ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოხმაურებები ხაზარაძის პოლიტიკაში სავარაუდო გამოჩენაზე


ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენის ნიშნებია. დღეს, მამუკა ხაზარაძემ, "თი-ბი-სი" ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განცხადება გააკეთა, რომელშიც ის იუწყება, რომ სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ დღესაა საჭირო "ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება". ხაზარაძე თვლის, რომ "არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება".

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის გულისხმობს ბანკირი იმ "მეგობრებში", "თანამოაზრეებში", თუ "სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებში", ვისთან ერთადაც ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ვრცელდება დაუდასტურებელი კულუარული ინფორმაცია, რომ მას გვერდში დაუდგება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენას რამდენიმე პოლიტიკოსი უკვე გამოეხმაურა. საქართველოს ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ წარმატებას უსურვებს ყველას, "ვისაც უნდა სახელმწიფოსთვის სარგებლის მოტანა". იმის გარჩევისგან კი, თუ სინამდვილეში ვის რა უნდა, ის თავს იკავებს: "ვის უნდა და ვის არ უნდა, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა ამ სახელწიფოსთვის სარგებლის მოტანა და ამ დღის წესრიგით ვიმუშავებთ", - განაცხადა კობახიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც მიესალმა ამ ფაქტს, ოღონდ იმ პირობით, თუ ხაზარაძის მიერ დაარსებული მოძრაობა, მათთვის მნიშვნელოვან პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, იგივე პოზიციებზე იდგება. "ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. თუ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მოძრაობა ან რაიმე პოლიტიკური გუნდი იქნება, თუ ფუნდამენტურ და საკვანძო ღირებულებებში ეს მოძრაობა დგას, ჩვენთვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, იმავე პოზიციებზე, მაშინ ძალიან კარგი. ჯერჯერობით არ ვიცნობ, რა შინაარსი აქვს ამ მოძრაობას" - უთხრა ბოკერიამ სააგენტო "ინტერპრესნიუსს".

„ყველა ერთის წინააღმდეგ, მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე. საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ბიზნესმენ ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას "სწორ" გადაწყვეტილებად თვლის.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეც ფიქრობს, რომ ეს ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რისი უფლებაც ხაზარაძეს მისი თქმით, ნამდვილად აქვს. კილაძე ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ის, თუ "ამ მოძრაობას რა მხარდაჭერა ექნება ხალხის მხრიდან".

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG