ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ვალდებული იყო ნავალნის მოწამვლაზე ეპასუხა, რატომ არ გააკეთა ეს?


8 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა საბჭოთა დროინდელი ძლიერი ნერვული აგენტით ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში საჯაროდ დასდო ბრალი რუსეთს, ორმა ამერიკელმა კანონმდებელმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. კანონმდებლები თეთრი სახლის მიერ საკითხის შესწავლას ითხოვდნენ.

„ეს მოთხოვნა 60 დღეში უნდა დაკმაყოფილდეს", - განუცხადეს წარმომადგენელთა პალატის წამყვანმა დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა თეთრ სახლს.

„თუ დადგინდა, რომ რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი მისი მოქალაქის წინააღდეგ, დამატებით სანქციები უნდა დაწესდეს“, - ნათქვამი იყო წერილში. კანონმდებლები სანქციების საფუძვლად 1991 წლის კანონის გამოყენებაზე საუბრობდნენ, რომელიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტის სახელითაა ცნობილი.

8 ნოემბერს, როცა ამ წერილით დადგენილი დრო ამოიწურა, ამერიკის მთავრობა კვლავ დუმდა. ერთი თვის თავზე თეთრ სახლს კანონმდებლებმა კიდევ ერთი წერილით მიმართეს.

20 იანვრისთვის, როცა პრეზიდენტ ტრამპის ვადა დასრულდა, ამერიკის მთავრობას კვლავ არ ჰქონდა არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, დაარღვია თუ არა რუსეთმა აქტი.

ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა
ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა

იმაზე თუ რატომ არ მოახდინა ტრამპის ადმინისტრაციამ რეაგირება მომხდარზე, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები საიდუმლო ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევად მიიჩნევენ, პასუხი არაა.

უმოქმედობის მიზეზები

ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირები, შეიარაღების კონტროლის ექსპერტები და კონგრესის წარმომადგენლები სხვადასხვა მიზეზებზე მიუთითებენ. მათ შორისაა, ერთი მხრივ უბრალო უყურადღებობა, მეორე მხრივ კი შიდა წინასაარჩევნო პოლიტიკა. სხვები კი ამბობენ, რომ შესაძლოა თეთრ სახლს კრემლის გაღიზიანება არ სურდა.

ეს უმოქმედობა იმ ფონზე ვიხილეთ, როცა მის ბოლო დღეებში, ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები დაუწესა ჩინეთს, ირანს, კუბას, ვენესუელას და ტანზანიას.

პროტესტი ნიუ-იორკში
პროტესტი ნიუ-იორკში

22 იანვარს, ორი დღის თავზე, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტი კიდევ ერთხელ აამოქმედა და ტრამპის ადმინისტრაციას ბრალი დასდო, რომ უმოქმედობით ის კანონით გათვალისწინებულ წესებს არღვევდა.

„შეერთებულმა შტატებმა, წინა ადმინისტრაციის პირობებში... ვერ მოახერხა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტის მოთხოვნების შესრულება და იგნორირება მოახდინა კონგრესისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაზე, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მოწამვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ქრისტოფერ ფორდი, სახელმწიფო მდივნის მოადგილე, რომელიც დეპარტამენტის ქიმიური იარაღის მონიტორინგის, შეიარაღების და სანქციების ბიუროს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ „არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს ბრალდებას, რომ ადმინისტრაციის უმოქმედობის უკან პოლიტიკური მიზეზები“ იყო.

„შეფერხება სავარაუდოდ ოვალური ოფისის... ყურადღების საპრეზიდენტო არჩევნებზე გადატანას უკავშირდებოდა“, - განუცხადა მან „რადიო თავისუფლებას“.

პასუხი მოწამვლაზე

ნავალნის მოწამვლაზე პასუხის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა, რაც რუსი ოპოზიციონერი მოსკოვში გერმანიიდან დაბრუნებისას დააკავეს. მის დაკავებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მოჰყვა.

ნავალნი აგვისტოს ბოლოს, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ, გერმანიაში მკურნალობდა. გერმანელმა ექიმებმა და სამხედრო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც პირველად საბჭოთა კავშირში შექმნეს.

ბაიდენი პუტინს ესაუბრა
ბაიდენი პუტინს ესაუბრა

ხუთთვიანი მკურნალობის კურსის შემდეგ ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნდა, სადაც აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე, პირობითი სასჯელის წესების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ნავალნის მოსამართლემ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „ნავალნის ნერვული აგენტით მკვლელობის მცდელობა ეჭვგარეშეა“. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ, რომლის წევრებს შორის გერმანია, შეერთებული შტატები და რუსეთი არიან, ერთი თვის თავზე, გერმანიის მიგნებები დაადასტურა.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ღია მონაცემთა კვლევის ჯგუფმა, „ბელინგქეთმა“, ნავალნის ორგანიზაციამ და „რადიო თავისუფლების“ რუსულმა რედაქციამ გამოძიება გამოაქვეყნეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებდა რუსეთის შესაძლო საიდუმლო ქიმიური იარაღის პროგრამისაკენ და დაზვერვის სააგენტოსკენ, რომლის სპეციალიზაციაც ადამიანების წინააღმდეგ იშვიათი საწამლავების გამოყენებაა.

კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს. კრემლში უარყოფდნენ ასევე, ნერვული აგენტით ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობას 2018 წლის მარტში. ბრიტანელი ქალი, რომელიც შემთხვევით მოიწამლა, ივლისში გარდაიცვალა.

პოლიცია ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ყაზანში, თათრეთშიი
პოლიცია ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ყაზანში, თათრეთშიი

მაშინ, შეერთებულმა შტატებმა, ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი გააძევა. მსგავსი ნაბიჯი გადადგეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც.

ამავე წლის აგვისტოში, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა სკრიპალების წინააღმდეგ და ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტის ფარგლებში, მოსკოვს სანქციების ახალი წყება დაუწესა.

ეს აქტი სკრიპალებამდე ორჯერ აამოქმედეს, პირველად 2013 წელს სირიის და 2018 წელს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

4 სექტემბერს ტრამპს ნავალნის შესახებ გერმანიის მიგნებებზე ჰკითხეს.

„არ ვიცი ზუსტად რა მოხდა. ვფიქრობ ეს ტრაგიკულია. საშინელებაა. არ უნდა ხდებოდეს. ჯერ არ გვაქვს სამხილი, თუმცა ამას დავაკვირდები“, - თქვა მან.

ქიმიური იარაღის კონტროლი

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლის აქტი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად იქნა მიღებული და ნაწილობრივ მისი მიზანი, საბჭოთა კავშირიდან ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ნარჩენების გატანის და მესამე ქვეყნისთვის ან ტერორისტებისთვის გადაცემის თავიდან აცილება იყო.

თუ დადგინდა, რომ ქვეყანამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, მაშინ კანონით შეერთებული შტატების მთავრობა ვალდებულია სანქციები დააწესოს, როგორიცაა ფინანსური აქტივების გაყინვა, საგარეო დახმარების თუ იარაღის მიყიდვის შეჩერება.

კანონი „ბაიდენის ადმინისტრაციას გზას აძლევს, რომ ფორმალურად გამოიძიოს ნავალნის ინციდენტი და მიგნებები საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს“, - ამბობს ჯულია მასტერსონი, „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ მკვლევარი, ვაშინგტონში.

თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას ფორმალურად არ დაუდასტურებია გამოყენებულ იქნა თუ არა ქიმიური იარაღი ნავალნის წინააღმდეგ. არც კონგრესის მოთხოვნისთვის უპასუხია.

25 აგვისტოს პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებული იყო „გერმანიის ექსპერტების წინასწარი დასკვნებით“, რომ ნავალნი მოწამლეს. მან თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ გამოძიების მოთხოვნას და მზად იყო დახმარებოდნენ მას „თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება “. ეს დათქმა კი ნიშნავდა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავდა დაუყოვნებლივ მოქმედებას.

როცა გერმანიის მიგნებები საფრანგეთმა და შვედეთმაც დაადასტურეს, სახელწიფო დეპარტამენტს თუ თეთრ სახლს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

„აღსანიშნავია თუ რამდენად დუმდა თეთრი სახლი და სახელწიფო დეპარტამენტი ტრამპის პირობებში ნავალნის მოწამლასა და დაკავებაზე“, - განაცხადა გრეგორი კობლენცმა, ვაშინგტონში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ბიო-თავდაცვის პროგრამის დირექტორმა.

„ტრაპის ადმინისტრაციის უმოქმედობა ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კუთხით, თანამიმდევრულია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისა არ ჰქონოდა კონფრონტაცია რუსეთთან მთავარ საკითხებზე იქნება ეს ქიმიური იარაღის გამოყენება, არჩევნებში ჩარევა თუ კიბერ-თავდასხმა“, - უთხრა მან „რადიო თავისუფლებას“.

უპასუხო კითხვები

რატომ არ დააწესა ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები რუსეთის წინააღდეგ, როგორც სხვა შემთხვევაში და როგორც 1991 წლის კანონი ითვალისწინებდა? რატომ არ უპასუხა მან კონგრესის მოთხოვნას, რომელიც ფორმალურად ითვალისწინებდა შესწავლის პროცესის დაწყებას?

„ამ კითხვებზე პასუხის მიღებას კვირების განმავლობაში ვცდილობდი“, - ამბობს ანდრეა სტრიკერი, ვაშინგტონში დაფუძნებული, დემოკრატიების დაცვის ფონდის მკვლევარი. „იკვეთება, რომ თუ ეს პრეზიდენტი ტრამპის პრიორიტეტი არ იყო, კაბინეტის დონეზე მაინც იყო სურვილი ნავალნის მოწამვლაზე [ლეგალური] დადგენილება მიეღოთ “, - ამბობს ის.

ვლადიმირ პუტინი და ალექსეი ნავალნი
ვლადიმირ პუტინი და ალექსეი ნავალნი

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მთავრობის ორმა ოფიციალურმა პირმა: სახელმწიფო დეპარტამენტის წამყვანმა დიპლომატმა ქიმიური იარაღის გავრლცების საკითხებში და ამერიკის ელჩმა ქიმიური იარაღის მონიტორინგის ორგანიზაციაში, საჯაროდ დასდეს ბრალი რუსეთს საიდუმლო ქიმიური იარაღის პროგრამის ქონაში.

„ტრამპს არ აღელვებდა რაიმე ქმედებების მიღება. მათ ძალიან გვიან დააწესეს სანქციები სკრიპალების შემთხვევაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების გამო და მაშინაც, მინიმუმი გააკეთეს რასაც კანონი ითხოვდა“, - განაცხადა ბრაიან ოტულმა, ხაზინის დეპარტამენტის სანქციების განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა.

ოტული, რომელიც ახლა „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარია, ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მოსკოვისთვის სანქციების დაწესება შეეძლო იმით გაემართლებინა, რომ ამას კანონმდებლობა ითხოვდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკრიპალების შემთხვევაში მათ ეს ნაბიჯი გადადგეს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია

ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავება ის იყო, რომ თუ სკრიპალის შემთხვევაში რუსეთმა ქიმიური იარაღი ქვეყნის გარეთ გამოიყენა, ნავალნის მოწამვლა რუსეთის შიგნით მოხდა.

თუმცა, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ქრისტოფერ ფორმა, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ ნავალნის მოწამლა აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სანქციები.

ნავალნის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში
ნავალნის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში

„არღვევს თუ არა რუსეთი ქიმიური იარაღის კონვენციას? - ნამდვილად არღვევს“, - განაცხადა ფორდმა. „ბოლო წლებში რუსეთის ცუდი ქცევების წარმოუდგენელი წყება ართულებს იმის წარმოდგენას, თუ როგორ შეძლებს ბაიდენი რუსეთთან „გადატვირთვას“, როგორც ამას ახალი ადმინისტრაციების უმეტესობა ცდილობდა“, - თქვა მან.

ბაიდენის გეგმები

სახელმწიფო დეპარტამენტის და ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, „რადიო თავისუფლებას“ანონიმურად უცხადებენ, რომ ბაიდენის თეთრი სახლის პრიორიტეტი რუსეთთან მიმართებით ორი საკითხი იქნება: შეირაღების კონტროლი და ნავალნი.

ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ნავალნის „შერემეტევოს“ აეროპორტში დაკავებიდან ორ საათში „ტვიტერზე“ რუსი აქტივისტის მხარდამჭერი გზავნილი დაწერა და მისი დაკავება დაგმო.

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი
ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი

სახელმწიფო დეპარტამენტს არ უპასუხია „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე თუ რატომ არ გასცა პასუხი შეერთებულმა შტატებმა კონგრესის მოთხოვნებს და დააწესა სანქციები გამოყოფილ დროში. პასუხი ელ-ფოსტით გაგზავნილ შეკითხვაზე, არც ხაზინის დეპარტამენტს დაუბრუნებია.

სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, „რადიო თავისუფლებას“, თეთრი სახლის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე მიუთითა. 21 იანვარის ამ განცხადებაში საუბარი იყო არა მარტო ნავალნის მოწამვლაზე, არამედ ასევე შეერთებული შტატების მთავრობაზე მიტანილ კიბერ-თავდასხმასა და გავრცელებულ ცნობებზე, რომ ავღანეთში, რუსეთი დაზვერვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს ჯილდოს პირდებოდა, ამერიკელი სამხედროების მკვლელობის სანაცვლოდ.

26 იანვარს, ბაიდენის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პირველად ესაუბრა პრეზიდენტის რანგში. კრემლმა გამოსცა განცხადება, სადაც საუბარი იყო ბირთვული იარაღის კონტროლის „ახალი სტარტის“ შეთანხმების გაგრძელების გეგმებზე.

თეთრი სახლის განცხადებაში კი ნახსენები იყო ბირთვული შეთანხმება და შეიარაღების კონტროლი, მაგრამ ასევე ის, რომ ბაიდენმა პუტინთან განიხილა „შეშფოთების საკითხები“, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი, კიბერთავდასხმა, არჩევნებში ჩარევა, ავღანეთის საკითხი და ასევე „ალექსეი ნავალნის მოწამვლა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG