ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შავი ბაღის“ ჩრდილები საქართველოზე


საქართველოს ორ მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოს შორის, საუკუნეების განმავლობაში არსებული უთანხმოების ცხელი ხაზი კვლავ „შავ ბაღზე“ გადის. მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მუდმივ დაძაბულობას ქმნის, ისტორიული ცნობებისა და მტრობის გათვალისიწნებით, ამ ორ ხალხს შორის არსებული შუღლის მხოლოდ თანამედროვე გამოვლინებაა.

საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ სომეხ და აზერბაიჯანელ ერებს შორის არსებული მიუღებლობის მსგავსს, მხოლოდ ებრაელებსა და პალესტინელებს შორის არსებულ ურთიერთობას თუ მოაგონებს.

სწორედ ამ განწყობების გამოც, როდესაც საუბარია მიმდინარე დაპირისპირების დეესკალაციაზე, ანალიტიკოსები, ძირითადად, მხოლოდ დეესკალაციას, დაძაბულობის ჩაცხრომას და ღია ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობენ. თითქოს, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ორი მეზობელი სახელმწიფო, უახლოეს მომავალში მაინც, მშვიდობიან თანაარსებობას, კეთილმეზობლურ ურთიერთობას შეძლებს.

„ამერიკის ხმასთან“ ებრაულ და პალესტინურ ანალოგიებზე საუბრისას, თორნიკე შარაშენიძეს სრულიად საპირისპირო მაგალითად, ქართულ-რუსული უერთიერთობები მოჰყავს. საინტერესოა და უთუოდ სხვა მსჯელობის საგანია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ჩვენი დროის მტერია, ოკუპირებული აქვს ქვეყნის ორი რეგიონი და ისტორიულად მტრობდა ქართულ სახელმწიფოებრიობას, კულტურას, რწმენას, ერის ინტელექტუალურ რესურსს, ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობა არასდროს შემწყდარა.

ეს მოცემულობა სრულიად უცხოა სომხებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის. ოფიციალური პირები ერთმანეთს მხოლოდ ნეიტრალურ ტერიოტრიებზე, საერთაშორისო ფორუმებზე, თუ სხვადასხვა პლატფორმებზე ესაუბრებიან. ასეა ხალხთაშორის ურთიერთობაც. მაგალითად, ქართულ საზოგადოებაში ისინი, საქართველოს ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები, სრულიად მშვიდობიან თანაცხოვრებას ახერხებენ. იდეოლოგიური და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ხელს, ძირითადად, კრიტიკულ სიტუაციებში გააქტიურებული დეზინფორმაციის კამპანია თუ უწყობს ხოლმე, მაგრამ ამაზე ვრცლად ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ.

რა ხდება ახლა?

მცირე რამ მიმდინარე დაპირისპირების შესახებ. ორ კვირაზე მეტხნიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 ოქტომბერს, მხარეები ლავროვის მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველი შეხვედრის შედეგები ხანმოკლე აღმოჩნდა. მალევე, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს მარტივად პროგნოზირებადი იყო იმდენად, რამდენადაც შეხვედრის წინ, ორივე ქვეყნის პირველმა პირებმა, საკუთარი პრინციპული პოზიციების შესახებ, ოფიციალურად განაცხადეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განმარტა, რომ მოლაპარაკებების განახლება, სომხეთთან რაიმე სახის დათმობაზე წასვლას გამორიცხავდა. უკომპრომისო იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციაც. ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ კონფლიქტის ამოწურვის ერთადერთი გზა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სადავო რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებაა. საერთაშორისო სამართლის ნორმებით კი, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიის ნაწილია.

კიდევ ერთი რამ, რაც მიმდინარე მოვლენებში ანალიტიკოსებისთვის მარტივი გასათვლელი აღმოჩნდა, რუსეთის ინტერესები და სტრატეგიული გეგმები იყო. თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების პროფესორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ რუსეთი დაპირისპირებული მხარეების დასუსტებას ელოდება.

„მას [რუსეთს] უნდა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, როცა ორივე დასუსტდება და განსაკუთრებით - სომხეთი, რომელიც მისი სამხედრო მოკავშირეა. მას, როგორც ჩანს, გულზე დიდად არ ეხატება ფაშინიანის ხელისუფლება. განსაკუთრებით - მისი საგარეო კურსი, რომელიც უფრო ბალანსირებას გულისხმობდა, დასავლეთსა და რუსეთს შორის. ალბათ, ისინი [რუსეთი] ელოდებიან, როდესაც აზერბაიჯანი ცოტა წინ წაიწევს და სომხეთის ხელისუფლებას არ ექნება რესურსი, გარდა იმისა, რომ უბრალოდ [რუსეთს] პირდაპირ დაცვა და ჩარევა თხოვოს. ჩვენ ვიცით, რომ ეს რუსეთს ძალიან ადვილად შეუძლია. უბრალოდ შეუძლია გამოაცხადოს, რომ იქ მისი მოქალაქეები იბომბება. ან, ნებისმიერი კონტექსტი მონახოს, რაც რა თქმა უნდა, ძალთა ბალანსს აუცილებლად შეცვლის. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი ელოდება იმ გადამწყვეტ მომენტს, როცა აზერბაიჯანი გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და შემდეგ შეასრულოს, ასე ვთქვათ, მედიატორის როლი“ - აცხადებს კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია მთიან ყარაბაღში რუსეთის მიზნებზე საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:28 0:00

გასულ კვირაში, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა ამბოდა, რომ რუსეთის საბოლოო მიზანი, შესაძლოა, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების განლაგება ყოფილიყო. ზუსტად ისე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში ჰყავდა განლაგებული. ამისთვის კი რუსეთს უალტერნატივო მომრიგებლისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა სურს. ვაშინგტონში, რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში განთავსების პერსპექტივა აშფოთებთ. სწორედ - ქართული მაგალითების გამო.

„შავი ბაღის“ ჩრდილები საქართველოზე

რა საფრთხეებს ქმნის საქართველოსთვის მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება და როგორია საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია? რას ითვალისწინებს საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტებიდან მომიდნარე საფრთხეების შესახებ? „ამერიკის ხმა“, ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს რამდენიმე დღის წინ ესაუბრა.

მთიანი ყარაბაღი საქართველოს საზღვართან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე, მაგალითად, თბილისიდან ქუთაისი, მით უფრო ბათუმი, მხოლოდ - 200 კმ. „შავ ბაღში“ კი დეესკალაციის ნიშნები არ ჩანს, რაც რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის.

მთიანი ყარაბაღი - საფრთხეები საქართველოსთვის
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:40 0:00

ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ორ ქვეყანას შორის, „ომი აქტიურ ფაზაშია“ და მისი თქმით, დაპირისპირებულ მხარეებს უკან მდგარი ძალების გათვალისწინებით, როგორებიცაა რუსეთი, თურქეთი, ირანი და „სხვა ძლიერი სახელმწიფოები“, კონფლიქტს კატასტროფული შედეგების პოტენციალი აქვს, არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ - მსოფლიოსთვის.

ყველა ვხვდებით, რომ ეს კონფლიქტი, შესაძლოა, ძალიან მძიმე მსოფლიო დაპირისპირებაში გადაიზარდოს - მე ვგულისხმობ თურქეთს, რუსეთს, ირანს, ასევე სხვა ძლიერ სახელმწიფოებს
ირაკლი სესიაშვილი

სესიაშვილისთვის, საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად, დამაიმედებელი არ არის დაპირისპირებულ მხარეთა რიტორიკა. სწორედ ამიტომ, ვეცადეთ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პასუხი მოგვესმინა კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს საქართველოს მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზრდება და რუსეთი საქართველოსგან სამხედრო ან ჰუმანიტარულ დერეფანს მოითხოვს.

„ზოგადად, ჩვენი ქვეყანა, მთავრობა, უსაფრთხოების საბჭო მუშაობს და რამდენიმე წლის წინ ნამუშევარი არის კიდეც, ასეთი მოვლენების სხვადასხვა განვითარებაზე და შესაბამის მოვლენებზე. სხვათაშორის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციაშიც კი არის აღნიშნული, რომ მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტი და ამ კონფლიქტში საქართველოს ჩაყოლა ან გადმოდინება, ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ეს ვერსიები, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაანალიზებული გვაქვს პარტნიორებთან. მე არ მინდა, ამ შემთხვევაში, თქვენს კითხვაზე კონკრეტული პასუხი მქონდეს. შემიძლია გითხრათ, რომ ცხადია ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ალბათობა, რომ სიტუაცია ასე გართულდეს, არ მგონია, რომ ძალიან მაღალი იყოს. თუკი ძლიერი აქტორები ჩაერთვებიან როგორც მხარეები, ეს ძალიან სერიოზულ კატასტროფამდე მიიყვანს მთლიანად რეგიონს და შეიძლება მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტი წარმოიქმნას.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. ეს თემა ჩვენს პარტნიორებთანაც გავლილია, იმიტომ რომ ჩვენი უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, ეს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და ამ მიმართულებით ყველა სახელმწიფო შესაბამისი უწყება ვალდებულია თავისი პოზიციები დამუშავებული ჰქონდეს. ცხადია, ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება არა როგორც ერთი ქვეყნის, არამედ ეს იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილეიზებული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ვიმედოვნებთ, რომ აქამდე არ მივალთ. და მეტიც, ის რეაქციები, რაც იკითხება ამ მომენტისთვის - ერთობლივი განცხადება შეერთებული შტატების, საფრანგეთის, რუსეთის. და ეს ქვეყნებიც ჩვენ პოზიციას ხედავენ. ამ ფონზე, ამის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. თეორიულად, რა თქმა უნდა მოლოდინები უნდა გვქონდეს, და რა თქმა უნდა, აქაც ჩვენი ინტერესია, რომ ძალისმიერი დაპირისპირება, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი „ამერიკის ხმასთან“.

საქართველო კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი. ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდა დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფალი. მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სივრცე საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამაც შესთავაზა.

ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დეკლარირებულ ნეიტრალიტეტს, გაგებით ეკიდება და უფრთხილდება კიდეც, ოფიციალური ერევანი და ბაქო.

„რაც შეეხება ჩვენს ერთგვარ ნეიტრალიტეტს, ეს აბსოლუტურად გასაგებია აზერბაიჯანის და სომხეთის მთავრობებისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედის. არავის არ სურს, რომ საქართველო წარმოაჩენდეს მხარეს. არავის არ სურს, საქართველოში სიტუაციის გამწვავებით, რეგიონს პრობლემები შეექმნას, კიდევ უფრო დაუმძიმდეს.

ამიტომ, ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ორივე მთავრობასთან და ავუხსენით ჩვენი დამოკიდებულება. ხაზს ვუსვამთ ჩვენს კეთილმეზობლობას, პრობლემებს ვხედავთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემები მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით უნდა გადაიჭრას. ამიტომ, ჩვენი ნეიტრალიტეტი, ჩვენი განაცხადი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მწვავე დაპირისპირების დროს, არ გატარდება სამხედრო ტვირთები, მათთვის გასაგებია და ამას გაგებით ეკიდებიან.

მე ვიტყოდი, რომ ამ ჩვენს ნეიტრალიტეტს, ეგრეთ წოდებულს, უფრთხილდებიან კიდეც. იმიტომ, რომ არ არის საჭირო რეგიონში ჩვენი სახით რაიმე დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება და ამის არანაირი საფუძველიც არ გაგვაჩნია. ამიტომ, ბუნებრივიც იყო, რომ ჩვენ შევთავაზეთ ორივე მხარეს, საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, თბილისი გამოყენებულიყო მოლაპარაკების ადგილად.

საერთო ჯამში, ვაკვირდებით, ვერ გეტყვით, რომ მშვიდად გვძინავს, იმიტომ, რომ თუ დროულად არ მოხდა ამ პროცესის მშვიდობიანად ტრანსფორმირება, რა თქმა უნდა, პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდება და გართულდება. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების მიმართვებს, მოწოდებებს და აქვე, კიდევ ერთხელ, ორივე ქვეყნის წარმომადეგნელბს გულწრფელად განვუმარტავთ, რომ ჩვენ არ ვართ მხარე, საქართველო არ არის მხარე. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში ჩვენი თანამოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები, ჰარმონიულად ცხოვრობენ და ყოველთვის ვიქნებით მათი და ჩვენი საერთო ინტერესებისა და უფლებების დამცველი.

მე ვთხოვდი, რომ ამ რთულ ვითარებაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მათ შორის, ისინიც, ვინც საქართველოში ერთად ცხოვრობენ და ასევე საქართველოს პოზიცია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, მიიღონ როგორც სწორი. შეიძლება, ვიღაცას მგრძნობიარე პრობლემიდან გამომდინარე, სურდეს, რომ საქართველომ რომელიმე მხარის პოზიცია დაიჭიროს, მაგრამ ეს დაუშვებელია და არც ამის სურვილი გვაქვს.

ეს არის ჩვენი პოლიტიკური, პრინციპული პოზიცია, რომელსაც უფრთხილდებიან ჩვენი მეზობელი ქვეყნების მთავრობები და ხვდებიან, რომ ჩვენი ეს პოლიტიკა არის საერთო ინტერესის მატარებელი. ეს ინტერესი არის - მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში. ომს მოაქვს უბედურება, ომს მოაქვს სიკვდილი, ომს მოაქვს ზიანი, ომს მოაქვს შემდგომი, ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები“ - აცხადებს სესიაშვილი.

ექსპერტული მოსაზრება საფრთხეების შესახებ

ნეტირალიტეტის მიმართ, სომხურ-აზერბაიჯანული განწყობების თაობაზე, სკეპტიკურადაა განწყობილი კორნელი კაკაჩია. პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ამბობს, რომ საქართველო ორივე მხრიდან პოლიტიკურ და მორალურ წნეხს განიცდის.

„მიუხედავად იმსა, რომ შეიძლება თბილისში დღეს არ იგრძნობა ეს კონფლიქტი, თუ მან სომხეთსა და აზერბაიჯნს შორის სრულმასშტაბიანი დაპირისპირების სახე მიიღო, მაშინ ეს, სამწუხაროდ, საქართველოზე სხვადასხვა ასპექტებით იქონიებს გავლენას. პირველ რიგში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ნეიტრალური მხარე ვართ და ამის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება. იმიტომ, რომ ორივე მხარე ახორციელებს როგორც მორალურ, ასევე პოლიტიკურ ზეწოლას და საქართველო გარკვეულწილად წნეხს განიცდის. ასევე, ჩვენ რასაც ვამჩნევთ, ბოლო დღეებში ის არის, რომ ხდება ჩვენი მოქალაქეების, ეროვნული უმცირესობების ინსტრუმენტალიზაცია ორივე მხარის მხრიდან, რათა ისინი ჩაერთნონ პროცესში, რაც ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. არაფრით არ უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი“ - აცხადებს კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია რუსული საფრთხეების შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

ის ასევე საუბრობს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე იმ შემთხვევაში, თუ მას სამხედრო კორიდორი დასჭირდება და ამას საქართველოსგან მოითხოვს. კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ქართული დიპლომატია საერთაშორისო პარტნიორებთან, პრევენციულ სამუშაოებს უნდა ატარებდეს.

„თუ დაიძაბა სიტუაცია და რუსეთმა მოინდომა ჩარევა, აქ რისკები ჩნდება - რუსეთს საკუთარი ჯარების გასატარებლად კორიდორი სჭირდება. აქ რას ვშვრებით? ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო დამოუკიდებლად ვერ შეძლებს რუსეთის ჯარის შეჩერებას. მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და გვაქვს უფლება, საერთოდ არ გავატაროთ. მაგრამ, ამ დროისთვის საჭიროა, რომ ქართულმა დიპლომატიამ უკვე აქტიურად იმუშაოს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ევროკავშირთან, აშშ-თან, ნატოსთან უნდა იყოს სათანადო კომუნიკაცია, რათა ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ორჯერ დაფიქრდეს, ვიდრე რამეს გადაწყვეტდეს.

მისთვის [რუსეთისთვის] ეს დაკავშირებული უნდა იყოს ძალიან დიდ, კრიტიკულ რისკთან. მან უნდა იცოდეს, რომ შეიძლება საფასურის გადახდა მოუწიოს ისე, როგორც უკრაინაში. ამ კუთხით არის ქართული დიპლომატიის ძალისხმევა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ორივე მხარეს მაინც მოლოდინი აქვს, რომ საქართველო რომელიმე მხარეს გადაიხრება და ჩვენ ვხედავთ თავშეუკავებელ პროპაგანდას ორივე მხრიდან სოციალურ ქსელებში, როცა ისინი ცდილობენ გამოიწვიონ ემოციური ბმა, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, რასაც სახელმწიფოს მხრიდან პასუხი სჭირდება."

საინფორმაციო ომი - დეზინფორმაცია და ყალბი ახალი ამბები

კიდევ ერთი ომი, რომელშიც, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობს, საინფორმაციო ომია. ირკვევა, რომ სოციალურ ქსელებში დაწყებული დეზინფორმაციის კამპანია ყურადღების მიღმა არც ხელისუფლებას რჩება.

„თვალსაჩინოა საინფორმაციო ომი, რომელსაც ორივე მხარე ეწევა. ასევე აქტიურობენ დიასპორები და აბსოლუტურად მესმის მათი მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, რიგითმა მოქალაქეებმა, ასჯერ უნდა გავზომოთ ჩვენი სიტყვა და მერე წარმოვთქვათ. იმიტომ, რომ მაქსიმალური თავშეკავება და მოფრთხილება გვმართებს ჩვენი მეზობლების წარმომადგენლების იმ ემოციების, რომელიც შეიძლება პიკზე არის.

ირაკლი სესიაშვილი დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:13 0:00

კიდევ ერთხელ, მიგვაჩნია, რომ ეს ომი არასწორია იმ თვალსაზრისით, რომ სიკვდილი ომს მოაქვს. გვინდა, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა იყოს. პრობლემას ვხედავთ, არ არის ისე რომ ამ პრობლემებზე გვინდა თვალი დავხუჭოთ. საერთაშორისო საზოგადოებას მოეთხოვება, ვისაც ამის მეტი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, უფრო აქტიური იყოს. ჩვენ დაგვრჩა, საქართველოზე ვსაუბრობ, მოთმინებით გავეცნოთ, მათ შორის დეზინოფრმაციას, იმიტომ რომ თუკი ამ დეზინფორმაციის, პროპაგანდის, „ფეიკნიუსების“ მიზანი არის საქართველოს ერთგვარი ცუდ კონტექსტში წარმოჩინება, ცხადია ჩვენ ამას არ ავყვებით.

რა თქმა უნდა, იქ სადაც საჭიროა, ჩვენ ოფიციალურ დონეზე პასუხს გავცემთ. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი მშვიდობის მხარეს უნდა ვიყოთ. მოთმინებით უნდა მივუდგეთ საკითხს და რა თქმა უნდა იქ, სადაც საჭირო არის, დეზინფორმაციაზე, „ფეიკნიუსზე“ გვქონდეს სწორი რეაქცია. მაგრამ, არა ემოციებით დატვირთული. ცივ გონებაზე, მხოლოდ შინაარსზე ორიენტირებული რეაქციები, ცხადია, გვექნება“ - ამბობს სესიაშვილი და მადლობას უხდის საქართველოს ეთნიკურ სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას იმისთვის, რომ „ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას უფრთხილდებიან.“

მედიამკვლევარი ლაშა ქავთარძე, მიმდინარე მოვლენების ფონზე, სოციალურ ქსელში გააქტიურებულ დეზინფორმაციის კამპანიას აკვირდება. მისი თქმით, მსგავს ვითარებებში, დეზინფორმაციის გავრცელებით დაინტერესბული სუბიექტები თუ სახელმწიფოები, ცდილობენ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. ლაშა ქავთარაძის თქმით, ამ ზოგადი ტენდენციისგან, არსებითად არც ეს სიტუაცია განსხვავდება. ამიტომ ფიქრობს, რომ ხელისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს, დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად გარკვეული სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმის მოხერხება, რომ ადამიანებმა არასდროს დაიჯერონ დეზინფორმაცია, ან არასრული ინფორმაცია. ინფორმაციის თავისუფლად გაცვლა ხდება და ამ პირობებში თითქმის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება აკონტროლო ეს ყველაფერი. კონტროლის ნაცვლად, მე ვიტყოდი, რომ სწორი მიდგომა იქნებოდა ის, რომ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, იგივე მთავრობებმა, უფრო აქტიური კომუნიკაცია დაამყარონ მოსახლეობასთან; უფრო აქტიურად გაავრცელონ თავისი მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ტიპის დეზინფორმაცია ვრცელდება.

ლაშა ქავთარაძე დეზინფორმაციის შესახებ საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:21 0:00

დეზინოფრმაციაც, როგორც წესი, ომის შემადგენელი ნაწილია. მართალია, საქართველო ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და არაა ჩაბმული ამ კონფლიქტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციებში, საქართველოს მთავრობას და ქართულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული სტრატეგია, რომლითაც მოხდება სწორი მესიჯების მიწოდება მოსახლეობამდე და სტრატეგია ამ დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად“ - აცხადებს ქავთარაძე.

მედიამკვლევარი, მსგავს სიტუაციებში, მედიის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„მედიებმა უნდა გაითვალისწინონ თემის სენსიტიურობა. ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოს ზალიან ბევრი მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი ან სომეხია. ეს ადამიანები, ამ სიტუაციაში გაცილებით უფრო სენსიტიურები არიან, ამიტომ, ყოველი ინფორმაცია, რომელიც მათ ეთერში გადის, შეიძლება უფრო მეტ რეაქციას იწვევდეს, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში გამოიწვევდა. მედიებმა, არ უნდა გამოიყენონ ტერმინები, რომლებმაც შესაძლოა რომელიმე მხარის გაღიზიანება გამოიწვიოს. ასევე, არ უნდა გამოიყენონ ტერმინები, რომლებმაც შესაძლოა სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსაც შეიძლება სურდეს ამ სიტუაციიდან გარკვეული სარგებლის მიღება, უაპელაციოდ არ დაუთმონ ტრიბუნა და არ მისცენ მას საშუალება, მათი, როგორც მედიუმის გავლით, ასეთ სენსიტიურ დროს, არასენსიტიური გზავნილები გაავრცელოს“- ამბობს მედიამკვლევარი.

ცოტა ხნის წინ, 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ თაოსნობით, სამშვიდობო მანიფესტი გაავრცელა. მანიფესტის ხელმომწერები, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, „ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში; უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის; გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები, სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით.“

მანიფესტი მოიცავს მიმართვას სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული მედიის მიმართაც. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, სამშვიდობო მანიფესტი საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან წაიკითხეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG