ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი ამბობს, რომ ყარაბაღის ომში 3 000 სამხედრო დაკარგა


მთიან ყარაბაღში 2 800 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ოფიციალური ბაქო ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აზერბაიჯანმა 44-დღიანი კონფლიქტის მიმდინარეობისას, გარდაცვლილთა რაოდენობა დაასახელა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბაღისთვის ბრძოლა 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს ზავით დასრულდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 100 სამხედრო მოსამსახურე უგზოუკვლოდ დაკარგულია, ხოლო 1 245 დაჭრილი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ 2 718 გარდაცვლილი ჯარისკაცის ვინაობას არკვევს და რომ მათ შორის შესაძლოა აზერბაიჯანელებიც იყვნენ.

კონფლიქტი მხარეებს შორის თავდაპირველად, საბჭოთა კავშირის დაშლის პირზე დაიწყო და 1994 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მაშინ კონფლიქტმა 30 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 1 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა, ძირითადად აზერბაიჯანელ მოსახლეობას.

ეთნიკურად სომხები, ტერიტორიას 1994 წლიდან აკონტროლებდნენ. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად მიიჩნევდა.

რუსეთმა ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, რეგიონში 2 000 მშვიდობისმყოფელი განათავსა. შეთანხმება ამ დრომდე არ განსაზღვრავს მთიანი ყარაბაღის საბოლოო სტატუსს.

ერევნის მიერ შეთანხმების და იარაღის დაყრის განცხადებამ, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ბაქოში კი შეთანხმება შეაფასეს, როგორც დიდი გამარჯვება. ბაქოს გადაწყვეტილებით, 8 ნოემბერი, როცა მათ ქალაქი შუშა დაიკავეს, „გამარჯვების დღედ“ გამოცხადდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG