ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-რუსეთის სტრატეგიული შეიარაღება - სტარტი III გაფორმებულია


რუსეთსა და ამერიკას შორის ახალი “სტარტის” ხელშეკრულება 5 წლით გახანგძლივდა. ცოტა ხნის წინ, ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა. ბლინკენი ამბობს, რომ ხელშეკრულება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

"სტარტის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გახანგძლივება ამერიკის შეერთებულ შტატებს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. ეს არის ჩვენი მცდელობის დაწყება, რათა შეიარაღების უფრო ეფექტურ კონტროლს მივაღწიოთ"- წერს “ტვიტერში” ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს მუშაობას, რათა მოხდეს უფრო ეფექტური კონტროლი და შემუშავდეს ფართო მექანიზმი მსოფლიოში სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის მხრივ.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაიცავს ამერიკელ ხალხს ბირთვული საფრთხეებისგან იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის აღდგენის გზით,"- ამბობს ენტონი ბლინკენი. აქვე, ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ “სტარტის” ხელშეკრულება 2026 წლის 5 თებერვლამდე იმოქმედებს.

"სტარტი 3 საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ რუსეთის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების პროცესს, როგორც მონაცემების გაცვლით, ასევე ადგილზე ინსპექტირების საშუალებით. ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის შესაძლებლობა უკეთ დააკვირდეს რუსულ ბირთვულ შეიარაღებას და ობიექტებს,"- წერია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.


ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება, თითქმის სრულად განსხვავდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომისგან. ჯერ კიდევ 2020 წლის 7 მაისს ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეიარაღების კონტროლზე ახალი შეთანხმება ჩინეთზეც უნდა გავრცელებულიყო.

"პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელახლა დაადასტურა, რომ შტატები ეფექტური შეიარაღების (ახალი სტარტის შეთანხმებას) კონტროლს ემხრობა, რაც არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავს და ძვირადღირებული შეიარაღების შეჯიბრის თავიდან ასაცილებლად, მომავალ დისკუსიებს ელის,"- ეწერა მაშინ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველად, ახალი შეთანხმების შესახებ დონალდ ტრამპმა განცხადება 2019 წელს გააკეთა. მაშინ, ამერიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ახალი ხელშეკრულებით უნდა ჩანაცვლებულიყო 2010 წელს გაფორმებული დოკუმენტი. თუმცა 2019 წელს, დონალდ ტრამპის განცხადებიდან მაველე, ჩინეთმა, რომელიც 200 ბირთვულ ქობინს ფლობს, შეთავაზებაზე უარი თქვა.

2019 წლის იანვარში ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე მიიღო გადაწვყეტილება, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა INF-დატოვა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციაში თვლიდნენ, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რაც რუსეთს მცირე დროში ევროპაზე ბირთვული თავდასხმის შესაძლებლობას მისცემდა.

INF-ის შეთანხმება რუსეთსა და ამერიკას 500 - 5000 კილომეტრამდე რადიუსის რაკეტების გამოყენებას კრძალავდა. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმება რუსეთმაც დატოვა, მაშინ ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ ამერიკა ახალ შეიარაღებას შექმნიდა, რუსეთიც გააგრძელებდა მუშაობას ამ მიმართულებით. პუტინის ეს განცხადება, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა გააკრიტიკა.

ის, რომ ჯო ბაიდენი, გარკვეულწილად, როგორც ტრამპის, ასევე ობამას საგარეო პოლიტიკის კურსს გააგრძელებდა "ამერიკის ხმის" გადაცემაში "ხედვა ვაშინგტონიდან" "ნიუ-იორკ" ტაიმსის ცნობილმა ჟურნალისტმა და მწერალმა პიტერ ბეიკერმა ისაუბრა.

"დიახ, ვფიქრობ ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა ჯანმო, პარიზის კლიმატის შეთანხმება, თუნდაც სტარტის ახალი ხელშეკრულება რუსეთთან, ობამას პოლიტიკის გაგრძელება იქნება და არა ტრამპის. მაგრამ, ტრამპის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ ასპექტს, ბაიდენი ვფიქრობ, რაღაც დონეზე გააგრძელებს,"- თქვა ბეიკერმა ია მეურმიშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ინფორმაცია, რომ ახალი სტარტის ხელშეკრულების ვადა გახანგძლივდებოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ინაუგურაციის მეორე დღეს გაავრცელა. მაშინ განცხადებაში ეწერა, რომ ხელშეკრულება 5-6 წლიტ გაგრძელდებოდა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებას კრემლში მალევე უპასუხეს და თქვს, რომ მიესალმებიან ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას.

მანამდე რუსეთი აცხადებდა, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურდა დოკუმენტის 5 წლით გახანგძლივება, ისინი მზად იყვნენ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ დოკუმენტი დაუყონებლივ მომდევნო 1 წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა.

ახალი სტარტის ხელშეკრულებას საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. დოკუმენტს ხელი ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერეს. ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ბირთვული იარაღის კონტროლს ითვალისწინებს და მასში განსაზღვრულია, რომ ბირთვული ქობინების რაოდენობა 2 200-დან 1 550-მდე უნდა შემცირდეს.

პრაღაში გაფორმებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქვეყნებმა უნდა შეამცირონ რაკეტმზიდების და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობაც.

„მე ვაცხადებ ნათლად და დარწმუნებით, რომ ამერიკის ვალდებულებაა ეძებოს გზები ბირთვული იარაღის გარეშე მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს მისაღწევად. არ ვარ მიამიტი. ეს მიზანი სწრაფად არ მიიღწევა - შესაძლოა ეს არ მოხდეს ჩემს სიცოცხლეშიც კი. ამას მოთმინება და სიმტკიცე სჭირდება,"- ამბობდა ხელმოწერის შემდეგ ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ობამა-მედვედევის მიერ ხელმოწერილი ახალი სტარტის ხელშეკრულებით 1991 წლის ხელშეკრულება ჩანაცვლდა, რომელსაც ხელს ჯორჯ ბუშ უფროსი და მიხეილ გორბაჩოვი აწერდნენ. ამერიკა-რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ 1994 წელს ამოქმედდა და მას ვადა 2019 წელს გაუვიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG