ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ნაციონალისტი და პუტინის კრიტიკოსი - ვინ არის ალექსეი ნავალნი


ალექსეი ნავალნი - რუსი ნაციონალისტი, ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი და პუტინის მთავარი კრიტიკოსია. 44 წლის პოლიტიკოსმა კარიერა წლების წინ დაიწყო და სახელი ანტიკორუფციული ფონდის დაარსებით გაითქვა.

მისი მთავარი მიზანი ვლადიმირ პუტინის შეცვლა და რუსეთში კორუფციის დამარცხებაა. მოსახლეობაში მისი აზრები ხშირად იწვევს აზრთასხვადასხვაობას, თუმცა მისი რეიტინგი მუდმივად მზარდია.

ახალგაზრდა პოლიტიკოსის განცხადებები რუსეთის მოსახლეობაზეა მორგებული. ის ხშირად მეზობელი ქვეყნების (მათ შორის, საქართველოს მიმართ) და ერების მიმართ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა სანამ მის საგარეო პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, მის ბიოგრაფიას თავიდან მივყვეთ.

ნავალნის საწყისები

ალექსეი ნავალნი მოსკოვთან ახლოს, ბუტინში დაიბადა. ის განათლებით ეკონომისტი და იურისტია. რუსეთის ფედერაციაში დამთავრებული აქვს ორი უნივერსიტეტი. ასევე, განათლება მიიღო ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ იეილის უნივერსიტეტში.

მისი მშობლები რუსეთში ბიზნესს ფლობენ. წლების წინ მისმა დედ-მამამ ქსოვილების ფაბრიკა დაარსა, რაც მოგვიანებით წარმატებულ ბიზნესად იქცა.

მისი ძმა ოლეგ ნავალნია, რომელიც რუსეთის სასამართლომ ფინანსურ თაღლითობაში დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. ამავე საქმეზე გაასამართლეს ალექსეი ნავალნიც, თუმცა მას პატიმრობა არ შეუფარდეს და პირობითი სასჯელი დაუწესეს.

კრემლის მიერ კონტროლირებული გამოძიების ვერსიით, ალექსეი ნავალნიმ, კერძო გადამზიდავი კომპანია დააფუძნა. ძმა ოლეგთან ერთად, რომელიც ამ პერიოდში რუსულ ფოსტაში მუშაობდა, ივ როშეს და კიდევ ერთ კომპანიას გზავნილებზე მაღალი ფასები დაუწესეს და კომპანიას 800 ათასი დოლარის ზარალი მიაყენეს. თუმცა, რუსულ გამოძიებას არავინ ენდობა და საქმეს თავად ნავალნიც პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

ნავალნი მეუღლე იულიასთან და შვილებთან (დარია და ზახარი) ერთად მოსკოვში ცხოვრობს. იულია ნავალნი მოსკოვში ცნობილი ეკონომისტია.

ნავალნი პუტინის მიმართ წინააღმდეგობრივი ქმედებების გამო არაერთხელ დააკავეს და ორჯერ მოწამლეს.

“ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც,” - ალექსეი ნავალნი.

ნავალნიმ, დაახლოებით, 20 წლის წინ ცხოვრება პოლიტიკას დაუკავშირა და პატრია "იაბლოკოში" გაწევრიანდა. მალევე პარტიიდან წასვლა მოუწია. მიზეზი მისი ხისტი პოზიციები, ნაციონალისტური შეხედულებები და ქმედებები გახდა.

ის პარტიული საქმიანობის პარალელურად, აქტიურად იყო ჩართული "რუსული მარშის" ორგანიზებასა და საქმიანობაში, ასევე სათავეში ჩაუდგა განმათავისუფლებელ მოძრაობას.

"რუსული მარში" ყოველი წლის ნოემბერში რუსეთის რამდენიმე ქალაქში ეროვნული ერთობის დღეს მართავდა. ათასობით ადამიანს ერთი ლოზუნგი აერთიანებს -"ეს (რუსეთი) ჩვენი ქვეყანაა." ყველაზე მასშტაბური მარში რუსეთში 2006 წელს გაიმართა. ათასობით ადამიანი უკანონო იმიგრაციას აპროტესტებდა. მარში მერმა მალევე აკრძალა. ერთ-ერთი ვინც მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს ეწინაღმდეგებოდა ალექსეი ნავალნი იყო. ის ითხოვდა აქციებზე ნებართვის გაცემას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე.

“ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. Მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის”, - ალექსეი ნავალნი

მისი ქმედებები და განცხადებები ხისტი და მკვეთრად ნაციონალისტურია, რის გამოც ის საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში პოპულარობით ვერ სარგებლობს. ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ალექსეი ნავალნი 2011 წელს მოექცა. მანამდე, მისი ცნობადობა რუსეთში 10 პროცენტსაც არ შეადგენდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში კი მისი რეიტინგი იზრდება. რეიტინგის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კორუფციასთან ბრძოლამ. ნავალნის რეიტინგი და ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა დასავლეთშიც, მისი საქმიანობიდან გამომდინარე.

Ნავალნის მთავარი მიზანი რუსეთში ხელისუფლების შეცვლაა. უფრო კონკრეტულად, მისი მიზანია დაასრულოს პუტინის მმართველობა და ქვეყანაში რეალური რეფორმები გაატაროს.

ალექსეი ნავალნი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი უნდა ჩაერთოს. ის ასევე თვლის, რომ ქალებს და მამაკაცებს კანონით დაცული თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, ის სექსუალური უმცირესობების საკითხებზეც მუშაობს და მათი უფლებების დაცვას მოითხოვს. ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი ახალი თაობის რუსებში მკვეთრად იზრდება.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდი

ალექსეი ნავალნის ცნობადობა რუსეთში კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება - პერიოდს, როცესაც მან "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" დაარეგისტრირა და მის მუშაობას სათავეში ჩაუდგა.

“ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. Მაგრამ ჩემთვის უცნაურია: თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს და არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”, - ალექსეი ნავალნი.

მისი და შესაბამისად, ანტიკორუფიული ფონდის მთავარი სამიზნე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებია. მან მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და საზოგადოებას გაუზიარა ისეთი მსხვილი კომპანიების შესახებ მამხილებელი ინფორმაცია, როგორიცაა "როსნეფტი".

ნავალნის გადაღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი, რომლითაც ის ცდილობს რუსებს აჩვენოს, თუ როგორ იყენებენ ბოროტად სახელმწიფო თანამდებოებებს მოხელეები და როგორ იპარავენ ფულს საზოგადოების ხარჯზე. Ნავალნი ხშირად ეუბნება თანამოქალაქეებს, რომ ძალაუფლება მხოლოდ მათ ხელშია და არა მთავრობებში.

მის პოპულარობაში დიდი როლი ითამაშა დმიტრი მედვედევის შესახებ მომზადებულმა ფილმმა, სადაც ის მედვედევის ქმედებებს აღწერდა და მას სხვადასხვა დანაშაულში ამხელდა.

სწორედ ამიტომ, ნავალნი მაშინ ათასობით ადამიანთან ერთად მედვედევის გადადგომას ითხოვდა, მაშინ, როცა ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. ფილმი, სახელად "ჩაიკა" არა მხოლოდ მედვედევის, არამედ მასთან დაახლოებული პირების და რუსეთის მთავარი პროკურორის, იური ჩაიკას საქმიანობას უკავშირდება.

კორუფციული ფონდის საქმიანობა კრემლისთვის რომ მიუღებელი იყო, წლებია ნათლად ჩანდა. Ნავალნი არაერთხელ დააკავეს, კრემლის პროპაგანდისტული მანქანა კი ნავალნის წარდგენილ ფაქტებს მოგონილსა და ტყუილს უწოდებდა.

ის, რომ პუტინის რუსეთისთვის ნავალნისა და ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობა მიუღებელია, არაერთი გადაწყვეტილებებით დასტურდება. კრემლმა ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდი “უცხოელ აგენტად” შერაცხა და ფონდში არაერთი შემოწმება ჩაატარა. ნავალნის, მიმდინარე გამოძიების გამო, ივლისში მოსკოვის დატოვებაც კი ეკრძალებოდა.

წარუმატებელი (გაყალბებული) არჩევნები

სკანდალური გამოძიებების ფონზე, ნავალნის რეიტინგი როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ ეტაპობრივად გაიზარდა და ის ამ დრომდე იზრდება. მიუხედავად მისი მზარდი რეიტინგისა, მან მოსკოვის მერობისთვის ბრძოლა წააგო. არჩევნები რომ გაყალბდა და დარღვევებით გაიმართა ამას ბევრი ფაქტი და საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. ეს თავად ნავალნიმაც თქვა და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. თუმცა, როგორც ყოველთვის, კრემლმა წინააღმდეგობა ვერ აიტანა, აქცია არასანქცირებულად გამოაცხადა და ასობით ადამიანი დააკავა.

“როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე, Მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის,” -
ალექსეი ნავალნი. 

Მიუხედავად არაერთი მარცხისა, ნავალნი ბრძოლას განაგრძობს, საპრეზიდენტო არჩევნებში მას მონაწილეობა აუკრძალეს, მიზეზი “კრიმინალური” წარსულია, თუმცა ნავალნის მიმართ წარმოებულ საქმეებში ნათლად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები.

“ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში,” - ალექსეი ნავალნი.

Ალექსეი ნავალნის ასი ათასობით მხარდამჭერი ჰყავს და ის დანებებას არ აპირებს. ის ყოველთვის ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია და აქციები რომელსაც ის სათავეში უდგას არაძალადობრივია, თუმცა კრიტიკული და მასშტაბური. მიუხედავად იმისა, რომ მასზე და მის მხარდამჭერებზე პოლიტიკური დევნა და ზეწოლა ხორციელდება.

Სასიცოცხლო საფრთხე

Პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთში ხშრად აქტივისტების სიკვდილით მთავრდება. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეების გრძელი სია წლიდან წლამდე იზრდება.

Მოსკოვში მოკლეს ბორის ნემცოვი, ანა პოლიტიკოვსკაია, მოწამვლით მოკლეს იური ჩეკოჩიხინი, დიდ ბრიტანეთში მოწამლეს და შედეგად, მოკლეს ალექსანდრე ლიტვინენკო. საწამლავით Სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ სერგეი და იულია სკრიპალები დიდ ბრიტანეთში.

Სიკვდილს ორჯერ გადაურჩა თავად ალექსეი ნავალნიც. ერთხელ, როგორც თავად ამბობს, ციხეში მოწამლეს, თუმცა ის მალევე გამოჯანმრთელდა. Მას რუსმა ექიმებმა მწვავე ალერგიული რეაქციის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს რეაქცია-დღემდე უცნობია.

Რამდენიმე დღის წინ კი, ის კიდევ ერთხელ მოწამლეს. კომაში მყოფი ნავალნი გერმანიაში გადააფრინეს სამკურნალოდ. საავადმყოფოს გაძლიერებულად იცავს დაცვის სამსახური, რომელიც გერმანიის მთავრობამ მიუჩინა. გერმანელი ექიმები ფიქრობენ, რომ ნავალნი გადარჩება. Მისი მეუღლე და მეგობრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლმა მოწამლა. ოჯახი და ნავალნის მხარდამჭერები საქმის გამოძიებას ითხოვენ.

გერმანელი ექიმები ადასტურებენ, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს. ამ დასკვნას ისინი პაციენტის ორგანიზმში გარკვეული ნივთირებების აღმოჩენაზე აფუძნებენ.

გერმანიის კანცლერი და სხვა დასავლელი ლიდერები, მაღალი თანამდებობის პირები რუსეთს დროული ქმედებისკენ, გამოძიების დაწყებისა და დამნაშავეების გასამართლებისკენ მოუწოდებენ. კრემლში უარყოფენ, რომ ნავალნი მოწამლეს. მეტიც, ამბობენ, რომ მთავარი ოპოზიციონერი არავის მოუწამლავს და მისი კომაში ჩავარდნა ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ განაპირობა.

Მოქმედი ოპოზიციონერებიდან, ალექსეი ნავალნი ერთადერთი არ არის ვინც მოწამლეს. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა ნემცოვის ფონდის ხელმძღვანელი და ოპოზიციონერი პოილიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა.

Დოკუმენტური ფილმები

Ალექსეი ნავალნის სახელს არაერთი დოკუმენტური ფილმი უკავშირდება, მათ შორის არის:

"Პუტინი სამუდამოდ?" “ჩაიკა, “ვადა”, "ის დიმონი არ არის”, "ბორის ნემცოვი".

Საგარეო პოლიტიკა

ალექსეი ნავალნის მიზანია დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, რუსეთში რეფორმების გატარება და ევროპასთან და ამერიკასთან ახლო ეკონომიკური ურთიერთობების ქონა. ნავალნი ერთადერთი გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება პუტინისა და კრემლის პოლიტიკას უკრაინაში, კერძოდ, კი პროპაგანდას ყირიმის ანექსიაზე, რომელსაც კრემლი ავრცელებს.

დასავლეთთან ნავალნის თანასწორი და ახლო ურთიერთობა სურს. თუმცა დასავლურ ღირებულებებსა და მის რამდენიმე განცხადებას შორის ფუნდამენტური სხვაობაა. აქ Საუბარი საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება.

Ნავალნი ამბობს, რომ “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რეგიონები, რომლებმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადეს".

"ცხინვალსა და სოხუმში განვითარდა სისხლიანი მოვლენები, იქ ფაქტიურად ომი იყო”, -
თქვა ნავალნიმ ტელეარხ “დოჟდზე” საუბრის დროს ქსენია სობჩაკთან.

ამასთან, ნავალნი ფიქრობდა, რომ რუსეთს უნდა ეღიარებინა დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მან ეს ასე გაამართლა - “რუსეთმა უნდა აღიაროს ჩვენი ისტორიული მოკავშირეების დამოუკიდებლობა”.

Რომელ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა ნავალნი, მას არ დაუკონკრეტებია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. 2013 წელს ალექსეი ნავალნიმ, კრიტიკის საპასუხოდ, "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თქვა:

"ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე "გრიზუნებად" (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დეფაქტო რეგიონები იყო წლებია. ისინი არ იმართებოდნენ წლების განმავლობაში თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი/ სპონსორი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე ახლა მზად არ ვარ პასუხისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება რა მოხდება რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?" - თქვა ალექსეი ნავალნიმ

ფაქტია, რომ Მისი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უგულვებელყოფს, ცხადია. ეს კი, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება დასავლეთის პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. უფრო მეტიც, ნავალნის შეხედულება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაზე პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის შეერთებული შტატების კანონმდებლობასთან. ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, ამერიკის მხრიდან დახმარება არ მიეწოდება.

“რუსეთისთვის ხელსაყრელია წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან ეკონომიკური დაახლოება”,
ალექსეი ნავალნი 

დასავლეთთან უკეთესი ურთიერთობის დასამყარებლად Ნავალნის, სავარაუდოდო, მოუწევს საქართველოსთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დასავლეთთან ურთიერთობა გაუჭირდება. დასავლეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და რუსული ჯარების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნას ოკუპაციად აღიარებს.

Შეიცვალა, თუ არა წლების განმავლობაში ნავალნის პოზიციები და გააცნობიერა თუ არა, რომ საქართველოზე მის მიერ გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო საზოგადოების და ცივილური სამყაროს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაშია, ეს უცნობია.

ადრეული პოლიტიკური კარიერის დროს, მაშინ როცა ნავალნი ნაციონალისტურ მარშებს უკეთებდა ორგანიზებას, ის წერდა “დაგვღალეს უკვე ჩეჩნებმა. Ხან რას ითხოვენ და ხან რას. Ხან მეტი ფული უნდათ, ხან ფილმები არ მოწონთ, ასე არ გამოვა.. ეს კი იმ ფონზე, როცა თათრები არაფერს ამბობენ, არადა მათ რეალურად აქვთ მოთხოვნების უფლება, თუმცა ნორმალურად იქცევიან”.

Ნავალნის ცნობილი და პოპულარული გამონათქვამები:

“პატარა წიგნს ვკითხულობდი. Მას რუსეთის კონსტიტუციას უწოდებენ. აქ წერია, რომ რუსეთში ძალაუფლების ერთადერთი წყარო ხალხია. ასე რომ, ვინ არის ძალა აქ?”

“ყველა ამბობს, რომ კორუფციაა ყველგან. Მაგრამ ჩემთვის უცნაურია, თუ ეს ვიცით და არ მოგვწონს, რატომ არ ვაგდებთ ამ ხელისუფლებას და დამნაშავეებს”.

“ხალხს ნამდვილად არ ეშინია ჩემი შეხედულებების. Მათ უბრალოდ ეშინიათ სიტყვა ნაციონალიზმის”.

“ხალხს ეზიზღება პოლიტიკოსები, მე მესმის რატომაც”.

“ჩვენ გვჭირდება ნამდვილი კარვების ქალაქი მოსკოვის ცენტრში”.

“როდესაც არჩევნებში მონაწილეობის შანსს ვიღებთ, მე მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე და წამყვან პოზიციაზე. Მათ შორის, მზად ვარ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის”.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG