ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნის და ოპოზიციური მოძრაობის მომავალი რუსეთში- რისი არ ეშინია ნავალნის?


“უკანონობა რუსეთში ნორმალური რამაა, მაგრამ ეს [დაკავება და სასამართლო პროცესი]დემონსტრაციული უკანონობაა, რომელსაც მოსამართლეებიც კი არ ჩადიან, იმიტომ რომ მოსამართლეები აქ დამჯერი მონები არიან. ამ უკანონობას ჩადიან ადამიანები, რომლებმაც გაძარცვეს ჩვენი ქვეყანა და უკვე 20 წელია მას ძარცვავენ. მათ სურთ, რომ გააჩუმონ ყველა, ვინც ჩემნაირია. მარტო ჩემს გაჩუმებას არ ცდილობენ, მე ადამიანების ურიცხვი რაოდენობის სახეს წარმოვადგენ..“, ეს ალექსეი ნავალნის სიტყვის ნაწილია, რომლითაც დაპატიმრებული ოპოზიციონერი 28 იანვარს, სასამართლო მოსმენაზე გამოვიდა.

სასამართლოს სხდომის დასასრულს, მოსამართლემ ძალაში დატოვა ნავალნის წინასწარი პატიმრობა. ის ციხეში 15 თებერვლამდე დარჩება. მანამდე კი, 2 თებერვალს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება.

პატიმრობა, როგორც ოპოზიციური ხმის ჩახშობის გზა

ვლადიმირ მილოვი, პუტინის თანაპარტიელი და რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნავალნის დაპატიმრება დიდი დარტყმაა ოპოზიციისთვის და ბრძოლა, ახლა, უფრო გართულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დანებებას, ან გაჩერებას აპირებენ. მილოვის თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება ოპოზიციის დაშლას არ უდრის და სწორედ ამის დაშვების დროს ცდება პუტინი.

„ჩვენ გამოცდილები ვართ და მსგავსი სიტუაციები უკვე გვქონდა, 2019 წელს, საპრტესტო აქციების დროს მოსკოვში. ჩვენ, ასევე იძულებულები ვიყავით, რომ გვემოქმედა ნავალნის გარეშე, როდესაც ის მოწამლეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი მოძრაობა გვაქვს, რომელიც ნათელი და ჭკვიანი ახალგაზრდა ადამიანებითაა დაკომპლექტებული. მათ ამ სამუშაოს შესახებ სრული წარმოდგენა აქვთ და ყოველმა ჩვენგანმა იცის რა უნდა გააკეთოს. ასე რომ, ეს რთული იქნება, მაგრამ, ჩვენ გადავრჩებით. მთავარი ფაქტორი კი აქ ისაა, რომ პუტინი ჩვენ კი არა, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას ებრძვის“, ამბობს მილოვი.

„ჩვენ არ ვთხოვთ დასავლეთს, რომ დაგვეხმაროს, ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, პოლიტიკურ დახმარებას, ან რეჟიმის შეცვლას. ერთადერთი რასაც ჩვენ დასავლეთს ვთხოვთ ისაა, რომ დარჩეს თავისი ღირებულებების ერთგული“

იმ შემთხვევაში, თუ 2 თებერვალს, ნავალნის სასამართლო გაამტყუნებს და გადაწყვეტს, რომ მან შინაპატიმრობის წესები დაარღვია, მაშინ მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ოპოზიცინერები, რომლებიც ნავალნის კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ პატიმრობა ნავალნის გასაჩუმებლად არ გამოდგება, ვინაიდან მას პატიმრობის არ ეშინია.

„ნავალნის პატიმრობის არ ეშინია. ის უკვე იჯდა ციხეში ერთი წლით და უკვე მოიხადა შინაპატიმრობის ერთლიანი ვადა. მისი ძმაც იჯდა ციხეში, ასე რომ ნავალნის ციხეში ყოფნის არ ეშინია. მან იცოდა, რაც მოხდებოდა“, ამბობს მილოვი.

ვლადიმირ კარა-მურზა, რუსი ოპოზიციონერი და ბორის ნემცოვის ფონდის თავმჯომარე, მოსკოვში ორჯერ მოწამლეს. კარა-მურზა თვლის, რომ ორჯერვე რუსეთის ხელისუფლებამ, თავისი საქმიანობის გამო გაწირა. ის ადამიანის უფლებების დარღვევებში დამნაშავე რამდენიმე რუსი ოფიციალური პირისთვის, ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესებას ლობირებდა. კარა-მურზა იხსენებს, რომ ნავალნიმ, გონზე მოსვლისთანავე თქვა, რომ რუსეთში დაბრუნებას აპირებდა და მას ნავალნის ეს გადაწყვეტილება არ გაკვირებია.

„მახსოვს დასავლელი ჟურნალისტები მირეკავდნენ და ნავალნის ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სენსაციად მონათლეს, კომენტარის გაკეთებას მთხოვდნენ. მე კი ვეუბნებოდი, რომ სენსაციურს ვერაფერს ვხედავდი, მეტიც ეს ჩემთვის სიახლე სულაც არ იყო. რა თქმა უნდა ის დაბრუნდებოდა, ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც მას შეეძლო. რუსი პოლიტიკოსი რუსეთში უნდა იყოს. მახსოვს, ჩემი ორივე მოწამვლის შემდეგ, როგორც კი ფიზიკურად ამის შესაძლებლობა მომეცა, მე მოსკოვში დავრბუნდი“, ამბობს კარა-მურზა.

ოპოზიციონერი თვლის, რომ მისი, ნავალნის და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნის დატოვება, პუტინის რეჟიმისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. სწორედ ამიტომ ცდილობდა ის, რომ ნავალნი, როგორმე ქვეყანაში არ დაბრუნებულიყო. სწორედ ამიტომ ცდილობდა პუტინი, რომ ეჩვენებინა ნავალნისთვის- ქვეყანაში დაბრუნება პატიმრობას უდრიდა.

როგორც ჩანს, თანამედროვე რუსეთის ხელისუფლება, არამხოლოდ საბჭოთა ნერვულ აგენტებს იყენებს კონკურენტების მოსაშორებლად, არამედ, მათთან იდეოლოგიური ბრძოლის დროსაც, ლენინისა და სტალინის მემკვიდრეობას მიმართავს.

ვლადიმირ კარა-მურზა იხსენებს, რომ, სწორედ, საბჭოთა კავშირში ცდილობდნენ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა კი არ დაეკავებიანთ, ან მოეკლათ, არამედ ქვეყნიდან გაეძევებინათ, გადაესახლებინათ და ასე შეესუსტებინათ ის. „იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, არამარტო კარგავენ კავშირებს საკუთარ ქვეყანასთან (თუმცა ეს ასპექტი, ახლა ნაკლებად რელევანტურია ტექნოლოგიების გამო), არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის გარეთ ხარ, კარგავ მორალურ ავტორიტეტს იმისთვის, რომ გააგრძელო ბრძოლა“, ამბობს კარა-მურზა.

სოციალური მედია, როგორც პროტესტის მამოძრავებელი ძალა

„მთავარი ფოკუსი, ჩემი აზრით, ლეგიტიმურობაა. დიახ, პუტინი ბევრ ტაქტიკურ სვლას იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს და იმავდროულად ლეგიტიმურობას კარგავს. თუმცა, როდესაც ის ლეგიტიმურობას ბოლომდე დაკარგავს, არ არსებობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხოს“, ამბობს მილოვი. 

ვლადიმირ მილოვი ფიქრობს, რომ რუსი ხალხი ქუჩებში გამოვა და პროტესტი სულ უფრო გაძლიერდება. მისი აზრით, მოსახლეობის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა ნავალნის მხარდაჭერა, არამედ სიმართლის გაგების შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ გამოსვლა იქნება.

