არ არსებოს.

- გარდა პოლიტიკური ნებისა, არის ცნობიერი თუ არაცნობიერი წინააღმდეგობა საზოგადოებაშიც? მასობრივი სირცხვილის, ტრავმის დავიწყებისკენ მიდრეკილება ან უხერხულობის გამო თავის არიდება ამ გამოცდილების გახსენების თუ გამოაშკარავებისგან?

ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თავისებურება. როდესაც მძიმე, მტკივნეულ და მასობრივ ტრავმულ გამოცდილებას ეხება საქმე, ამ მეხსიერების განდევნის, მისი დავიწყების და მასთან არშეხების ინსტინქტი ბუნებრივი და ცხადია. თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს სწორია და ამას გაღრმავება და განვითარება სჭირდება.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918-1921
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918-1921

ჩვენ გაცილებით მძიმე მოცემულობა გვაქვს ამ მხრივ ვიდრე სხვა პოსტ-ტოტალიტარულ საზოგადოებებს და ქვეყნებს, თუნდაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ გაცილებით დიდხანს ვიცხოვრეთ ამ მოცემულობაში და რამდენიმე თაობა ამ ტოტალური ძალადობის და თავისუფალი აზრის, გამოხატვის, ინიციატივის შეზღუდვის პირობებში გაიზარდა, ჩამოყალიბდა. მათთვის ბუნებრივია, რომ მყარი და ცხადი მეხსიერება და მისი შენახვა მიუღებელია. მას შემდეგ, რაც საბჭოთა რეჟიმი დაიშალა, ისევ ეს ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას.

ჩვენი უფროსი თაობებისთვის ბუნებრივია, რომ 10 წლის წინანდელი გარკვეული პროცესები შეიძლება აღარ მიიჩნეოდეს საინტერესოდ, აქტუალურად და შეიძლება გამარტივებულად ან უკუღმა იყოს წარმოდგენილი როგორც რიტორიკაში, ისე სკოლის სახელმძღვანელოებში. ეს ხომ მუდმივად ხდებოდა საბჭოთა პერიოდში: წარსულის გადაწერა, გადაკეთება, ჩასწორება, რაც ამ მეხსიერების შემოკლებას იწვევდა. ეს კი სინდრომია, რომელიც ცხადად აქვს საზოგადოებას გამოყოლილი:

ესაა შეგრძნება თითოეული მოქალაქისა, თუ რა არის სახელმწიფო და ვინ არის ის ამ სახელმწიფოში, როგორც ერთეული მოქალაქე. ის განწყობა, რომ მე არავინ ვარ, რომ მთავარი ისაა, ვინც ზემოთაა - ესაა სწორედ მარტივი ტესტი და მენტალური მემკვიდრეობა ამ ტოტალიტარული რეჟიმის, სადაც ცალკეული ადამიანი არაფერს ნიშნავს, არ წყვეტს და მისი ხმა თუ უფლება არ დგას ცენტრში არც სახელმწიფოსთვის, არც მისი ღირებულებებისთვის და არც საზოგადოებისთვის.

ჩვენ არ ვართ მობილიზებული დახსომებისთვის და ძალიან მოკლე პოლიტიკური და კოლექტიური მეხსიერება გვაქვს. 5-10 წლის წინ გაცემული კონკრეტული დაპირებები, იდეები, დღის წესრიგები უკვე ძალიან მალე გვავიწყდება და ხელმეორედ მივდივართ ერთი და იმავე შეცდომებისა და წარუმატებლობების გზებზე.

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე, კარგი ტიპის სახელმწიფოზე და ჯანსაღ საზოგადოებაზე, მისთვის ეს მიუღებელი სქემა უნდა იყოს, რომ რაღაც შეცდომა, დანაშაული თუ მძიმე პროცესი თუ პირიქით რაღაც კარგი, ძალიან მალე იშლებოდეს მეხსიერებიდან და 5 წლის მერე არავის ახსოვდეს მომხდარი და არც პასუხისმგებლობის ელემენტი არ იდგეს დღის წესრიგში. მეორე მხრივ, მმართველი ჯგუფები შეიძლება ძალიან კომფორტულადაც გრძნობდნენ ამ ტიპის გულმავიწყი და მოკლე მეხსიერების მქონე საზოგადოებაში თავს. ძალიან ადვილია ამ ტიპის მასის მართვა, რომელსაც არ ახსოვს გუშინდელი დღე, დღის წესრიგი, დაპირებები თუ პასუხისმგებლობები.

ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, პირადადაც ვფიქრობ, რომ მოკლე მეხსიერების მქონე საზოგადოება მარტივად მანიპულირებადია და ამაზე შეიძლება გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მუდმივად აშენოს თავისი წარმატება. რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი ასეთი ჯგუფისთვის ხანგრძლივი, მწყობრი და ძალიან კრიტიკული მეხსიერების მქონე საზოგადოება? მარტივი მისახვედრია საკუთარი კეთილდღეობის, წარმატებისა და ძალაუფლების ფლობისთვის რომელი ტიპის საზოგადოება შეიძლება აძლევდეს ხელს გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს.

- რა გამოწვევები დაგვიტოვა ამ 70-მა წელმა? რაში დაგვეხმარებოდა ამ წარსულის კვლევა, ცოდნა და გააზრება, რას შეცვლიდა ჩვენში ინდივიდუალურად თუ საზოგადოების დონეზე?

ჩვენზე იმ არაჯანსაღ და ძალადობრივ გარემოში ცხოვრების მთელი 70 წლის ზემოქმედების ძალიან გრძელი ჩამონათვალი შეიძლება გვქონდეს. პირველ ყოვლისა, ესაა შეგრძნება და შეგნება თითოეული მოქალაქისა, თუ რა არის სახელმწიფო და ვინ არის ის ამ სახელმწიფოში, როგორც ერთეული მოქალაქე. ის განწყობა, რომ მე არავინ ვარ, რომ მთავარი ისაა, ვინც ზემოთაა, ინსტიტუტები და მთავრობაა - ესაა სწორედ მარტივი ტესტი და მენტალური მემკვიდრეობა ამ ტოტალიტარული რეჟიმის, სადაც ცალკეული ადამიანი არაფერს ნიშნავს, არ წყვეტს და მისი ხმა თუ უფლება არ დგას ცენტრში არც სახელმწიფოსთვის, არც მისი ღირებულებებისთვის და არც საზოგადოებისთვის.

ასი წლის წინ ჩვენ ვცდილობდით გაგვეღწია ამ გავლენის სფეროსგან, გავთავისუფლებულიყავით და დამოუკიდებლობა ყოფილიყო ხელშეუხებელი, ანალოგიური გამოწვევა გვაქვს დღეს და ამ დაპირისპირებაში და ინფორმაციულ ომში რუსეთი ისტორიით მანიპულირებას ძალიან აქტიურად ცდილობს.

ასევე მნიშვნელოვანია იზოლაციის მკაფიო ელემენტი, რაც გამოგვყვა იმის გამო, რომ თითქმის მთელი ასეული წლის განმავლობაში ეს რეჟიმი იყო ჩაკეტილი და აკონტროლებდა როგორც ფიზიკურ გადაადგილებას, ასევე ახალი ალტერნატიული ინფორმაციის შემოდინებას, რა ხდება გარეთ და რეალური ინფორმაციის გატარებასაც. ამ მოცემულობამ საზოგადოება და ადამიანი მიაჩვია, რომ თითქოს ჩვენ ვართ ცალკე კუნძული. ისტორიის პერსპექტივაშიც, ჩვენ ისტორია ყოველთვის წარმოგვიდგენია ისე, თითქოს სამყაროს ცენტრი ვართ და რაც ირგვლივ ხდებოდა, არაფერს ჩვენზე ზემოქმედება არ ჰქონდა, არ იყო მნიშვნელოვანი. ასევეა ყოფაცხოვრებაშიც, ჩაკეტილობა, იზოლირებულობა მოწყვეიტლობა იმ პროცესებისგან, რაც მსოფლიოში ვითარდება, საკმაოდ თვალშისაცემია.

საინტერესო ფაქტორია, მაგალითად, ინტუიციური შიში სახელმწიფოს ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების მიმართაც. მათი წარმოდგენა მონსტრად. ეს ორმხრივი გრძნობაა. თვითონ სახელმწიფოს მმართველ ელიტებსაც ასე წარმოუდგენიათ ამ სამინისტროების თუ უწყებების მნიშვნელობა, რომ ძალით აკონტროლონ რაღაც სიტუაცია და პროცესები და მოქალაქეებიც ასე ხედავენ - ლეგიტიმური ძალადობის მუდმივად გამომყენებელ ორგანოებად. ესეც მოდის ამ საბჭოთა ტოტალიტარული გარემოში ყოფნის, მუდმივი ძალადობის და რეპრესების, ტერორის და შევიწროვების ჯაჭვისგან, როდესაც ამ ტიპის რეპრესიულ ორგანოებს ჰქონდათ უკონტროლო და ფაქტობრივად შეუზღუდავი ძალაუფლება, რომელიც სურვილის შემთხვევაში თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ შეეძლოთ გამოეყენებინათ.

გამოწვევაა ასევე, გაუცხოება, როგორც პოლიტიკის, ისევე ინსტიტუციებისგან და სახელმწიფოებისგან. გვიანდელი საბჭოთა მოქალაქეების კოდის ძალიან მკაფიო ნაწილი იყო, რომ ეს სახელმწიფო, სასამართლო შენი არ არის, არაა სამართალი და არ აქვს აზრი მის ძიებას ოფიციალური გზებით. ამას მოჰყვება კრიმინალური მენტალიტეტის და ქუჩური გაგების გაბატონება, რაც დღემდე მოდის. ასევე ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებია რაა შენთან დაკავშირებული, ცალკე ავტონომიური მანქანა ან ჯგუფია, რომელიც თავისი მიზნებისთვის მუშაობს, და ის არის აღჭურვილი პრივილეგიით, ფლობდეს სახელმწიფოს.

ის არაა შენი ინტერესების გამტარებელი, შენი დაქირავებული სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, არამედ ის თვითონ არის ლეგიტიმური მმართველი და პრივილეგირებული ფენა. მეორე მხრივ, რადგან ეს შენი არ არის, არც მისი დოვლათი და ღირებულება, სიმდიდრე არ არის შენი. ეს ეხება დამოკიდებულებას სახელმწიფო, საერთო საკუთრებასთან, რომლის მოპარვა, მითვისება, უკანონოდ გამოყენებაც მიიჩნეოდა მისაღებად და კარგ ტონად. ესაა დამოკიდებულება საერთო, საჯარო სივრცის მიმართ, საერთო სიმდიდრის თუ ბუნებრივი და სხვა მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების მიმართ. ეს დღემდე ძალიან მკაფიო ნიშანია და აჩვენებს, რომ საკმაოდ ბევრი და რთული ნაბიჯი გვაქვს ჩვენ, როგორც საზოგადოებას გადასადგმელი წინ, რომ ამისგან გავთავისუფლდეთ, ამ აზროვნების მოდელის და ტიპის შებრუნება და გადაწყობა მოხდეს.

- ფიქრობთ ამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვით, საბჭოთა წარსულის და მისი გავლენების ცოდნით აღჭურვილები სხვანაირი მოქალაქეები ვიქნებოდით? მოქალაქეთა თითქმის ნახევარი არ იფიქრებდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო?

შეიძლება იდეალისტურად ჟღერდეს, რომ რაღაცისთვის სახელის დარქმევა, ხელშესახებ საგნად ქცევა, პრობლემის გამოკვეთა და მისი დაძლევის გზებზე ფიქრი და დისკუსია ცვლის თუ არა რამეს. რა თქმა უნდა ცვლის, ოღონდ არა მყისიერად. სწორედ ამაშია კვლევის და განათლების, თვითგანვითარებისთვის საზოგადოების მობილიზების არსი, რომ ეს მუშაობს. როცა ინფორმაცია ხელშესახები ცოდნის სახით იკავებს თავის ადგილს, ის გაჩვენებს ლოგიკურ ხაზს. შემდეგ აზროვნებისა და განვითარების პროცესი, როგორც ინდივიდუალურ ისე საზოგადოების დონეზე, უფრო და უფრო აქტუალური და შეუქცევადი ხდება. ელემენტარული პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას წარსულის კვლევის, ანალიზის, გადაფასება-გააზრების კუთხით. სხვა სფეროებთან ერთად, ნელ-ნელა ეს უკვე თავის საქმეს შეასრულებს და საერთო წარმატების და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება.

თუკი ბოლო 10-15 წლის წინანდელ სიტუაციას შევედრებით, უახლესი წარსულიდან ჩვენთვის ბევრად მეტი ელემენტია ცნობილი. მაგალითად, 10 წლის წინ პირველი რესპუბლიკის შესახებ ახალი და სანდო ინფორმაცია და ცოდნა არ არსებობდა. დღეს კი, ვინც დაინტერესებულია, გაცილებით მეტი რესურსი და საშუალება აქვს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს და გაიგოს, გაიაზროს. ეს კი უკვე გარკვეული იდენტობის ფორმირების ნაწილი ხდება:

ადამიანებმა იციან, რომ ერთი საუკუნის წინ უკვე გვქონდა მოდერნიზაციის და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გამოცდილება. ეს იყო რეფორმების, დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობის საინტერესო 3 წელი, და ეს გამოცდილება გვეხმარება რომ დღეს ჩვენი ადგილი და გამოწვევები გავაცნობიეროთ. ერთი მხრივ პოზიტიურ ვნებებსაც აღძრავს, რომ გავაიდეალოთ ეს წარსული და ვიამაყოთ. ესეც მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა მოქალაქეს უჩნდება გრძნობა, რომ რაღაც სასარგებლო, საინტერესო და მისაბაძიც კი იყო ამ წარსულში. მით უმეტეს თუ ეს ნამდვილია და არა გამოგონილი, ფალსიფიცირებული წარსული.

აქვთ ადამიანებს და ჯგუფებს ვნება, რომ აიცილონ თავიდან ტრაგიკული და ტრავმული წარსულის შესახებ ცოდნა, ასევე უყვართ და უხარიათ პოზიტიური ელემენტის დანახვა და თუკი ესაა ჯანსაღი და ობიექტური სურათის ამსახველი წარსული, მას შეიძლება სასარგებლო ეფექტიც ჰქონდეს. როდესაც დღესაც პრობლემაა ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში და გენდერული თანასწორობა ბევრ სფეროში, უახლოესი წარსული უკვე გარკვეულ მესიჯებად აღიქმება ამ პრობლემებთან გამკლავებაში. ასი წლის წინ ბევრ დღეს მოწინავე დემოკრატიულ ქვეყანაში ხმის უფლებაც კი არ ჰქონდათ ქალებს, ჩვენთან კი დამფუძნებელი კრების წევრებად იყვნენ არჩეულნი. დღეს ეს ცოდნა უკვე კოლექტიური მეხსიერების ნაწილად დაბრუნდა და დამკვიდრდა.

- რამდენად დაეხმარებოდა საზოგადოებას ეს ცოდნა დღეს, თითქმის 100 წლის შემდეგ, რუსეთის განგრძობითი აგრესიის და მცოცავი ოკუპაციის კონტექსტში?

- როდესაც წარსულის კვლევა და მის შესახებ დისკუსია არის აქტიური და მასშტაბური, ყოველთვის ძალიან მცირე შანსები რჩება წარსულით მანიპულირებისთვის. ასი წლის წინ ჩვენ ვცდილობდით გაგვეღწია ამ გავლენის სფეროსგან, გავთავისუფლებულიყავით და დამოუკიდებლობა ყოფილიყო ხელშეუხებელი, ანალოგიური გამოწვევა გვაქვს დღეს და ამ დაპირისპირებაში და ინფორმაციულ ომში რუსეთი ისტორიით მანიპულირებას ძალიან აქტიურად ცდილობს.

დღეს ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო არის მოპასუხის როლში, თუკი მანიპულაცია მოდის, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ამ მანიპულაციას რაღაც დაუპირისპიროს, აჩვენოს, რომ ეს ტყუილია, მითია და საფუძველი გამოაცალოს ამ პროპაგანდას. ეს საჭიროა, მაგრამ არა - საკმარისი. ჩვენ ინიციატივას მოწინააღმდეგეს ვუთმობთ, რომელიც სრულფასოვან საინფორმაციო ომს აწარმოებს და ჩვენ ამ სიგნალების პასუხზე ვართ ორიენტირებული. თუკი ქვეყნის შიგნით ბევრი ჯგუფი იმუშავებდა წარსულის კვლევაზე და ამ კუთხით საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ეს იქნებოდა მოქმედება, რომელიც ამ საინფორმაციო მანიპულაციების და ომის წარმატებას შეამცირებდა. პირველი შეტყობინების ეფექტი ჩვენ კარგად გვესმის. მის უარყოფას და განეიტრალებას გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება და ხშირად უსარგებლოცაა, რადგან მან უკვე დაიკავა გარკვეული ადგილი. მაგრამ თუკი ადამიანმა უკვე მკაფიოდ იცის რა მოხდა 1921 წელს, თვალწინ აქვს წყაროები, თვითმხილველთა მონათხრობები, უსწავლია, გაუგია - ამ ცოდნით აღჭურვილი ადამიანისთვის, ეს საინფორმაციო მანიპულაციური მესიჯი უკვე არ არის სანდო.

თუკი საზოგადოება არის ჯანსაღი, მობილიზებულია წარსულის კვლევა-ანალიზზე, მას აღარ სჭირდება დამატებითი ენერგიის მობილიზება და რესურსები კონტრპროპაგანდისთვის. მან უკვე იმუშავა საკუთარი მოქალქეების ინფორმირებულობის გაზრდაზე. და ეს არის ნიადაგი, რომელსაც ფალსიფიცირებული მესიჯები დიდად ვეღარ დააზარალებს.

უნდა გვესმოდეს დღეს სად ვიმყოფებით. იმ საზოგადოებებსაც, რომლებმაც აქტიურად იმუშავეს და თითქოს დაძლიეს და განვითარების ახალ ეტაპზე არიან, დღეს მათაც უბრუნდებათ ეს გამოწვევები. ინფორმაციით მანიპულირება დღეს ძალიან დიდი პრობლემაა. ვართ ე.წ. "პოსტ-სიმართლის" ეპოქაში, სადაც ძალიან მარტივად ხდება დიდ მასებზე ინფორმაციით ზემოქმედება, მარტივი ჭეშმარიტებების სხვაგვარად წარმოჩენა.

ისტორიული მანიპულაციები უკვე ორმაგი გამოწვევაა ჩვენთვის და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ მომზადებული ვიყოთ ამ მძიმე სცენარისთვის. გვგონია, რომ თითოეულ მოქალაქეს ესმის, რომ 1921 წელი იყო კლასიკური ოკუპაცია დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა, მაგრამ ნუ ვიქნებით იმედით, დიდი რესურსების მქონე მანიპულაციურმა მანქანამ და დაინტერესებულმა მხარემ ეს მარტივი ჭეშმარიტება არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს. ჩვენ უნდა გვქონდეს დღის წესრიგი, არა კონტრ-პროპაგანდა, არამედ მაქსიმალურად ინფორმირებული და ხელშესახები, ობიექტური მოცემულობა და ცოდნა. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფრომაცია წარსულის შესახებ, იცოდნენ, რა გამოვიარეთ, რას გვეუბნება ეს ჩვენ და რა პასუხისმგებლობებით გვტვირთავს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG