ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი


ამერიკის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, კონგრესმენი ლიზ ჩეინი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს დონალდ ტრამპის კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით არჩევისთვის ხელის შესაშლელად. ჩეინი ამბობს, რომ ის უახლოეს თვეებში გადაწყვეტს, იყრის თუ არა თავად კენჭს პრეზიდენტად. ის სამშაბათს ვაიომინგის შტატში გამართულ, შუალედური არჩევნების პრაიმერებში სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან დამარცხდა.

სენატორი ლისა მურკოვსკი, კიდევ ერთი რესპუბლიკელია, რომელიც პრაიმერებში მონაწილეობდა და კონგრესში ალასკის წარმომადგენლის პოზიციისთვის იბრძოლებს. ლიზ ჩეინისგან განსხვავებით, მან პრაიმერებში დაამარცხა დონალდ ტრამპის მიერ მხადაჭერილი კანდიდატი.

ჩეინის მარცხი ტრამპის მიერ მხარდაჭერილ ჰარიეტ გაგემანთან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ყოფილი პრეზიდენტისთვის იმ ბრძოლაში, რომელიც მან მის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებს გამოუცხადა. განსაკუთრებით კი იმ თანაპარტიელების მიმართ, რომლებმაც კაპიტოლიუმზე ტრამპის მარდამჭერების თავდასხმის შემდეგ მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი. თავად ჩეინიმ, რომელიც 6 იანვრის მოვლენების საგამოძიებო კომიტეტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, პრაიმერების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის ვერ მისცემდა პრეზიდენტ ტრამპს უფლებას გაეგრძელებინა 2020 წლის არჩევნების შესახებ სიცრუის გავრცელება.

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერების დასრულების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ჩეინიმ მიანიშნა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა ჯერ არ დასრულებულა. მან აბრაამ ლინკოლნის მაგალითი მოიყვნა, რომელმაც სენატორობისთვის ბრძოლა წააგო, მაგრამ "ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები" - საპრეზიდენტო რბოლა მოიგო.

XS
SM
MD
LG