ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივენ ჯონსი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ


georgia first republic

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. პირველი რესპუბლიკა საქართველოში დამოუკიდებლობის და რესპუბლიკური იდეის საწყისს წარმოადგენდა. ანი ჩხიკვაძე, ბრიტანელ ისტორიკოსს სტივენ ჯონს ესაუბრა, იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკის ისტორია თანამედროვე საქართველოსთვის.

სტივენ ჯონსი საქართველოზე და პირველ რესპუბლიკაზე არაერთი წიგნის და კვლევის ავტორია. ის ამჟამად მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორია.

პირველ რიგში დიდი მადლობა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა და როდესაც წარსულს ვაფასებთ, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი რესპუბლიკის ისტორია დღევანდელი საქართველოსთვის?

ფაქტი რომ ეს პირველი რესპუბლიკაა, თავისთავად მნიშვნელოვანია... ეს იყო სეკულარული რესპუბლიკა და მისი ბევრი პრინციპი დღევანდელმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო, მაგალითად, როგორიცაა დემოკრატიული მთავრობა, მრავალპარტიული არჩევნები, უფასო განათლება და დამოუკიდებელი სასამართლო. რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ყოველთვის სრულყოფილად ვერ სრულდებოდა, თუმცა პირველმა რესპუბლიკამ შექმნა რესპუბლიკური და დემოკრატიული მმართველობის საფუძველი.

ეს იყო სეკულარული რესპუბლიკა და მისი ბევრი პრინციპი დღევანდელმა საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო, მაგალითად, როგორიცაა დემოკრატიული მთავრობა, მრავალპარტიული არჩევნები, უფასო განათლება და დამოუკიდებელი სასამართლო
სტივენ ჯონსი

თქვენ 1918-1921 წლებს იკვლევთ და ამ პერიოდზე არაერთი ნაშრომის ავტორი ხართ. ჩვენი მკითხველისთვის, რომ გვითხრათ, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები, რა საკითხები განიხილებოდა და რამდენად მრავალფეროვანი იყო პოლიტიკური სპექტრი?

პირველი რესპუბლიკის სათავეში სოციალ-დემოკრატები იყვნენ. მათ რუსეთის რევოლუციის დროს უკვე იცნობდნენ. ისინი რევოლუციის დროს მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ, და ასევე, ქვეყნის შიგნითაც. მე შემიძლია რამდენიმე დავასახელო, მაგალითად ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი, ევგენი გეგეჭკორი, ალექსანდრე ლომთათიძე და ბევრი სხვა. თუმცა, მათ ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან ისინი დომინანტ პარტიას წარმოადგენდნენ. ის, რასაც თანამედროვე საქართველოშიც ვხედავთ- დემოკრატიული არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში ერთი პარტიის დომინირება, პირველ რესპუბლიკასაც ეს პრობლემა ქონდა. იყვნენ ოპოზიციური პარტიებიც, როგორიცაა ეროვნულ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები და ბევრი სხვა, თუმცა ისინი ხშირად იყოფოდნენ, ისევე როგორც პარტიები დღეს საქართველოში. ეს ოპოზიციას ასუსტებდა. 1919 წლის დამფუძნებელთა კრების არჩევნებში, სოციალ-დემოკრატებმა 130-დან 109 ადგილი მოიპოვეს. მათ ქონდათ დიდი ძალაუდლება და როდესაც პარტიას ასეთი დიდი ძალა აქვს, თავს იჩენს მისი გადამეტების მიდრეკილება. მე არ ვამბობ რომ ისინი ასე იქცეოდნენ, პირიქით ცლდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად გახსნილნი და დემოკრატიულნი ყოფილიყნენ, თუმცა ამისკენ მიდრეკილება არსებობდა.

რა იყო ამ პერიოდის მთავარი განსახილველი საკითხები?

როდესაც ისინი 1918 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ისინი სოციალისტურ პარტიას წარმოადგენდნენ, მე მათ სოციალ-დემოკრატებს ვუწოდებ, რადგან ეს სოციალიზმის შედარებით ზომიერი ფორმა იყო, რა თქმა უნდა მისი საფუძვლები მარქსისტული იყო, თუმცა ეს შეიცვალა და ისინი ევროპული ტიპის სოციალურ-დემოკრატიულ პარტიად გარდაიქმნენ.

განსხვავებით ბოლშევიკებისგან რუსეთში, რომელთაც უფრო რადიკალური სოციალიზმის კურსი ქონდათ აღებული, მათ საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა გადაწვიტეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ საბოლოოდ სისტემა ეგალიტარულ სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაიზრდებოდა. ეს იყო მთავარი საკითხი... მათ ზომიერ სოციალურ-დემოკრატიულ მთავრობაზე შეაჩერეს არჩევანი, სადაც კერძო საკუთრება და სახელმწიფო საკუთრება გვერდი-გვერდ არსებობდა, და არ მოუხდენიათ ქონების ნაციონალიზაცია.

მეორე დისკუსია ეროვნულ უსაფრთხოებას შეეხებოდა. პირველი რესპუბლიკის არსებობის არცერთ დღეს არ ჩაუვლია რაიმე სახის კრიზისის გარეშე, იქნებოდა ეს შიდა აჯანყება, თუ ოსმალი თურქების შემოჭრა. მათ დენიკინის მეთაურობით თეთრ არმიასთან ქონდათ კონფლიქტი და ბოლშევიკები გამუდმებით ცდილობდნენ მთავრობის გადაგდებას. ასევე, უთახნმოება ქონდათ საზღვარზე სომხეთთან, რასაც 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომი მოჰყვა. ტერიტორიულ უთანხმოებებს ქონდა ადგილი აზერბაიჯანთანაც. საქართველოს მთავრობისთვის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა ძალიან რთული იყო. მთავრობა თბილისში ეფექტური იყო, თუმცა რეგიონების კონტროლი უჭირდა.

მესამე, ეროვნული უმცირესობები საკითხი იყო... ფილოსოფიურად საქართველოს სოციალ-დემოკრატები მთავრობის დეცენტრალიზაციას და უმცირესობებისთვის, სომხების და აზერბაიჯანელებისთვის, ოსებისა და აფხაზებისთვის ეროვნული საბჭოების გზით თვითმმართველობის უფლებას ემხრობოდნენ. თუმცა ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული უმცირესობები საქართველოს მთავრობას ეთნიკურად განიხილავდნენ და არა როგორც სახელმწიფო მთავრობას. ისინი უფრო მეტ უფლებებს ითხოვნენ. ამას აჯანყებები მოსდევდა, საქართველოს მთავრობა ეროვნულ გვარდიას გზავნიდა და ადგილი ჰქონდა შეტაკებებს, სოფლების გადაწვას, ხალხის დაპატიმრებას ან სიკვდილით დასჯას. ეს ძალიან რთული იყო საქართველოს მთავრობისთვის. ერთი მხრივ, ისინი სახელმწიფოს აშენებდნენ და მეორე მხრივ, ეროვნული უმცირესობების მოთხოვნებთან უწევდათ გამკლავება. ამასთან, და ეს უნდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად უმცირესობებს მხარს ბოლშევიკები უჭერდნენ, ამიტომ ეს საქართველოს მთავრობისთვის მხოლოდ ეთნიკური საკითხი არ იყო, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც.

მისი არსით და პრინციპით, საქართველოს კონსტიტუცია ძალზედ ლიბერალური იყო, როდესაც საქმე ეხება უმცირესობების ჩართულობას და ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებას. შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზე წინაც კი იყო. რამ განაპირობა ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ასეთი პროგრესული იყო?

ევროპის იდეას ძალიან დიდი ისტორია აქვს. და რა თქმა უნდა, შემდეგ [ეს იდეა] ისეთმა ადამიანებმა გააცოცხლეს, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე...
სტივენ ჯონსი

ჩემი აზრით, და ალბათ ბევრ ქართველს არ მოეწონება რომ ამას ვამბობ, [კონსტიტუციის] პროგრესული მხარე სოციალურ-დემოკრატიული ფილოსოფიის ნაყოფი იყო და არა ლიბერალური ფილოსოფიის, თუმცა ეს უკანასკნელიც იყო კონსტიტუციის ნაწილი. მაგალითად, ბოლშევიკებისგან განსხვავებით, საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა სამართლებრივი სახელმწიფო შექმნეს, კონსტიტუციური სახელმწიფო დამოუკიდებელი სასამართლოთი. საქართველოსთვის ამის გაკეთება ძალზედ რთული იყო, რადგან იმპერიულ წარსულს იმპერიული ნარჩენები მოჰყვებოდა: კორუფცია და მექრთამეობა, მსგავსად 1991 წლის საქართველოსი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირი. ლიბერალური და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა მყისიერად რთულია.

მთავრობის ძალიან სუფთა გზებით მართვა შეუძლებელი იყო. თუმცა ისინი შეეცადნენ, მათ მიიღეს კანონები. რეგიონებში მომრიგებელი მოსამართლები აირჩეოდნენ... მათ სისხლის სამართლის საქმეებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოიღეს, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათი და პროგრესულია. კონსტიტუცია გამორჩეული დოკუმენტი იყო, ისევე როგორც მთავრობის მსოფლმხედველობა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს ევროპა უფრო კონსერვატიულია, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ჩემს ქვეყანაში, ქალებს ხმის მიცემის სრული უფლება მხოლოდ 1926 წელს მისცეს... საქართველო, სოციალური და პოლიტიკური ხედვის კუთხით ძალიან წინ იყო, და ეს დღეს უნდა დავაფასოთ.

რამდენად აქტიური იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური ელიტა, როდესაც საქმე ეხება საგარეო ურთიერთობებს, აღიარებას და საერთაშორისო მოკავშირეების მოძიებას?

საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს საქათველოში დღესაც იკვეთება. ის რთულ რეგიონშია მოქცეული, იმპერიებით შემოსაზღვრული და მხოლოდ მეგობრების დახმარებით თუ გადარჩება. საქართველოს [პირველი რესპუბლიკა] ცდილობდა დასავლეთში მოკავშირეების პოვნას. იდეა, რომ საქართველო იყო ევროპა, უკვე არსებობდა 1918 წელს ისევე, როგორც დღეს. სწორედ ამიტომ ეცადა საქართველოს მთავრობა მოკავშირეებთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კავშირების დამყარებას. მათ მონაწილეობა მიიღეს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში და ცდილობდნენ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულებისგან აღიარების მოპოვებას... ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ბრიტანეთი დარჩენილიყო [საქართველოში], არა როგორც დამპყობელი, ეს მათ არ უნდოდათ, არამედ როგორც დაცვის გარანტი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ერთი რამ რაც ქვეყანას დაიცავდა იყო საერთაშორისო აღიარება, და მათ ამის მიღწევა გაუჭირდათ, საქართველომ საერთაშორისო აღიარება მხოლოდ 1921 წლის იანვარში მიიღო. მოკავშირეები, მსგავსად დღევანდელი სიტუაციისა, ყოყმანობდნენ საქართველოს თურქებისგან და ბოლშევიკებისგან დაცვის პასუხისმგებლობის აღებას. ომი დასრულებული იყო და მათ სურდათ დაეტოვებინათ ეგიონი.

თქვენს წიგნში საუბრობთ, თუ როგორ გადაიქცა იდეა, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, პოლიტიკური ელიტის მოქმედების გზად, და ამბობთ, რომ ის ელიტის მიერ არის შექმნილი, თუმცა თუ პირველ რესპუბლიკას შევხედავთ და მათ კავშირებს ევროპასთან, ეს ბუნებრივი არჩევანია, არა?

ინტელიგენციაში, განსაკუთრებით 1830იანი წლების შემდეგ, როდესაც ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, როგორიც იყო სოლომონ დოდაშვილი, რომლის ხედვაც რესპუბლიკის იდეას ემყარებოდა და ეს მხოლოდ ევროპისგან თუ იქნებოდა აღებული. როგორც იცით, 1832 წელს შეთქმულებით საქართველო ეცადა დამოუკიდებლობის მიღებას. ევროპის იდეას ძალიან დიდი ისტორია აქვს. და რა თქმა უნდა, შემდეგ [ეს იდეა] ისეთმა ადამიანებმა გააცოცხლეს, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და ბევრმა სხვა... თუმცა ის იყო ძლიერი ინტელიგეციის შიგნით, და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის.

რომ შევაჯამოთ, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და პირველი რესპუბლიკის შექმნიდან ასი წლისთავის აღნიშვნა?

პირველ რიგში, 100 წელი გავიდა და ეს სიმბოლურია, ჩვენ გვიყვარს მრგვალი თარიღების აღნიშნვა. მეორე, მნიშვნელოვანია აღვიშნოთ და ვაჩვენოთ პირველი რესპუბლიკა და მისი მიღწევები. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, როდესაც მე რუსთაველის გამზირზე ან ჭავჭავაძის გამზირზე დავდივარ, ვერაფერს ვერ ვამჩნევ, რაც პირველ რესპუბლიკას წარმოაჩენს. როგორ თქვენ თქვით, ის იყო იმ დროისთვის ძალიან პროგრესული და დემოკრატიული. რა თქმა უნდა, იყო პრობლემებიც, მაგრამ ეს ყველა ქვეყნის შემთხვევაში ასე იყო, მათ შორის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც. თუმცა, ქართველმა ხალხმა რესპუბლიკაზე ბევრი არ იცის, მათ იციან, რომ დამოუკიდებელი იყო და წითელი არმია შემოიჭრა, მაგრამ არ იციან რა ხდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში, და რის მიღწევას ცდილობდა საქართველოს მთავრობა. ისინი ფიქრობენ, რომ მთავრობა სოცილისტური იყო, არ ესმით, რომ მიუხედავად მთავრობის სოციალ-დემოკრატიული ბუნებისა, ის ეროვნულ მთავრობად გადაიქცა, რომელმაც გადაწყვიტა რომ წარმოადგენდა მოქალაქეებს და არა კლასს, საქართველოს მოასხლეობას და არა პროლეტარიატს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც საქართველოს სოციალ-დემოკრატებმა გადადგეს. მათ გადააბიჯეს ეროვნული სუვერენტიტეტის ხანაში და ეს რა თქმა უნდა არის მემკვიდრეობა რომელიც საქართველოს მთავრობებმა დღეს უნდა დააფასონ. ეს იყო ეროვნული მთავრობა, დემოკრატიული მთავრობა, რომელმაც მისცა ქალებს ხმის მიცემის უფლება და დემოკრატიული სუვერენტიტეს პრინციპი ჩამოყალიბდა. და ეს მემკვიდრეობა 1991 წლის შემდეგ რესპუბლიკამ მიიღო და უნდა შენარჩუნდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG