ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებამ შესაძლოა მალე გაიგოს, რა დოკუმენტები წაიღო ტრამპმა თეთრი სახლიდან


მერიკ გარლანდი, აშშ-ის გენერალური პროკურორი
მერიკ გარლანდი, აშშ-ის გენერალური პროკურორი

ამერიკის ფედერალური აგენტები დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ეძებდნენ. ამის შესახებ "ვაშინგტონ პოსტი" წერს. გამოცემის თანახმადვე, უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა გამომძიებლებმა ის დოკუმენტები, რომლებსაც ეძებდნენ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს მოსამართლისგან ტრამპის მარალაგოს რეზოდენციის ჩხრეკის ორდერის გასაჯაროება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ფაქტი პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. ეს მოთხოვნა ნიშნავს, რომ საზოგადოებას მალე მეტი ეცოდინება იმის შესახებ, თუ რას ეძებდნენ ამ უპრეცედენტო ჩხრეკისას გამომძიებლები ყოფილი პრეზიდენტის სახლში.

ჩხრეკა იმ გამოძიების ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტი ცდილობს დაადგინოს, წაიღო თუ არა დონალდ ტრამპმა და მისმა გუნდმა თეთრი სახლიდან ის დოკუმენტები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებიდან არ უნდა გასულიყო. იუსტიციის დეპარტამენტი ამბობს, რომ ამ დოკუმენტთა ნაწილი გასაიდუმლოებული მასალებია.

გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მან ამ ჩხრეკის უფლება პირადად გასცა. იუსტიციის დეპარტამენტი იმ დოკუმენტების თუ ნივთების სიის გასაჯაროებასაც გეგმავს, რომლებიც ჩხრეკისას ამოიღეს.

"დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას ადვილად არ იღებს. სტანდარტული პრაქტიკის თანახმად, ჩვენ ვეძებთ ნაკლები ჩარევის საშუალებით იგივე მიზნის მიღწევას და ჩხრეკის ალტერნატიული გზების გამოყენებას", - ამბობს გენერალური პროკურორი.

XS
SM
MD
LG