ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი "სტარტი"


ახალი "სტარტი"
ახალი "სტარტი"

<!-- IMAGE -->


ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პრაღაში პრეზიდენტ ობამას და რუსეთის ლიდერს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ, ორივე ქვეყანას ურთიერთობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ახალმა ხელშეკრულებამ ძველი შეთანხმება შეცვალა, რომელსაც ვადა გასული წლის დეკემბერში გაუვიდა. დოკუმენტი სახელწოდებით „სტარტი“ ყოფილი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსს შორის 1991 წელს გაფორმდა. თუმცა, ძალაში მხოლოდ 1994 წელს შევიდა.

პრაღაში რამდენიმე დღის წინ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით რუსეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც თავიანთი ბირთვული არსენალი 2200-დან 1550 საბრძოლო ქობინამდე უნდა შეამცირონ. ასევე 700 ერთეულამდე შემცირდება რაკეტმზიდების და სტრატეგიული ბომბდამშენების რაოდენობაც. ხელშეკრულება მკაცრი ვერიფიკაციის რეჟიმში იმუშავებს. ანალიტიკოსების განცხადებით პრაღაში გაფორმებული დოკუმენტი პირველი ნაბიჯია პრეზიდენტ ობამას ხედვის მისაღწევად, რომელიც ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სამყაროს გულისხმობს.

„მე ვაცხადებ ნათლად და დარწმუნებით, რომ ამერიკის ვალდებულებაა ეძებოს გზები მშვიდობიანი და უსაფრთხო მსოფლიოს მისაღწევად ბირთვული იარაღის გარეშე. მე არ ვარ მიამიტი. ეს მიზანი სწრაფად არ მიიღწევა - შესაძლოა ეს არ მოხდეს ჩემს სიცოცხლეშიც კი. ამას მოთმინება და სიმტკიცე სჭირდება“
განაცხადა ბარაკ ობამამ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი „სტარტის“ ხელშეკრულება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების წინსვლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
დარი კიმბელი შეიარაღების კონტროლის ასოციაციის ხელმძღვანელია.

„ათწლეულების მანძილზე ბირთვული თანაშრომლობა საერთოდ თანამშრომლობას განსაზღვრავდა - უკეთესობისკენაც და უარესობისკენაც. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს თუ არ იქნება რეგულირებული სისტემა, სადაც ორივე მხარეს ერთმანეთის გაგება შეუძლია, მანამდე იქნება დაეჭვება და უნდობლობა ბირთვული იარაღის მიმართ.ასე რომ, ეს რასაკვირველია არ გადაჭრის ბირთვული შეჯიბრის საკითხს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მაგრამ ეს მათ აძლევს საშუალებას ყურადღება გაამახვილონ სხვა საკითხებზე, რომლებიც საერთო შეშფოთების საგანია: როგორიცაა ირანის ბირთვული საკითხი, ბირთვული მასალების უსაფრთხოება, გლობალური კლიმატის და ენერგეტიკის საკითხები “

თავის მხრივ, შეიარაღების კონტროლის და გაუვრცელებლობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ისააკი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უფრო მეტ ძალას სძენს პრეზიდენტ ობამას, რათა რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა განახორციელოს.
ანალიტიკოსები ასევე ფიქრობენ, რომ პრაღაში ხელმოწერილი შეთანხმება შეერთებულ შტატებს და რუსეთს მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ბირთვული სამიტის წარმატებას შეუწყობს ხელს.
თუმცა, ახალი შეთანხმების საბოლოო წარმატებისთვის აუცილებელია მისი რატიფიცირება რუსეთის დუმასა და შეერთებული შტატების სენატში. ობამას ადმინისტრაციამ გამოთქვა იმედი, რომ სენატი ამ აქტის ძალაში შესვლას ხელს შეუწყობს.



XS
SM
MD
LG