სიმართლეს კი ნავალნი, მილოვი და მათი გუნდი რუს მოსახლეობას სოციალური ქსელების და ინტერნეტის საშუალებით აწვდის. ნავალნის იუთიუბ არხი რუსეთში ძალიან პოპულარულია, მის ვიდეოებს კი მილიონობით ნახვა აქვს. სულ ბოლო გამოძიებას, რომელიც პუტინის სასახლეზე და კორუფციულ გარიგებებზეა, ამ დროისთვის, 101 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მნახველების უმეტესობა კი სწორედ რუსეთიდანაა. ვლადიმირ კარა-მურზა ამბობს, რომ ეს რიცხვი ერთად აღებული ყველა რუსული სახელმწიფო მედიის ყურების მაჩვენებელს აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ ხალხი რუსული პროპაგანდის მიღმაც იღებს ინფორმაციას. ეს კი პუტინის წინააღმდეგ დიდი როლს თამაშობს.

შედარებისთვის, ნავალნის სხვა საგამოძიებო ვიდეოებს, საშუალოდ, 2-3 მილიონი ნახვა აქვს. მის ბოლო ორ საგამოძიებო ვიდეოს, სადაც „ბელინგქეთის“ ჟურნალისტებთან ერთად, თავისი მოწამვლის საქმე გამოიძია 24 და 26 მილიონი ნახვა აქვს.

მარია სნეგოვაია, „ატლანტიკური საბჭოს“, ევრაზიის ცენტრის არარეზიდენტი წევრი ამბობს, რომ „პუტინის სასახლის“ მნახველების, დაახლოებით 70% რუსეთიდანაა, რაც „წარმოუდგენლად დიდი მაჩვენებლია რუსეთისთვის“. „ეს უპრეცენდენტო ფაქტია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველას, რუსეთში ეს ვიდეო ნანახი აქვს“, ამბობს სნეგოვაია.

ნავალნი ბოლო სასამართლო სხდომაზე, 28 იანვარი, 2021 წ.
ნავალნი ბოლო სასამართლო სხდომაზე, 28 იანვარი, 2021 წ.

მისი თქმით, პუტინი სულ უფრო კარგავს ახალგაზრდების მხარდაჭერას. ლევადა ცენტრის მიერ, 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, პუტინის მხარდამჭერების რიცხვი 18-24 წლის ახალგაზრდებში 36%-იდან 20%-მდე ჩამოვიდა, რაც ბოლო პერიოდში ყველაზე რადიკალური ცვლილებაა. სნეგოვაია თვლის, რომ ეს ორი მიზეზით ხდება: პუტინს არაფერი აქვს ახალგაზრდებისთვის შესათავაზებელი და ამ თაობას ინტერნეტთან აქვს წვდომა. ისინი პროპაგანდის მანქანის მიღმაც ახერხებენ ინფორმაციის მიღებას და მეტად არიან ნავალნის მხარდამჭერები, ვიდრე პუტინის.

სწორედ სოციალური ქსელები და ამ საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია მიაჩნია მილოვს საპროტესტო ტალღის მთავარ კატალიზატორად. „ეს ფილმი [„სასახლე პუტინისთვის“] ხალხს კრებს, იმიტომ, რომ ეს ფილმი ანგრევს ერთ-ერთ მთავარ მითს პუტინზე. ის თავის თავს ყოველთვის წარმოაჩენს, როგორც ასკეტურ პიროვნებას, აქ კი ჩანს, რომ რუსული ოლიგარქული სტანდარტითაც კი, ის ყველანაირ ზღვარს გაცდა“, ამბობს მილოვი.

კარა-მურზა, მილოვი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ სწორედ პროპაგანდის მანქანის მიღმა, ინტერნეტით ნამდვილი ინფორმაციის გავრცელება, არის ის, რაც პუტინის ლეგიტიმურობას ხალხისთვის ეჭვქვეშ დააყენებს.

„მთავარი ფოკუსი, ჩემი აზრით, ლეგიტიმურობაა. დიახ, პუტინი ბევრ ტაქტიკურ სვლას იყენებს იმისთვის, რომ ძალაუფლებას ჩაებღაუჭოს და იმავდროულად ლეგიტიმურობას კარგავს. თუმცა, როდესაც ის ლეგიტიმურობას ბოლომდე დაკარგავს, არ არსებობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხოს“, ამბობს მილოვი.

დასავლეთის როლი ნავალნი-პუტინის ორთაბრძოლაში

ხშირად ისმის შეკითხვა, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ისე, რომ ავტოკრატი პუტინის რეჟიმს ებრძოლოს, პროდასავლურ ძალებს დაეხმაროს და თან ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს.

ანდერს ასლუნდი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის მკლვევარი ამბობს, რომ პირველი და ყველაზე ეფექტური ნაბიჯი, რაც ამერიკას და ევროპას შეუძლია გადადგას ისაა, რომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუს მაღალჩინოსნებს. მისი აზრით, გეგმა, რომელიც ნავალნიმ წარმოადგინა და რომელიც 8 რუსი მაღალჩინოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას გულისხმობს, ეფექტური და სამართლიანი ქმედება იქნება დასავლეთის მხრიდან.

პროფესორი ასლუნდი, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად, ამ პროცესებში ამერიკის როლს ხედავს. „ პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან თავდაჯერებული იყო თავის განცხადებებში და ახლა მან ამ განცხადებების კვლადაკვალ უნდა იმოქედოს“, ამბობს ის.

ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ოქტომბერში ექვს რუს მაღალჩინოსანს და სახელმწიფო კვლევით ცენტრს აქტივები გაუყინეს და სამგზავრო სანქციები დაუწესეს. თუმცა, 8-კაციანი სია, რომელიც ნავალნიმ წარადგინა, მოიცავს ზოგიერთ ისეთ მაღალჩინოსანსაც, რომელსაც სანქციები აქამდე არ შეხებია.

„მიზანში ფული ამოიღეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, ამბობს ვლადიმირ კარა-მურზა. „ჩვენ არ ვთხოვთ დასავლეთს, რომ დაგვეხმაროს, ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, პოლიტიკურ დახმარებას, ან რეჟიმის შეცვლას. ერთადერთი რასაც ჩვენ დასავლეთს ვთხოვთ ისაა, რომ დარჩეს თავისი ღირებულებების ერთგული“. ოპოზიციონერი თვლის, რომ მთავარი ადამიანები, ვინც ამ ეკონომიკური სანქციების სამიზნე უნდა იყოს, არიან „კრემლის საფულეები“, ხალხი, ვინც პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს აფინანსებს.

სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიება, მაგალითად, როგორიცაა „პანამის ქალაღდები“, ან თავად ნავალნის საგამოძიებო ვიდეოები, აჩვენებს, რომ რუსი ოლიგარქები და მაღალაჩინოსნები თავიანთი ფულის დიდ ნაწილს სწორედ დასავლეთში ინახავენ. ოფშორული ანგარიშებისა და კომპანიების საშუალებით კი გადასახდებს თავიდან იცილებენ და უსაფრთხოდ ინახავენ ნადავლს.

ალექსეი ნავალნის დაკავება, 2021 წლის 17 იანვარი
ალექსეი ნავალნის დაკავება, 2021 წლის 17 იანვარი

ვლადიმირ მილოვი ყვება, რომ ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეები მას სწორედ იმას ეკითხებიან, თუ როდის მოიქმედებს რამეს დასავლეთი და გააძევებს რუს ოლიგარქებს მათი კომპანიებიდან და საბანკო ანგარიშებიდან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ როდესაც პუტინის „საფულეებს“ ფულის უსაფრთხოდ შენახვა აღარ შეეძლებათ, ისინი ვეღარც კრემლს დააფინასებენ. დაფინანსებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი პუტინი კი თავის ერთადერთ იარაღს, ძალასაც, ვეღარ გამოიყენებს ისე, როგორც აქამდე. ვინაიდან პროპაგანდაც ახალგაზრდებზე სულ უფრო ნაკლებად მოქმედებს და პარალელურად, პუტინი ლეგიტიმურობასაც კარგავს, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში, დადგება დღე, როდესაც მისი დამარცხება ერთადერთი შესაძლო არჩევანი იქნება. თუმცა, როდის მოვა ეს დღე და რამდენად არის მზად, უახლოეს მომავალში, რუსი ერი ამ ნაბიჯისთვის, ან რისი მომტანი იქნება პუტინის სავარაუდო წასვლა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის, ეს ჯერ უცნობია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG