ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის წინ, ტრამპი დიდი კრიმინალური გამოძიებების პირისპირაა


იმ დროს, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მტკიცედ მიანიშნებს თეთრი სახლისთვის 2024 წლის კამპანიაში ჩართვაზე, ის ფედერალური და შტატის დონის დიდი კრიმინალური გამოძიებების წინაშეა, რომელიც 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მის ქმედებებს სწავლობს.

ორშაბათს, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ფლორიდაში, ტრამპის მარალაგოს მამულში ჩატარებული უპრეცედენტო ჩხრეკა იმის ბოლო მაჩვენებელია, რომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გამომძიებლების ყურადღების ცენტრშია. გავრცელებული ცნობების თანახმად, გამომძიებლები ეძებდნენ საიდუმლო დოკუმენტებს, რომელიც მას შესაძლოა ვაშინგტონიდან გასულ წელს წაეღო.

ჩხრეკა სასამართლოს ნებართვით ჩატარდა და სავარაუდოდ იუსტიციის დეპარტამენტის უმაღლეს დონეზე სანქცირება მოხდა, მაგრამ გამომძიებლების მიერ ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის დეტალები ან მისი დასაბუთება ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არ არის. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ჩხრეკის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია.

1978 წლის საპრეზიდენტო ჩანაწერების აქტის თანახმად, ყველა პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ჩანაწერები, თანამდებობის დატოვების შემდეგაც კი საჯარო კუთვნილებაა. კანონი გულისხმობს, რომ დოკუმენტები ეკუთვნის ამერიკულ საზოგადოებას და არა პირებს, რომლებიც ქვეყნის ლიდერად მსახურობდნენ.

თეთრი სახლის დატოვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ტრამპმა ეროვნულ არქივს დოკუმენტების 15 ყუთი დაუბრუნა. ითქვა, რომ იქ ზოგიერთი საიდუმლო ქაღალდიც იყო. მაგრამ გამომძიებლებმა, რომლებმაც ტრამპის ფლორიდის სახლში მისი კაბინეტი გაჩხრიკეს და სეიფი გახსნეს, წაიღეს მეტი დოკუმენტი, რომელიც იანვარში არ დაბრუნებულა.

ტრამპმა ჩხრეკა, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიებები დააკნინა, როგორც მცდელობა, რომ მას 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება წაართვან.

„ასეთი რამ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს არასდროს შემთხვევია“, თქვა ტრამპმა იმის მტკიცებით, რომ ჩხრეკა იყო შედეგი „პროკურატურის გადაცდომის, იუსტიციის სისტემის იარაღად გადაქცევის და რადიკალი მემარცხენე დემოკრატების თავდასხმის, რომლებსაც საშინლად არ უნდათ, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო რბოლაში ჩავერთო“.

მან განაცხადა, რომ ასეთი მოვლენა „მხოლოდ შეუმდგარ, მესამე სამყაროს ქვეყნებში შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, ამერიკა ახლა ერთ-ერთ ასეთ ქვეყნად იქცა, ყველა დონეზე კორუმპირებულად, როგორიც არასდროს უნახავთ“.

ტრამპს რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის ბევრი მიმდევარი ჰყავს, თუმცა სხვა რესპუბლიკელი ოფიციალური პირები, მათ შორის ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და სხვები ფართოდ მიანიშნებენ, რომ შეიძლება რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოლონ.

XS
SM
MD
LG