ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენის 18 მფლობელი


საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი

მამია ალასანია რიგით მე-17 პირია, რომელსაც სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გუშინ მიიღო და პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი, მის შვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას გადასცა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში დაბადებულმა მამია ალასანიამ მთელი ცხოვრება უშიშროების სტრუქტურებში გაატარა და საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის ჩინამდე მიაღწია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აჭარაში, თბილისში, ავღანეთსა და ცხინვალის რეგიონში.

აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს ომის (1992-93) დროს, სპეციალური დავალებით მივლინებული იყო სოხუმში, სადაც 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთებთან და მებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია
ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია

50 წლის ალასანია აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსეთიდან შემოჭრილმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან, სოხუმის მერთან გურამ გაბესკირიასთან და მათ გარემოცვასთან ერთად დახვრიტეს.

ქართველი პატრიოტების საერთო სამარხის შესახებ 24 წლის მანძილზე გასაიდუმოებული ინფორმაცია, მარიონეტულმა რეჟიმმა მხოლოდ შარშან გაამჟღავნა. ამ ხნის მანძილზე, ისინი ოკუპირებულ სოხუმთან ახლოს, სოფელ თავისუფლების ტერიტორიაზე განისვენებდნენ. მათი ცხედრების იდენტიფიცირება და თბილისში დაკრძალვა მხოლოდ 2017 წლის ოქტომბერში მოხერხდა.

მამია ალასანიას გარდა, პრეზიდენტმა სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით ასევე დააჯილდოვა სოხუმში მასთან ერთად დახვრეტილი თანამერძოლები: ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე, არშაველ შენგელია, მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე და ელგუჯა შარტავა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კერძოდ ბრძანა:

„ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს. ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, კიდევ ერთხელ მინდა თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც ახალი თაობა იზრდება“
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

„ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს. ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც ახალი თაობა იზრდება“

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი 2004 წლის ივნისში დაწესდა და ამ ხნის მანძილზე, ეს უმაღლესი ჯილდო, სულ 18 ადამიანს მიენიჭა, 17 მათგანს სიკვდილის შემდეგ, ერთს კი სიცოცხლეშივე.

ეროვნული გმირის პირველი წოდება 2004 წელს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავას მიენიჭა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. 2017 წელს, ეროვნული გმირის წოდება ასევე მიენიჭა, შარტავასთან ერთად დახვრეტილ სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას.

გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი
გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი

საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება ასევე მიენიჭათ: პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის სარდალს და ახალი ქართული ჯარის არქიტექტორს გენერალ-მაიორ გიორგი კვინიტაძეს;

გენერალ გიორგი მაზნიაშვილს - სომხეთთან, რუსეთთან და თურქეთთან ომებში გამორჩეულ მხედართმთავარს;

პირველი რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 1924 წლის სახალხო აჯანყების მეთაურს პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილს.

მეცნიერს, ლინგვისტს, სოციოლოგსა და დიპლომატს მიხაკო წერეთელს, ემიგრაციაში პოლიტიკური ორგანიზაციების „თეთრი გიორგის“, „ქართული სამოკავშირეო კომიტეტისა“ და „ქართველ ტრადაციონალისტთა კავშირის“ დამაარსებელს.

18 წლის მარო მაყაშვილს, წითელი ჯვრის მოწყალების დას, რომელიც 1921 წლის 19 თებერვალს, ქართველ იუნკრებთან ერთად იმყოფებოდა და კოჯრის მისადგომებთან, საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

ეროვნული გმირის წოდების მფლობელი ერთადერთი ქალი - მარო მაყაშვილი
ეროვნული გმირის წოდების მფლობელი ერთადერთი ქალი - მარო მაყაშვილი

ისტორიკოსსა და არქეოლოგს ექვთიმე თაყაიშვილს, საბჭოთა ოკუპაციის გამო 1921-45 წლებში საფრანგეთში გატანილი საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საგანძურის ლეგენდარულ მცველს;

კათოლიკოსს ამბროსი ხელაიას (1921-27), უნეტარეს პატრიარქს, რომელიც ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო მეტეხის ციხეში გამოკეტეს.

ქართველ თეოლოგს, შემდგომში პოლონეთის ეკლესიის არქიმანდრიტს გრიგოლ ფერაძეს, იგი მეორე მსოფლიო ომის დროს, დევნილი ებრაელების შეფარებისთვის ფაშისტებმა 1942 წელს, ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით გაგუდეს.

კათოლიკოსი ამბროსი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე
კათოლიკოსი ამბროსი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე

ეროვნული მოძრაობის აღიარებულ ლიდერს, მუსიკოსსა და დისიდენტს, ანტისაბჭოთა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია "გორგასლიანისა" და "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის" დამაარსებელს მერაბ კოსტავას;

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს, ისტორიული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია

სამხედრო მფრინავს ზურაბ იარაჯულს, მისი მოიერიშე Cy-25 1993 წლის 13 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა სოხუმთან ახლოს ჩამოაგდეს, მან კატაპულტირება მოასწრო, შემდეგ კი ტყვედ ჩაბარებას გმირული სიკვდილი არჩია, თან ორი მტერიც გაიყოლა;

ქართული ჯარის კაპრალს 31 წლის ზაზა დამენიას, რომელიც 2004 წლის აგვისტოში, ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს, საბრძოლო შეტაკებისას, სანგარში ჩამოვარდნილ ხელყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და რამდენიმე თანამებრძოლი სიკვდილისგან იხსნა;

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე უფროსი სერჟანტს, გიორგი ანწუხელიძეს, ალვანელი ვაჟკაცი 2008 წლის 9 აგვისტოს ტყვედ ჩავარდა და მტრებმა იგი უსასტიკესი წამებით მოკლეს, მაგრამ ვერ გატეხეს.

ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე
ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, გიორგი ანწუხელიძე

თავდაცვის ყოფილის მინისტრის ირაკლი ალასანიას აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო თავგანწირვის თითოეულ ასეთ მაგალითს ღირსეულად აფასებს:

ასეთი თავგანწირვის, სამშობლოსთვის ბრძოლაში თავგანწირვის მაგალითები გვახსენებს ყველას, რომ ჩვენ სამშობლო გვაქვს, რომელსაც დაცვა სჭირდება და რომ დაჭირდეს ამ ქვეყანას, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“
ირაკლი ალასანია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„ასეთი თავგანწირვის, სამშობლოსთვის ბრძოლაში თავგანწირვის მაგალითები გვახსენებს ყველას, რომ ჩვენ სამშობლო გვაქვს, რომელსაც დაცვა სჭირდება და რომ დაჭირდეს ამ ქვეყანას, ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ.“

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენს ორი უცხოელიც ფლობს. ეს უმაღლესი წოდება პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის 2010 წლის აპრილში მიენიჭა, მას შემდეგ, რაც პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავმა, რომლითაც კაჩინსკი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები მგზავრობდნენ, რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან კატასტროფა განიცადა.

ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საქართველოს უმაღლესი ჯილდო სიცოცხლეშივე გადაეცა, ამერიკელი სენატორი 81 წლის ჯონ მაკკეინია, მას საქართელოს ეროვნული გმირის წოდება 2010 წელს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიჭა.

ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი
ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი

საქართველოს ეროვნული გმირის ორდენის მფლობელები:

2004 - ჟიული შარტავა და ზაზა დამენია
2010 - ჯონ მაკკეინი და ლეხ კაჩინსკი
2013 - გიორგი მაზნიაშვილი, გიორგი კვინიტაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ფერაძე, მიხაკო წერეთელი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ზურაბ იარაჯული, გიორგი ანწუხელიძე
2015 - მარო მაყაშვილი
2017 – გურამ გაბესკირია
2018 – მამია ალასანია

Facebook Forum

XS
SM
MD
LG