ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება მოიგონეს


საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება მოიგონეს
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება მოიგონეს

მოგონების დღე ტრადიციულად ლევილის სასაფლაოზე სულთა მოსახსენებელი პანაშვიდით იწყება.

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება გაიხსენეს და 18 სექტემბერს ლევილში, სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ქართველთა სათვისტომო საფრანგეთში ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს. მოგონების დღე ტრადიციულად ლევილის სასაფლაოზე სულთა მოსახსენებელი პანაშვიდით იწყება, რის შემდეგაც ქართველ ემიგრანტთა ისტორიული კარ-მიდამო სტუმრებს ქართული ტრადიციული სუფრითა და ღვინით უმასპინძლდება.

ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების აღნიშვნის პარალელურად, რომლის დროსაც მრავალი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართველ ლტოლვილთა სათვისტომომ ასევე პატივი მიაგო იმ ქართველების ხსოვნას, რომელთაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში სამშობლოს დასაცავად გასწირეს თავი.

საფრანგეთში მყოფმა ქართველმა დევნილებმა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან სიმბოლურად ხელი მოაწერეს საქართველოდან ჩამოტანილ დევნილთან საპროტესტო დოკუმენტს, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემათ.

ამ დღეს ლევილში აფრიალებული ძველი და ახალი ეროვნული დროშები, აჟღერებული ჰიმნები საქართველოს ძველ და ახალ ისტორიას ერთმანეთს მჭიდროდ აკავშირებდა. მოგონების დღეს ამშვენებდნენ ქართველ მომღერალთა გუნდები: „მარანი“, „ქართული ჰარმონია“, „ლაზი“ და სხვა ნიჭიერი მომღერლები.

„უწინ გლოვის დღე იყო, თანდათანობით ტრადიციაში ცოტა სიმღერა და პოეზიაც დამკვიდრდა. აბა, სულ გლოვა და ტირილი, ხომ არ შეიძლება? გულში ვტირით, სახით კი ვიღიმით“ - გვეუბნება 1924 წლის აგვისტოს მეამბოხეთა გუნდის წევრის, ელისე პატარიძის ვაჟი, საფრანგეთში მცხოვრები ოთარ პატარიძე.

1924 წლის აგვისტოს აჯანყება ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ, კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, სწორედ ლევილში მზადდებოდა. ორგანიზატორთა და უშუალო მონაწილეთა შორის იყვნენ ვალიკო ჯუღელი, ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი, კოტე ანდრონიკაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დავით ონიაშვილი.

ამბოხება 28 აგვისტოს დაიწყო, მთელს საქართველოს მოედო და ერთ კვირას გაგრძელდა. თუმცა, ბოლშევიკური მთავრობის მხრიდან მას დიდი სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა და სულ ცოტა 3,000 ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ქართველი კი დააპატიმრეს და შორეულ ციმბირში გადაასახლეს.

ლევილელი ქართველები დღესაც მწუხარებით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი აღიარებას მოკლებულია და დღემდე მემორიალის გარეშეა დარჩენილი.

XS
SM
MD
LG