ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენ-პუტინის სატელეფონო ზარი: რას ნიშნავს და რაზე მიანიშნებს ეს საუბარი?


პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 26 იანვარს, პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ექვს დღეში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ შეერთებული შტატები გადამწყვეტად იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ნაბიჯებზე, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს,“ ნათქვამია სატელეფონო საუბრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ ხუთი წლით გააგრძელონ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება; ასევე, პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა „შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი“ და წამოჭრა ისეთი სხვა საკითხებიც, როგორიცაა რუსეთის მიერ გასულ წელს ამერიკაზე მიტანილი ჰაკერული თავდასხმა, ამერიკის არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მოწამვლა.

კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არც-ერთი მწვავე საკითხი, რომელზეც თეთრი სახლი საუბრობს, ნახსენები არ არის. კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ბაიდენს უთხრა, რომ „რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის ინტერესებში - და იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც მათ აქვთ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად - მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესებში შედის.“ მოსკოვი აცხადებს, რომ საუბარი „საქმიანი და პირდაპირი“ იყო და ლიდერებმა განიხილეს „ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის მწვავე საკითხები,“ მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემია, ირანის ბირთვული შეთანხმება, უკრაინა და სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები. კრემლის განცხადებაში არ იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტებმა ნავალნის თემაც განიხილეს.

რუსეთსა და ამერიკაში ზარს განსხვავებული ინტერპრეტაცია გაუკეთეს. რუსი ანალიტიკოსების აზრით, ეს ზარი ორი ქვეყნის თანასწორობაზე მიუთითებს და ის მოსკოვისთვის პოზიტიური შედეგით დამთავრდა. შეერთებულ შტატებში კი, პირიქით, ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ საუბრის დროს ბაიდენის რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის ჩარჩო გამოიკვეთა.

„ახალი სტარტის“ შეთანხმების გაგრძელება კი პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რომელსაც მომავლში შესაძლოა სხვა მიმართულებით პროგრესი მოჰყვეს, ამბობს „ამერიკის ხმის“ რუსულ რედაქციასთან საუბრისას „რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი ტომას კენტი.

„ნებისმიერი პროგრესი კარგია. ეს ძალიან საწყისი შეთანხმებაა, მაგრამ არ მგონია მან ომის დაწყება ან შეჩერება შეძლოს. ვფიქრობ, ის უბრალოდ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ამერიკელებმა და რუსებმა რაღაც თემებზე ერთად იმუშაონ, პროგრესს ერთად მიაღწიონ,“ ამბობს კენტი.

„ახალი სტარტის“ ხელშეკრულება პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროინდელი იარაღის კონტროლის შეთანხმებაა, რომელსაც ვადა 5 თებერვალს გასდის. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთთან ხელშეკრულების პირობების განახლებაზე და მასში ჩინეთის ჩართვაზე შარშან დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი ვადის დამთავრებამდე მხარეებს შორის შეთანხმება არ მოხდა, ჩინეთმა კი მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ყველა ფიქრობს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული ომი ნაკლებად სავარაუდოა. ამიტონ, ამ საკითხის მიმართ ცოტა მოქნილობა ორ ქვეყანას შორის დისბალანსს არ ქმნის. თუმცა, რუსეთთან გვაქვს ბევრი სხვა, პოტენციურად უფრო მნიშვნელოვანი შეთანხმება და მცირე პროგრესი ერთი მიმართულებით შეიძლება სხვა მიმართულებით მომავალი პროგრესის საწინდარი გახდეს,“ ამბობს კენტი.

როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის გარეთ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ჯო ბაიდენის რუსეთის პოლიტიკის შემუშავებას დიდი ინტერესით აკვირდებიან. საარჩევნო კამპანიის დროს მან მაშინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „პუტინის ლეკვი“ უწოდა იმის გამო, რომ ტრამპი პუტინის საჯაროდ გაკრიტიკებაზე უარს ამბობდა. ამ და სხვა მსგავსი განცხადებების გამო არსებობს მოლოდინი, რომ ბაიდენის თეთრი სახლი კრემლის მიმართ უფრო მკაცრი იქნება.

ამ მიმართულებით, პირველი ქმედითი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა გადადგა ისაა, რომ ეროვნული დაზვერვის ახალ დირექტორ ავრილ ჰაინსს ბაიდენმა ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის მიერ გადადგმული მტრული ნაბიჯების გადახედვა მოსთხოვა. რა შედეგი მოჰყვება ამ მოკვლევას და როგორ აისახება ის რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკაზე ჯერ უცნობია.

“ყველას გვაქვს უფლება ვიყოთ სკეპტიკურები. ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ გააკეთებს, თუ არა მსგავს განცხადებებს ბაიდენი საჯაროდ,“ ამბობს ტომას პიკერინგი, ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში. მისი აზრით, ბაიდენმა ამერიკელ ხალხს საჯაროდ უნდა უთხრას, რომ პრეზიდენტ პუტინს მკაცრად ესაუბრა. თუმცა ისე ასევე დასძენს, რომ „ამერიკამ უნდა სცადოს თანამშრომლობის შესაძლებლობების გამონახვა იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის კატასტროფული პრობლემები ავიცილოთ. ამერიკას ყოველთვის ექნება რუსეთთან იმედგაცრუება და რუსეთის პოლიტიკის, კრემლის განცხადებების და ზრახვების მიმართ სკეპტიკურობა. ჩვენ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მიმართ აღვადგინოთ ნდობა.”

საერთაშორისო დონეზე ამერიკის მიმართ ნდობა ხშირად ადამიანის უფლებების საჯაროდ და თანმიმდევრულად დაცვას უკავშირდება. თეთრ სახლსა და კრემლს შორის შემდგარ საუბარს წინ უსწრებდა რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში გამართული საპროტესტო დემონსტრაციები, რომლებიც რუსული ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დაკავებას მოჰყვა. ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 3500-ზე მეტი ადამიანი დააკავა. უცნობია ბაიდენმა პუტინს სთხოვა, თუ არა ნავალნის გათავისუფლება, მაგრამ უქმეებზე რუსეთში გამართული დემონსტრაციების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალისთვის“ მიცემულ კომენტარში ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ნავალნის ხსენება ძალიან საგულისხმოა. „ჩემთვის ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი უფრო ხშირად ისაუბრებენ რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი არასოდეს აკეთებდა.“

ექსპერტების მეორე ჯგუფს კი მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ძალისხმევას გაწევს ადმინისტრაცია, ეს მაინც “იქნება კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც ჩვენ მუდამ უნდა ვმართოთ, სწორედ ისე, როგორც ამას 1970-ანებში ვაკეთებდით,“ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ტომას რემინგტონი. მას მიაჩნია, რომ „ამერიკამ უნდა დაივიწყოს ის მოსაზრება, რომ თუ პუტინზე ზეწოლას მოვახდენთ ის საკუთარ პოლიტიკას შეცვლის.“

კონსერვატიული „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ჯეიმს კარაფანო ზარს ნაკლები ოპტიმიზმით აფასებს და ამბობს, რომ „რუსების ყურადღებას მოქმედებები იპყრობს. პუტინს სიტყვები არ აინტერესებს.“

ამბიციური შიდა-პოლიტიკური დღის წესრიგის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა გლობალური მნიშვნელობის მქონე საკითხებთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის პოლიტიკაზეც უნდა იმუშაოს. რაზე გაამახვილებს ეს პოლიტიკა მეტ ყურადღებას - საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობაზე თუ რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული როლის გლობალურად შესუსტებაზე - ამას მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შევიტყობთ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG