ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ გაიმარჯვა ყარაბაღის ომში?


რუსი მშვიდობიმყოფებელი ქალაქ შუშასთან
რუსი მშვიდობიმყოფებელი ქალაქ შუშასთან

ქალაქი შუშა, მთიან ყარაბაღში, როგორც პირველ, ისე მეორე ომში გადაწმყვეტი იყო. 1992 წელს, აზერბაიჯანის მიერ შუშას დაკარგვა მისთვის ომის წაგების წინაპირობა გახდა. 2020 წელს კი ის მისი გამარჯვების გასაღებად იქცა. პირველი ომის შემდეგ, შუშა მიწასთან გაასწორეს. აზერბაიჯანელი მოსახლეობა კი იქიდან გაიქცა. ახლა ქალაქს, სომხები ტოვებენ.

ქალაქი შუშა
ქალაქი შუშა

ქალაქის დატოვებამდე მოსახლეობის ნაწილმა საკუთარი სახლები დაწვა, რათა ისინი აზერბაიჯანელების ხელში არ ჩავარდნილიყო.

10 ნოემბერს ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, ამჯერად ბაქოს გამარჯვებით. აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი და სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მოსაზღვრე რეგიონები დაიბრუნა. ადგილზე კი მოსკოვის შუამდგომლობით მოლაპარაკებული შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ.

ეს კიდევ უფრო განამტკიცებს მოსკოვის პოზიციებს კავკასიაში.

„რუსეთის ჯარი ახლა კავკასიის ყველა ქვეყანაში დგას. სომხეთში მოწვევით, აზერბაიჯანში, როგორც მშვიდობისმყოფელები და საქართველოში, როგორც ოკუპანტი. ეს არის რუსეთის მცდელობის ნაწილი განაახლოს წარმოდგენები, რომ ის იმპერიაა და სამხრეთ კავკასიაში გავლენა აქვს“ - ამბობს კურტ ვოლკერი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის ყოფილი დიპლომატი.

ერევანმა მტკივნეული, მაგრამ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის განცხადებით, აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო და იარაღი დაყარა.

ცეცხლის შეწყვეტა ეუთოს მინსკის ჯგუფის გარეთ მოხდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადასაჭრელად შეიქმნა და რომლის თანათავმჯდომარეებიც რუსეთი, შეერთებული შტატები და საფრანგეთი არიან. რუსეთის ჩარევამ, და მიღწეულმა შეთანხმებამ, დასავლეთის ქვეყნები თამაშგარე სიტუაციაში ჩააგდო, ხოლო რუსეთს ასპარეზი გაუხსნა.

რუსეთის ჯარი ახლა კავკასიის ყველა ქვეყანაში დგას. სომხეთში მოწვევით, აზერბაიჯანში როგორც მშვიდობისმყოფელები და საქართველოში როგორც ოკუპანტი.
კურტ ვოლკერი

„რუსეთს დიდი ხანია სურს ადგილზე საკუთარი მშვიდობისმყოფელების განთავსება“, - ამბობს პოლ სტრონსკი კარნეგის ფონდიდან. „ეს არ უნდა ყოფილიყო დიდი სიუპრიზი [ვაშინგტონისთვის], რადგან შეერთებული შტატები რეგიონში ეტაპობრივად ამცირებდა ჩართულობას და ამ კონფლიქტისადმი მისი ძალზედ დაბალი ინტერესი ვიხილეთ“, - განმარტავს ის.

ზოგმა მოსკოვის მიერ მოლაპარაკებული შეთანხმება შეაფასა, როგორც მისი გამარჯვება. თუმცა ერევანში, მოსკოვის პასუხმა და კონფლიქტის განახლებასთან ერთად მისმა პასიურობამ, ბევრი უკმაყოფილო დატოვა. ამ ფონზე, რუსული მედია ცდილობს მოსკოვის როგორც „მხსნელის“ წარმოჩენას.

„[სომხები] ფიქრობენ, რომ რუსეთმა მათ მხარი არ დაუჭირა ისე, როგორც მოელოდნენ. ეს რუსეთის მიმზიდველობას ამცირებს და შეიძლება ზრდიდეს დასავლეთთან უფრო აქტიური ჩართულობის სურვილს. თუმცა, ეს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივაა. მოკლევადიან პერიოდში კი მომხდარმა სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება გაზარდა“, - თქვა კურტ ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ეს არ უნდა ყოფილიყო დიდი სიუპრიზი [ვაშინგტონისთვის], რადგან შეერთებული შტატები რეგიონში ეტაპობრივად ამცირებდა ჩართულობას.
პოლ სტრონსკი

მოსკოვის პოპულარობა სომხეთში უკვე დიდი ხანია იკლებს, განსაკუთებით "ელექტრიკ ერევანის" და გიუმრის ტრაგედიის შემდეგ."კავკასიის ბარომეტრის" კვლევის მიხედვით, 2019 წელს სომხეთის მოსახლეობის 57 პროცენტი აღიქვამდა რუსეთს პოზიტიურად, მაშინ როცა 2013 წელს ამ მოსაზრებას მოსახლეობის 83 პროცენტი იზიარებდა. ეს კი დასავლეთისთვის ქმნის შესაძლებლობას უფრო აქტიურად ჩაერთოს სომხეთთან ურთიერთობებში.

„ვფიქრობ [განწყობების კუთხით], რუსეთმა, მაგრამ ასევე დასავლეთმა, დარტყმა მიიღო. მართალია, რუსეთის სამოკავშირეო ალიანსი სომხეთთან ყარაბაღს არ მოიცავს, მაგრამ... ბევრი კითხვა გაჩნდა იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს ალიანსი“, - აცხადებს პოლ სტრონსკი.

ყარაბაღი, რომელიც თითქმის 30 წელია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ კონტროლდება, ერევნისთვის მთავარი პოლიტიკური საკითხი იყო. მის გარშემო კომპრომისის შესაძლებლობას ბევრი პოლიტიკოსი შეეწირა. ახლა, ამ საფრთხის წინაშე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინინია. ერევნის ქუჩებში მის გადადგომას ითხოვენ.

წლების განმავლობაში, ყარაბაღის ელიტა, ერევანში ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტს იკავებდა. თუმცა, გადამწყვეტი ბრძოლა ყარაბაღისთვის ნიკოლ ფაშინიანს მოუხდა, რომლის კავშირები ყარაბაღთან მწირია.

რუსული სამხედრო ტექნიკა ყარაბაღში
რუსული სამხედრო ტექნიკა ყარაბაღში

„ფაშინიანმა ბევრი შეცდომა დაუშვა. ის, როგორც მან შეთანხმება გამოაცხადა, ძალზედ წარუმატებელი იყო. მან სომხეთის მოსახლეობა არ მოამზადა ამისთვის. ყველა გაკვირვებული დარჩა. ის დემონსტრანტების წინააღდეგ მწვავე რიტორიკას იყენებს, რამაც მის პარტიაში ზოგიერთის გარიყვა გამოიწვია, ბევრმა თანამდებობა დატოვა“, - თქვა პოლ სტრონსკიმ.

ფაშინიანმა ბევრი შეცდომა დაუშვა.
პოლ სტრონსკი

ფაშინიანი ამ დრომდე გადადგომას არ გეგმავს და მიუხედავად მოსახლეობის უკმაყოფილებისა, პოსტზე რჩება. ერთი ვერსიით, მოსკოვის პასიურობა დახმარებოდა სომხეთს სწორედ ფაშინიანის ფიგურას და დემოკრატიულ რევოლუციას უკავშირდება, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.

„ეს იყო [რუსეთის] გზავნილი ფაშინიანის მიმართ, რომ ის ვერ იქნება ზედმეტად დამოუკიდებელი, ვერ იქნება ზედმეტად პროდასავლური, რადგან საბოლოოდ, მისი ქვეყანა რუსეთის მხარდაჭერას ეყრდნობა და ის პირადად, მისი პოლიტიკური პოზიციაც, რუსეთის მხარდაჭერაზეა დამყარებული. ეს იყო რუსეთის გამაფრთხილებელი გზავნილი სომხეთისადმი“, - ამბობს ვოლკერი.

კიდევ ერთი ფაქტორი თურქეთია. ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ყარაბაღის საზღვრის გასწვრივ, საკუთარი სამხედროები განათავსოს, თუმცა ამას მოსკოვი ეწინააღმდეგება. ორი ძალა რეგიონში ერთმანეთის საპირწონედ გავლენის გაზრდას ცდილობს მაშინ, როცა დასავლეთში ჯერ ისევ ყოყმანობენ.

ეს იყო რუსეთის გზავნილი ფაშინიანის მიმართ, რომ ის ვერ იქნება ზედმეტად დამოუკიდებელი, ვერ იქნება ზედმეტად პროდასავლური.
კურტ ვოლკერი

„თურქეთი დარჩება ფაქტორად რეგიონში. რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს უპირისპირდება სირიაში, ლიბიაში და ახლა უკვე აქ. ვფიქრობ, ის, რასაც ადრე ყოფილ საბჭოთა კავშირის რუსეთის უკანა ეზოს ვეძახდით, იცვლება. იცვლება წარმოდგენები ტერიტორიულ და გეოგრაფიულ დაყოფაზე, თუ რა არის რუსეთის რა თურქეთის უკანა ეზო, [რადგან] ვხედავთ რუსეთს ხმელთაშუაზღვისპირეთში და თურქეთს კავკასიაში“, - აცხადებს პოლ სტრონსკი.

ომის შემდგომი სურათი დამთრგუნველია: ჯარისკაცთა გვამები გზებზე, მოსახლეობა, რომელიც საკუთარ სახლებს ტოვებს და ასობით დაღუპული. ბაქოში კი გამარჯვებას და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას ზეიმობენ. აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო ადგილზე დევნილების დაბრუნება.

ომი დასრულდა, თუმცა მომავალი ბუნდოვანია. რთულია იმის თქმა, არის, თუ არა ეს ბოლო ბრძოლა შავი ბაღისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG