ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხელი ორშაბათი


"რადიო თავისუფლების" ფოტო

ამბავი, რომელიც ორშაბათს თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გააჟღერა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშო სიგნალებს შეიცავს რამდენიმე მიმართულებით. ეს კონკრეტული დეტალები სწორედაც რომ არ გახლავთ წვრილმანები, მოიცავს და კავშირშია ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებთან, როგორიცაა უსაფრთხოება, სტრატეგიული ინტერესები, სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობა და მათი მექანიზმების მდგრადობა... რთულია იმის წარმოდგენაც კი, რომ ეს ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, საკმაოდ მყიფე ბაწარზე და ყოფელი ნიავის შემობერვაზე, შეიძლება, უბრალოდ, ჩამოწყდეს.

მაინც რა თქვა ხაზარაძემ?

მამუკა ხაზარაძის განცხადების თანახმად, მას აშანტაჟებდა ის სახელმწიფო ინსტიტუტი (ეროვნული ბანკი), რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სავალუტო სიძლიერესა და ნდობაზე; ამ პროცესში, პირდაპირი მუქარისა და შანტაჟის გზით, ჩართული გახლდათ უწყება, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და წესრიგზეა პასუხისმგებელი (შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი პირველი პირი); ამ უკანასკნელის გამართულ და სამართლიან მუშაობაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ორგანო, პროკურატურა კი ასევე მიკერძოებულია და თვალს ხუჭავს ინფორმაციაზე, რომელიც დანაშაულის შემცველია და რომელზეც უნდა რეაგირებდეს;

აქვე იმალება „ბოტების“ ფაბრიკა, რომლის დაფინანსების წყარო და წარმომავლობა არავისთვის არაა ცნობილი, მაგრამ გამოძიება მათი დანაშაულებრივი საქმიანობის მოკვლევას არ ჩქარობს;

ხელისუფლება, მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, კანონგარეშედ ცდილობს კერძო ბიზნესის არა მხოლოდ შანტაჟს, არამედ აფერხებს მის მუშაობას და საქმე მიჰყავს ბიზნესის წართმევისკენ. ეს საშიში სურათი ქმნის შთაბეჭდილებას სისტემური, ერთმანეთთან დაკავშირებული, კოორდინირებული მექანიზმსა, რომელიც გამოყენებულია უკანონოდ სახელმწიფო მოხელეების მიერ. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების პრივატულად გამოყენების პროცესი არაა ნაკარნახევი სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

იმის ხაზგასასმელად, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, დეპუტატების წინაშე, ხაზარაძემ ისიც განაცხადა, რომ მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ ჩაწერა დაკითხვის ოქმში გასული წლის 26 დეკემბერს.

ხელისუფლება დღეს თავის მართლების რეჟიმში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, რომელსაც, თავდაპირველად, არ სურდა ხაზარაძის მიერ წაყენებული ბრალდებების შემჩნევა (პარლამენტში ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი უშუალოდ მინისტრ გახარიასგან მიიღო), საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

მან განაცხადა, რომ „ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით მოიპოვოს იმუნიტეტი. სხვა ყველაფერი ტყუილია. მე წერილებს არ ვწერ... პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ბიზნესში შანტაჟის ენით საუბარი, საერთოდ, საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზეც“. შსს მინისტრმა პირდაპირ და ღიად არ უარყო მამუკა ხაზარაძისთვის მუქარის შემცველი წერილის გაგზავნის ამბავი. ის ჟურნალისტებთან წინასწარ მომზადებული წინადედებებით წარსდგა.

მოგვიანებით, იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძე ცრუობდა და შსს მინისტრს ბრალს ტყუილად სდებდა, პროკურატურამ ვებგვერდზე ხაზარაძის დაკითხვის ოქმის ფრაგმენტი განათავსა, სადაც ვკითხულობთ: ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“

პროკურატურის განცხადება სრულდება მინაწერით: „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან“. ამ მინაწერით პროკურატურა ცდილობს ახსნას გამოკითხვის მისეული „სტილი“, რაც მდგომარეობს ერთგვარ „ჩაუღრმავებლობაში“, „ვერშემჩნევაში“ იმ დროს, როდესაც მოწმე მიანიშნებს მის მიმართ მუქარის არსებობის თაობაზე.

რატომ თიბისი?

მამუკა ხაზარაძისა და თიბისის ხელისუფლება 11 წლის წინანდელ კანონდარღვევას ედავება. სწორედ ამ 11 წლის წინ არსებულ კანონდარღვევის გამო, ახლა (ბანკის დანფუძნებლების მხრიდან წინააღმდეგობის გაუწევლობის შემთხვავეში) თიბისი დაკარგავს არა მხოლოდ დამფუძნებლებს, არამედ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს, ეს გახლავთ ანაკლიის პორტი, რომლის მშენებლობაც სწორედ თიბისი ჰოლდინგი გეგმავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ანაკლიის პორტის პროექტის ხელშეშლაში რუსულ კვალს ხედავენ და ხელისუფლებასაც რუსეთის ინტერესების ლობირებაში იმის გამო ადანაშაულებენ, რომ თიბისი ბანკის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიით ეს პროექტი ზიანდება.

მაინც რატომაა ანაკლიის პორტის პროექტი ასეთი მნიშვნელოვანი?

ანაკლიის პორტს საქართველოს გაძლიერების პოტენცია სამი მიმართულებით აქვს: ეკონომიკური, პოლიტიკური და აქვე შეგვიძლია მივათვალოთ, უსაფრთხოების თვალსაზრისით.

დაახლოებით ორი კვირის წინ, ანაკლიის პორტის შესაძლებლობების შესახებ მამუკა ხაზარაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა: „შავ ზღვაზე მოცურავე დიდი გემების (რომლის ზომა იწყება 1300 კონტეინერიდან და ზემოთ) მხოლოდ 25 პროცენტს შეუძლია შემოვიდეს საქართველოში (დაახლოებით 89 გემია ასეთი და თითოეული მაქსიმუმ 1400 კონტეინერს იტევს). თანამედროვე მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გემის მოცულობა.

რაც უფრო დიდია გემი, მით უფრო დაბალია გადაზიდვის ტარიფი და მით უფრო დიდია მისი ეკონომიკური ეფექტი, არა მარტო გადამზიდავი კომპანიისთვის, არამედ იმ პორტისთვის და იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს ტვირთი შედის. ჩვენ, პრაქტიკულად, ვერ ვიღებთ 75 პროცენტს იმ გემებისა, რაც შავ ზღვაში მოძრაობს. აღარაფერს ვამბობ იმ გემებზე, რაც შეიძლება ჩამოვიდეს პირდაპირ სინგაპურიდან, აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ანაკლიის 16 მეტრი სიღრმის პორტი საქართველოს ამ პრობლემას უხსნის მომავალი 100-150 წლის განმავლობაში. ესაა სიღრმე, რომელიც მიიღებს მინიმუმ 10 000 კონტეინერიან გემს. დღეისთვის MSC (Mediterranean Shipping Company), რომელსაც გადაზიდვების თითქმის 50 პროცენტი უკავია საქართველოში, მუშაობს შემდეგი პრინციპით: პირეოსის (საბერძნეთი), ან სტამბულის (თურქეთი) პორტში შემოდის გემი 10 000 კონტეინერიანი გემი (ესაა პანამაქსი, ან პოსტპანამაქსი), გადაიტვირთება და შემდეგ ტვირთი ასე აღწევს საქართველოში.“ მხოლოდ გემის მარშრუტების ტრაქტორიითაც იოლი მისახვედრია ის ეკონომიკური სარგებელი, რის მოტანაც ანაკლიის პორტს შეუძლია.

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის თიბისი ჰოლდინგმა უკვე განახორციელა 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პორტის საბოლოო გახსნა 2021 წელს იგეგმება, თუმცა მანამდე, დეკემბერში პორტი პირველ გემს უკვე მიიღებს, - ასე გეგმავს ხაზარაძე.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე რომ ვისაუბროთ, უნდა ვახსენოთ ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის, სერ კლაივ ჯონსთოუნის განცხადებაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში, „აქცენტთან“ გააკეთა: „ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ბრწყინვალეა, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში. ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას მოუტანოს ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, ხოლო ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია,“- ასეთი გახლდათ ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაურის შეფასება.

პორტის პოლიტიკური მნიშვნელობა და წონაც, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით გაძლიერების შესაბამისად, ცალსახად გაიზრდება. ამდენად, ანაკლიის პორტი არა მხოლოდ ქართულ, არამედ რეგიონულ ჭრილში უნდა განვიხილოთ. თუმცა სანამ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მიმართულებით სარგებლიანობის კონდიციამდე მივალთ, პორტი ასაშენებელია. მის მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირი კი კინაღამ დამნაშავე.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ხაზარაძე პირველი ბიზნესმენი არაა, ვინც ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში შევიდა უკანასკნელ პერიოდში. „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი იმის შიშით, რომ შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს (რის პერსპექტივის თაობაზეც მინიშნებები გაისმა ხაზარაძესთან მიმართებითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან), საქართველოში აღარ ჩამოდის. ხაზარაძისა და ოქუაშვილის გზები თიბისი ბანკთან მიმართებით გასულ წელს გადაიკვეთა, როდესაც ბანკიდან ოთხი მილიონის პრივატულად და ქეშად, არასამუშაო დროს გატანის თაობაზე გახდა ცნობილი.

„ომეგა“ ჯგუფის ხელმძღვანელის მეუღლემ, პარლამენტის წევრმა ნატო ჩხეიძემ სწორედ ამის თაობაზე შეახსენა დღეს ხაზარაძეს: „სოლიდარული ვიყავი თქვენ მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბებისა, რა დღეშიც ახლა ხართ“. „ღირსი“ კი ხაზარაძე იმის გამო ჩათვალეს, რომ ის ოქუაშვილის მხარდამჭერი არ აღმოჩნდა.

მართალია, ბიზნესმენები მაინც პოულობენ დროს შიდა გარჩევებისა და წამოძახებებისთვის, მაგრამ ცხადია, რომ ბიზნესს საქართველოში ბედნიერი დღეები არ უდგას. სახელმწიფო ინსტიტუტები კი ავლენენ უნარებს იყონ მართულები სინქრონულად და სისტემურად - სასიკეთოდ თუ საჭირბოროტოდ, ამას დრო აჩვენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG