ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხაზარაძე ალაპარაკდა: დიდი აურზაური სალხინეთში


მამუკა ხაზარაძე პარლამენტში გამოსვლისას

არჩევნების მეორე ტურის წინ მივიღე წერილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიასგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე – ეს სკანდალური განცხადება პარლამენტში, თიბისი ბანკის საქმეზე ოთხ საათიანი მოსმენის დროს მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკის დამფუძნებელმა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბრძანა, რომ „ქვეყანაში რევანშიზმის დრო არ არის“ და ამ გზავნილით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს ღიად დაუჭირა მხარი.

ხაზარაძის თქმით, მუქარის წერილის შესახებ ინფორმაცია თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 28 დეკემბერს პირველივე დაკითხვაზე სამი პროკურორისა და მოსამართლის თანდასწრებით გაახმოვანა, თუმცა წერილის შინაარსით, მისივე მტკიცებით, გამოძიება არ დაინტერესებულა.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შსს მინისტრის წერილის შინაარსს პარლამენტში საგამოძიებო კომიიის შექმნის შემდეგ გაასაჯაროებს:

ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთედ და არც გავაკეთებთ. გპირდებით, მუქარის წერილს გავასაჯაროებ, როცა საგამოძიებო ორგანო იქნება შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირებს და გამოძიების საშუალება ექნება“
მამუკა ხაზარაძე, თიბისი ბანკის დამფუძნებელი

„ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთედ და არც გავაკეთებთ. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან ცოტა იმედი მაქვს, რომ საერთოდ რაღაცეები გაირკვევა ამ ქვეყანაში, ამას პირდაპირ ვამბობ. ამიტომ, გპირდებით, მუქარის წერილს გავასაჯაროებ, როცა საგამოძიებო ორგანო იქნება შექმნილი, რომელსაც ამაზე რეაგირებს და გამოძიების საშუალება ექნება.“

მამუკა ხაზარაძის და თიბისი ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 10 წლის წინანდელი ტრანზაქციები, რაზეც პროკურატურამ 2018 წელს საქმე აღძრა, არ არის ფულის გათეთრება, ეროვნული ბანკი არ არის დამოუკიდებელი, მთავრობა ეროვნული ბანკის მეშვეობით თიბისი ბანკს აშანტაჟებს, აბსურდულ ბრალდებას უყენებს და ცდილობს ანაკლიის პორტის მშენებლობას ჩამოაშოროს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის გამოსვლებში სხვა არანაკლებ სკანდალურმა თემებმაც გაიჟღერა. ხაზარაძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ, მთავრობის ზეწოლით, ვალების განულების პროგრამის ფარგლებში, თიბისი ბანკმა 120 მილიონი დოლარის ღირებულების პორტფელი 3 მილიონ ლარად გაანულა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურის წინ, 600 000 მოქალაქისთვის დაახლოებით, მილიარდ 500 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანების ჩამოწერა ამომრჩევლის მოსყიდვად არის შეფასებული.

თიბისი ბანკის დამფუძნებლების სხვა ბრალდებებიდან აღსანიშნავია:

2018 წლის ივლისში, კიბერ თავდასხმა თიბისი ბანკზე, რა დროსაც ბანკმა საკუთარი არხებით შეძლო თავდამსხმელთა მისამართის და ვინაობის დადგენა, ეს ინფორმაცია შსს-ს გადაუგზავნა, თუმცა სამინისტრომ საქმე ამ დრომდე არ გამოიძია.

2016 წელს, ეროვნულმა ბანკმა თიბისის ბანკ რესპუბლიკის ყიდვის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ხაზარაძე ივანიშვილს შეხვდა და დამატებით პროგრესს ბანკის ყიდვის ვალდებულებაც აიღო.

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან არაფორმალური შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ ამ შეხვედრაზე მისვლას ნანობს: „პრაქტიკულად, სიმართლის განცდა არ არის. მე გეუბნებით, რომ ქართული ბიზნესი აი, ამ სტერეოტიპით არის შეპყრობილი. სათქმელი იცი რამდენი აქვთ?! – ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ოთახებში და კულისებში უნდა მოხდეს გადაწყვეტილება. მე შეცდომა დავუშვი პირდაპირ გეუბნებით, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი – თქვენ იცით, რა შეხვედრაზე ვსაუბრობ, ეს იყო წარმოუდგენელი შეხვედრა, რომელსაც ვნანობ.“

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილი საჯარო უნდა გახადოს:

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ სკანდალურ წერილში რა წერია. რა იყო ის მოთხოვნები, რომელსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თიბისი ბანკს უყენებდნენ"
გიორგი მშვენიერაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) ხელმძღვანელი

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ სკანდალურ წერილში რა წერია. რა იყო ის მოთხოვნები, რომელსაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ თიბისი ბანკს უყენებდნენ. რასაც მოჰყვა ორკესტრირებული კამპანია ბანკისა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატის მხრიდან.“

თიბისი ბანკის დამფუძნებლების ბრალდებებს უკვე გამოეხმაურნენ მთავარი პროკურატურა, ეროვნული ბანკი და შსს მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძის ჩვენებიდან არ ჩანს რომ იგი შსს მინისტრის მიერ გაგზავნილ მუქარის წერილზე საუბრობს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ არასწორია "შანტაჟად" შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

შსს მინისტრმა ბრალდებებს ბოლნისიდან უპასუხა და კერძოდ აღნიშნა, რომ „ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს პირდაპირ ვეუბნები, პირში ყველას, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე.“

თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებებს დღეს არ გამოხმაურებია მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დახურულ კარს მიღმა, „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ დეპუტატებს შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG